ნადური, კალოს ხელხვავი, ხასანბეგურა, აგიდელა, ორირა… მამათის ცნობილი ანსამბლი 50 წლისაა! ვინ დაარქვა სახელი „ხელხვავს“? 1973 წელს დაწყებული წარმატებებით ხვავრიელი ისტორია

|

Loading

მამათის სახალხო ანსამბლი „ხელხვავი“ 50 წლისაა!

მამათის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი “ხელხვავი” 50 წლის გახდა. მისი დაარსების იდეა ეკუთვნის მამათის მკვიდრს, პოეტ ჯემალ დობორჯგინიძეს და ასევე, ანსამბლის წევრს, სახალხო მთქმელ რევაზ როყვას. ანსამბლი თავიდანვე ითვლებოდა, როგორც საკოლმეურნეო და მას დახმარებას უწევდა მამათის კოლმეურნეობის თავმჯდომარე პრომეთეოს შევარდნაძე.

სახელი „ხელხვავი“ დაარქვა ჯემალ დობორჯგინიძემ. ანსამბლი სრულად 1973 წელს ჩამოყალიბდა, რომლის პირველი ლოტბარი გახლდათ ქართული ხალხური სიმღერების დიდოსტატი _ ანზორ ვლასას ძე ტუღუში (1940-93). მას დამთავრებული ჰქონდა ოზურგეთში არსებული გურული სიმღერების აღმდგენ-შემსწავლელი სტუდია, სადაც მიენიჭა ლოტბარის კვალიფიკაცია.

ანზორ ტუღუში მღეროდა სახელმწიფო ანსამბლ “რუსთავში”, საიდანაც მშობლიურ სოფელში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა “ხელხვავს”. მას ლამაზი ტემბრის, ნარნარი და გულში ჩამწვდომი ხმა ჰქონდა, წკრიალა, ნაკადულივით მორაკრაკე, შთამბეჭდავი და განუმეორებელი. ზედმიწევნით და კარგად იცნობდა ქართულ ხალხურ სამუსიკო ფოლკლორს. იყო უძველესი გურული სიმღერების უბადლო მოცოდნე და შემსრულებელი. როგორც ლოტბარს, შეეძლო ყველა ხმა ემღერა, მაგრამ გამყივანის და კრიმანჭულის ვირტუოზულ შესრულებაში ვერავინ შეედრებოდა. კარგად იცოდა ხელთუქმნელი საუნჯის _ ქართული ხალხური სიმღერების ფენომენის საიდუმლოება, შრომობდა დაუღალავად.

„გურია Today“-ს სპეცნომერი: „ხელხვავი“ 50 წლისაა!

უბრალო კაცის ყოფით ცხოვრობდა, თუმცა ცხოვრების მაღალ მწვერვალზე ასვლის შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ მშობლიური კუთხე ვერ მიატოვა და სიცოცხლის ბოლომდე ანსამბლის გვერდით იდგა.

იგი, 1993 წლის 30 იანვარს, 53 წლის ასაკში, მოულოდნელად გარდაიცვალა. მეზობლებმა იპოვეს საკუთარ ეზოში, თოვლში ბეღურა ჩიტივით მკვდარი. მისი სახელი მიენიჭა ანსამბლს, რომელსაც 15 წელი უძღვებოდა.

შემდეგ ანსამბლის ლოტბარები იყვნენ _ დიმიტრი ხომერიკი და ბებურ გოგუაძე. უკვე 16 წელია, “ხელხვავს” ხელმძღვანელობს ბიძინა მჟავია, რომელიც არის არაერთი ფესტივალის ლაურეატი, ღირსების ორდენის მფლობელი.

ბიძინა მჟავია მომღერალთა ოჯახიდანაა. მამა _ რაჟდენ მჟავია მომღერალი და წამყვანი მოკრიმანჭულე იყო სიმონიშვილის ანსამბლში.

მას მამა არ ახსოვს, 4 უფროსი ძმა ჰყავდა და მათგან ისწავლა სიმღერა. დაამთავრა ხალხური სიმღერების აღმდგენ-შემსწავლელი სალოტბარო სკოლა. 2007 წლიდან ხელმძღვანელობს ანსამბლს, სადაც აღდგენილი და დამუშავებული აქვს ძველი გურული სიმღერები. აქედან ყველაზე საინტერესოა “შრომის ნადურების” სხვადასხვა ვარიანტი. კერძოდ _ “ასკანურა”, რომელიც გურულებს ბატონყმობის ჩამოგდებასთან დაკავშირებით შეუქმნიათ და ჩაუწერია ძველი გურული მომღერლის, გერასიმე ჩიტაიშვილისაგან. ასევე მივიწყებული “აგიდელა”, რომელიც გურიაში ყურძნის კრეფის დროს სრულდებოდა.

“ხელხვავის” ლოტბარები _ ანზორ ტუღუში, დიმიტრი ხომერიკი და ბიძინა მჟავია თანაკურსელები იყვნენ, მათ ერთი სკოლა ჰქონდათ გავლილი. ყოველივემ ხელი შეუწყო ანსამბლის წარმატებას, რადგანაც სამივეს სიმღერის ერთი და იგივე ვარიანტები ერთნაირად ჰქონდათ შესწავლილი.

ბატონმა ბიძინამ “ხელხვავთან” ერთად აღადგინა და დაამუშავა ლანჩხუთელი მომღერლის, ივანე ჩხაიძის მიერ შექმნილი “შრომის სიმღერა”. ასევე მივიწყებული სიმღერა “ოისა”, ორპირი კრიმანჭულიანი სიმღერები, ანსამბლი მღერის სალხინო და სამგლოვიარო სიმღერებს, შრომის ნადურებსა და საგალობლებს.

“ხელხვავი” რეგულარულად მონაწილეობდა ოლიმპიადებზე, ფესტივალებსა და კონკურსებში. მიღებული აქვს მრავალი სიგელი, დიპლომი და მადლობა. არსებობის მანძილზე, ანსამბლმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია.

1976 წელს “ხელხვავმა” ტელევიზიაში ჩაწერა 5 ხალხური სიმღერა: “ნადური” (შემოქმედურა), “კალოს ხელხვავი”, “ხასანბეგურა”, “გურული სატრფიალო” და “ორირა”. 1979 წელს, მონაწილეობდა მხატვრული თვითმოქმედების X რესპუბლიკურ ოლიმპიადაში, სადაც II ხარისხის დიპლომით დააჯილდოვეს.

„ხელხვავის“ ფოტო-ისტორია

1980 წელს ანსამბლი გამოვიდა სახალხო დღესასწაულზე _ “გარეჯობა”. 1981 წელს, “ხელხვავი” თვითმოქმედი მხატვრული კოლექტივების ოლიმპიადაზე თბილისში, ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში შესრულებული სიმღერისთვის “ნადური” _ I ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.

1982 წელს, მონაწილეობდა ოზურგეთში გამართულ სამუსიკო ფესტივალზე “გურიის გაზაფხული” და ფოთში, “კოლხეთმშენის” 60 წლისთავისადმი მიძღვნილ კონცერტში. იმავე წელს, “ხელხვავის” სიმღერები შესრულდა ლანჩხუთში ჩატარებულ ფოლკლორის საღამოზე, რომელსაც უძღვებოდა დიდი ფოლკლორისტი ვახუშტი კოტეტიშვილი. ანსამბლი უცვლელი მონაწილე იყო სახალხო დღესასწაულების _ “თბილისობა”, “ეგნატეობა”, ცაგერობა”.

1985 წელს, “ხელხვავი” საქართველოს რესპუბლიკური კომიტეტის მიერ დაჯილდოვდა I ხარისხის დიპლომით. ორ წლის შემდეგ, ანსამბლი წარმატებით გამოვიდა მხატვრული თვითმოქმედების დათვალიერებაზე. იმავე წლის მაისში, კულტურის განყოფილების გამგის, ლია ურუშაძის ინიციატივით, მიენიჭა “სახალხო ანსამბლის” წოდება.

