„არ მეგულება მასზე მეტად პატიოსანი, ერთგული, ზედმიწევნით განათლებული და კეთილშობილი პიროვნება“ _ ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ვიქტორ გოგუაძე გარდაიცვალა

|

Loading

ვიქტორ გოგუაძე

ლანჩხუთელი პოლიტიკოსი ვიქტორ გოგუაძე გარდაიცვალა. იგი სხვადასხვა დროს იყო თბილისის საკრებულოს და საპარლამენტო კომისიის წევრი, გლდანის გამგებლის მოადგილე.

რამდენიმე დღის წინ ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ახლობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ელოცათ მისი გადარჩენისთვის. სამწუხაროდ, იგი 15 ოქტომბერს გარდაიცვალა.

„ჩვენო ვიქტორ! შენმა უეცარმა გარდაცვალებამ ისე დამადუმა, რომ აზრი ვეღარ მოვიკრიბე, ვერაფრით გავითავისე, რომ ვეღარ გავიგონებ შენს ხმას, ვეღარ შემეხმიანები შენებური იუმორით და არ მოიკითხავ შენი მერხის მეგობრის, გელა კეკელიძის ოჯახს“ _ წერს სოციალურ ქსელში ნინო კეკელიძე, ღვაწლმოსილი პედაგოგი.

ქალბატონი ნინოს თქმით, ვიქტორ გოგუაძის ფესვები სოფელ ნინოშვილიდანაა.

„ბაბუა ათანასე გოგუაძე ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, მამა – დავით გოგუაძე, ცნობილი პედაგოგი და ისტორიკოსი იყო. ის ლანჩხუთის სხვადასხვა სკოლებში მოღვაწეობდა. დედა – შურა კეკელიძე, დამსახურებული მუშაკი, ლანჩხუთის კულტურის სახლში მუშაობდა. ვიქტორ გოგუაძემ ოქროს მედალზე დაამთავრა ლანჩხუთის პირველი საშუალო სკოლა; მას, როგორც მოსწავლეს, ბადალი არ ჰყავდა. საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიის ფაკულტეტიც წითელ დიპლომზე დაასრულა. სპეციალობით ცოტა ხანს იმუშავა და შემდეგ აქტიურ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაება. სხვადასხვა დროს იყო თბილისის საკრებულოს დეპუტატი, გლდანის გამგებლის პირველი მოადგილე, საპარლამენტო კომისიის წევრი და სხვ.

მას ეჭირა ამქვეყნად ყველაზე დიდი თანამდებობა და ეს ღირსეული ადამიანობა იყო. არ მეგულება მასზე მეტად პატიოსანი, ერთგული, ზედმიწევნით განათლებული და კეთილშობილი პიროვნება. ის იმდენად თავმდაბალი იყო, რომ არც უცდია თავის წარმოჩენა, თუმცა, ვინც იცნობდა, მის ნიჭსა და ერუდიციას ყველა აღიარებდა. ვიქტორ გოგუაძე ღირსეული ლანჩხუთელი გახლდათ. მისი სული მუდამ მშობლიურ ქალაქს დასტრიალებდა თავს. უყვარდა ლანჩხუთელი მეგობრები, გურია… კვირას, 18 ოქტომბერს, მშობლიური მიწა, გულში ჩაიკრავს და თავისი ძვირფასი მშობლებლები მიეგებებიან საყვარელ ვაჟიშვილს“ _ წერს ნინო კეკელიძე.

ახლობლების ინფორმაციით, ვიქტორ გობრონიძეს კვირას, 18 ოქტომბერს, ლანჩხუთში მაჩხვარეთის სასაფლაოზე გადასვენებენ. პანაშვიდი გაიმართება თბილისში, 16-17 ოქტომბერს, 17-დან 21 საათამდე, მისამართზე: თიანეთის გზატკეცილი, ოშკელის 4 (სარიტუალო სახლი, სოფელ გლდანის სასაფლაოს მიმდებარედ).

„გურია Today“ გამოთქვამს მწუხარებას და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს.