დიახ, ეს მხოლოდ ტურის ცენტრალური მატჩი იყო და არა ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს გადამწყვეტი: ორი ლიდერის შეხვედრა ყოველთვის საინტერესოა, მაგრამ ზოგჯერ მისი შედეგი დიდად არაფერს ცვლის.
ასეთი იყო გათამაშების ლიდერის, „გურიასა“ და ამ სეზონში ცხრილის სათავეში ყველაზე დიდხანს მყოფი „თბილისი 2025“-ის პაექრობა. დიდი ხანია, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია, რომ გაისად ისინი ერთმანეთს უკვე ეროვნულ ლიგა 2-ში შეხვდებიან და რაც უფრო ვუახლოვდებდით ფინიშს, კონკურენტებს თეორიული შანსები მინიმუმამდე უმცირდებათ.
სხვაობა იმხელაა, დარჩენილი 6-ივე თამაში რომ წააგონ, დიდი ალბათობით ორივე მაინც ასცდება პლეი ოფს, რადგან ამ ლიგაში მიჯრით მხოლოდ ისინი იგებენ.
მატჩი საინტერესო და დაძაბული გამოდგა. პირველ ტაიმში უპირატესობა მასპინძლების მხარეს იყო, რამდენჯერმე დედაქალაქელები მეკარემ გადაარჩინა. სტუმრებიც მწვავედ იჩხვლიტებოდნენ.
რაც დრო გადიოდა, გურულებს ნერვიულობა ეტყობოდათ, რამაც მათი თამაშის ხარისხი შეამცირა. აშკარა იყო, მათ თამაშზე გავლენა მატჩისწინა აჟიოტაჟსაც ჰქონდა მოხდენილი, აქაოდა სეზონის მთავარ თამაშს ვთამაშობთო.
თბილისელები უფრო ლაღად თამაშობდნენ და ისიც დაამტკიცეს, რომ შემთხვევით არ იყვნენ თვეების მანძილზე ცხრილის სათავეში. მეორე ტაიმში უკვე გურულები უნდა უმადლოდენ თავიანთ მეკარეს ქულის გადარჩენას, ხშირად სტუმარი შემტევებიც სცოდავდნენ.
რა თქმა უნდა, უშანსოდ არც „გურია“ იყო და გოჩა ტყებუჩავამ ვითარების გამოსწორება და შეტევის გაძლიერება 5 შეცვლით სცადა, მაგრამ 0:0-ს ვერ ავცდით.
აქვე, ლანჩხუთელთა თავკაცს შევაქებთ, რომ სტუმართა აშაკარა უპირატესობის ფონზე, მისი გუნდი დაცვაში არ ჩაჯდა და წაგების რისკის მომატების მიუხედავად, მოსაგებად გაიწია.
ამით პატივი სცა 2 ათასზე მეტ გულშემატკივარს, რომელიც ტურის ცენტრალურ მატჩზე მოვიდა. ამ რაოდენობის ქომაგი ეროვნული ლიგის თამაშების უმეტესობას არ ესწრება. აი, გადამწყვეტი თამაში რომ ყოფილიყო, დიდი ალბათობით, „ევგრაფ შევარდნაძე“ გაივსებოდა.

„გურიამ“ პირველი ადგილი შეინარჩუნა და პლეი ოფის ზონას ისევ 12 ქულით უსწრებს
მცირე საყვედური უნდა შევკადროთ ჩვენი ერთგული ქომაგების იმ ნაწილს, მატჩის დასრულებამდე 10 წუთი ადრე ტრიბუნას რომ ტოვებენ და თამაშის ყურებას კარის უკან არსებული სივრციდან აგრძელებენ.
სავარაუდოდ, ამით თადარიგს იჭერენ, რომ ფეხბურთელების გასვლისას, ლოდინი არ მოუწიოთ, მაგრამ „გურია“ ყველა თამაშის ტრანსლირებას ახდენს და ტრიბუნის ნაადრევად დატოვება, დაგვერწმუნეთ, ძალიან ცუდი საყურებელია.
მით უმეტეს, ამას არანაირად იმსახურებს „გურია“, რომელსაც 6 ტურით ადრე, ეროვნული ლიგა 2-ის საგზური, ფაქტობრივად, მოპოვებული აქვს.
„გურია“ შინ ეთამაშება 3 დედაქალაქურ გუნდს _ „ვიტ ჯორჯიას“, „ორბსა“ და „დიდუბეს“, ხოლო სტუმრად _ ხობის „კოლხეთს“, თბილისის „იბერია 2010“-სა და ხაშურის „ივერიას“.
ამ 6 შეხვედრაში ლანჩხუთელებს 6 ქულა ჰყოფნით, სხვათა შედეგებზე რომ არ იყვნენ დამოკიდებული. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მდევრები ერთმანეთსაც ხვდებიან, ფაქტობრივად, 1 მოგებაც კი საკმარისი იქნება.
თუმცა „გურია“ პირველი ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს, რომელსაც მეორე ადგილთან პრემიალური ჯილდოს უპირატესობა აქვს. თუმცა საბედნიეროდ, ახლა ლანჩხუთის კლუბი ისეთი კომპანიის მართვის ქვეშაა, ფინანსურ ჯილდოზე უფრო ლიგაში ჩემპიონობას პრესტიჟის მნიშვნელობა აქვს.
16.10.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 0:0 თბილისი
2025 გურია: ისიანი, მელიავა, კაკუბავა, ნოზაძე, იაშვილი, ჩაგანავა (63. კახაბრიშვილი), ტაბატაძე (76. ჩოთალიშვილი), არველაძე (63. შეროზია), გეგუჩაძე, სიჭინავა (71. აფციაური), კაპანაძე (63. ქოქოსაძე)