1985 წელს, “ხელხვავი” დაჯილდოვდა ბულგარეთის საგზურით, სადაც ორი კვირის მანძილზე მართავდა კონცერტებს. 2004 წლის 27 სექტემბერს, მონაწილეობდა ურეკში გამართულ ქართული ხალხური სიმღერის ფესტივალში _ “ჩვენ მშვიდობა”, სადაც გადაეცა საპატიო სიგელი.

2012 წელს ჩატარდა ანსამბლების საგამოცდო დათვალიერება, სადაც “ხელხვავმა” მაღალი შეფასება დაიმსახურა და სერტიფიცირებული ანსამბლი გახდა. ანსამბლი აქტიურად მონაწილეობს საქართველოს ფოლკლორის ეროვნულ და “არტ-გენის” ფესტივალებში. არის 2022 წლის ეროვნული ფესტივალის ლაურეატი.

2003 წლის შემოდგომაზე, ლანჩხუთში აღინიშნა “ხელხვავის” დაარსებიდან 30 წლისთავი, სადაც მოწვეული იყო გურიაში მოქმედი თითქმის ყველა ანსამბლი. 2008 წელს აღინიშნა დაარსებიდან 35 წლის იუბილე _ ლანჩხუთის კულტურის ცენტრში გაიმართა საღამო “ხელხვავი და მისი მეგობრები”, რომელშიც მონაწილეობდნენ მეგობარი ანსამბლები. ღონისძიება მოამზადა გია ქურიძემ. 2013 წელს, 40 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ლანჩხუთის ფოლკლორის კაბინეტმა ჩაწერა საიუბილეო დისკი, რომელშიც შესულია 20 სიმღერა.

“ხელხვავი” გადაღებულია ფილმებში _ “ლელოს შემობრუნება” და “შვიდკაცა”. ანსამბლის რეპერტუარშია 100-ზე მეტი ხალხური სიმღერა და საგალობელი.

ამჟამად ანსამბლში 11 წევრია: ირაკლი თავაძე, ბექა ხარატი, კობა მგელაძე, ვახტანგ ფრანგულაიშვილი, იური ლომაძე (კრიმანჭული), თამაზ დარჩია, მიშა ჩხაიძე, ზაზა მალაზონია, დურმიშხან მაჭარაშვილი, ერემო ლომთათიძე და რევაზ როყვა. ლოტბარი _ ბიძინა მჟავია.

დავიწყებთ ახალგაზრდებით _ სასიხარულო და მისასალმებელია ირაკლი თავაძის, ბექა ხარატისა და კობა მგელაძის ანსამბლში ყოფნა. ეს იმის საწინდარია, რომ ანსამბლი და ხალხური სიმღერა უკვდავია, თაობები მოდიან და ჩვენი კულტურული წარსულის გადარჩენაზე ფიქრობენ. მადლობა მათ ამისთვის და წარმატებები შემოქმედებით გზაზე.

თამაზ დარჩია _ 80 წლისაა, 3 შვილისა და 7 შვილიშვილის პატრონი. არის ასევე დიდი ბაბუა. ანსამბლში დაარსების დღიდან მღერის. თამაზის დედა გიტარაზე უკრავდა და ხალხურ სიმღერებსაც ამღერებდა. მღეროდა მამაც. მშობლებთან ერთად სკოლის სიმღერის მასწავლებლის წვლილიც დიდია. ესენი იყვნენ ევგენი გოგუაძე და მისი ძმა _ თემურ გოგუაძე, ასევე ლოტბარი და ქორეოგრაფი.

რევაზ როყვა _ ანსამბლის ერთ-ერთი დამაარსებელი. წლების მანძილზე მუშაობდა მამათის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად, წერს ლექსებს, არის სახალხო მთქმელი, ფოლკლორის ფესტივალების ლაურეატი ზეპირსიტყვიერების დარგში. წლების მანძილზე, “ხელხვავის” ორგანიზატორი გახლდათ. იგი 86 წლის გუშინწინ გახდა. ვულოცავთ!

ზაზა მალაზონია განათლებით მუსიკოსია, ახალგაზრდა მივიდა ანსამბლში. ისიც გახლდათ მამათის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი. შემდეგ სოფლიდან წასვლამ მოუწია რამდენიმე წლით, მაგრამ კვლავ დაბრუნდა და ერთგულად ასრულებს თავის საყვარელ საქმეს.

81 წლის იური ლომაძე არის ანსამბლის გამორჩეული ხმა _ კრიმანჭული. დაარსების დღიდან ანსამბლშია. მისი კრიმანჭული 50 წელია, სწვდება მშობლიური მამათის მთებს. მიშა ჩხაიძეც დაარსებიდან “ხელხვავის” წევრია, ახალგაზრდა ბიჭი მივიდა. იუმორის მოყვარულია, უკვე ბაბუა და ანსამბლის ორგანიზატორია. დურმიშხან მაჭარაშვილი 86 წლისაა. ასაკის მიუხედავად, შემართებით მღერის და დაუღალავად შრომობს. ყველა რეპეტიციაზე მხნედ მიემართება და ერთგულად დგას ანსამბლის წევრების გვერდით.

ერემო ლომთათიძემ უკვე 50 წელს გადააბიჯა. სიმღერა შრომას უადვილებს, მეგობრებთან ერთად სიხარულით მღერის. ვახტანგ ფრანგულაიშვილმა დაამთავრა ოზურგეთის სალოტბარო სკოლა, შემდეგ კი _ სიმღერა-გალობის უნივერსიტეტი. თავის ცოდნასა და გამოცდილებას არ აკლებს მეგობრებს.

სხვადასხვა დროს, ანსამბლში მღეროდნენ მამა-შვილი _ თემურ და მალხაზ (კრიმანჭული) მალაზონიები, გიორგი მალაზონია, მურთაზ ჩხაიძე...

აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე მღეროდნენ ანსამბლში: ლოტბარები _ ანზორ ტუღუში, დიმიტრი ხომერიკი და ბებურ გოგუაძე, წევრები: იაშა ჩხაიძე, რომან ბელუშაძე, ძმები _ კუკური და გური სამსონიები, რევაზ ფრანგულაიშვილი, გიორგი (ჟორა) ლომაძე, ვალერიან ჩიკაშუა, მერაბ ხელაძე, ჯამბულ ძაგნიძე, ლაზარე ჩხაიძე, გივი კილაძე, ალეკო ჩხაიძე. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები.

ანსამბლს ყოველთვის მზრუნველობდა და გვერდში ედგნენ სოფლის გამგებლები _ დავით მელივა და გელა პატეიშვილი, ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, მამათელი ზაზა ურუშაძე. “ხელხვავის” მეგობრები არიან _ მომღერალი, პოეტი და ჩოხოსანი, ასევე მამათელი ილიკო კილაძე, რომელიც ანსამბლს დისკის ჩაწერაში დაეხმარა და ლანჩხუთელი ეთნომუსიკოლოგი დავით ცინცაძე. “ხელხვავის” ლოტბარი და წევრები ასევე ემადლიერებიან ადგილობრივ ხელისუფლებას, მერს ალექსანდრე სარიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძეს და კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებას.

ანსამბლის 50 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება გაზაფხულზე ლანჩხუთის კულტურის დაწესებულებათა გაერთიანებისა და ფოლკლორის კაბინეტის ორგანიზებით. მზადება დაწყებულია. მოწვეული იქნება ანსამბლის მეგობრები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საიუბილეო საღამოში.

ვუსურვებთ “ხელხვავს” შემოქმედებით წარმატებებს, ანსამბლის ლოტბარსა და წევრებს კი _ ჯანმრთელობასა და წინსვლას!

მაია ჭანტურია, სპეციალურად „გურია Today“-სთვის