ლანჩხუთის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „გურიას“ გულშემატკივრებს შეხვდნენ. განსახილველი საკითხი გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზის ინვესტორისთვის [შპს „დიემჯი გრუპი“, რომლის 50%-იან წილს კახი ჟორდანია ფლობს] გადაცემა გახლდათ.
„ლანჩხუთს განსაკუთრებული გულშემატკივარი ჰყავს და ამაში პირველად მაშინ დავრწმუნდი, როცა „გურიას“ თამაშზე დამპატიჟეს და გავსებული ტრიბუნა დამხვდა. საოცარი თამაში იყო, ბოლო წუთებში როცა შემოატრიალეს. არ დამავიწყდება ის ემოციები. შესაძლოა, ფეხბურთის დიდ მოყვარულად არ ვითვლებოდე, მაგრამ ლანჩხუთის სტადიონზე სხვანაირადაა. ვფიქრობ, რომ ასეთი მხურვალე გულშემატკივარი საქართველოში არავის ჰყავს. თავი ვალდებულად ჩავთვალე, დღევანდელ დღეს აქ, თქვენთან ერთად ვყოფილიყავი“ _ განაცხადა გურიის გუბერნატორმა, გიორგი ღურჯუმელიძემ.
მან შეკრებილებს გააცნო ინფორმაცია, რომ „გურიას“ მფლობელმა კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს მიმართა, ისარგებლოს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით და იჯარით მიიღოს გრიგოლეთის საწვრთნელი ბაზა.
როგორც მისი საუბრიდან გაირკვა, ინვესტორი გრიგოლეთში 2 საფეხბურთო მოედნის გაკეთებას, მინიმუმ 400-ადგილიანი ტრიბუნით, საცხოვრებელი კორპუსის აშენებას, 60-ადგილიანი ავტოსადგომის მოწყობას და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. საინვესტიციო თანხა მინიმუმ 5 მილიონია. იჯარა 20-წლიანი იქნება და მმართველო კომპანია პირველი 10 წლის მანძილზე გადასახადისგან გათავისუფლდება.
ლანჩხუთის მერის, ალექსანდრე სარიშვილის განცხადების მიხედვით, საკრებულოში შესულია წინადადება, რომ გრიგოლეთის ბაზა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაა, გადაეცეს ეკონომიკის სამინისტროს. ამის საჭიროება გამოწვეულია იმით, რომ კომპანიის ზემოხსენებულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართვა ეკონომიკის სამინისტროს პრეროგატივაა, მაგრამ უწყება არაა უფლებამოსილი განკარგოს მუნიციპალური ქონება.
ამასთან, შეხვედრაზე საკრებულოს წევრების მხრიდან გაირკვა, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ინვესტორს არანაირ პრივილეგიას არ აძლევს და იგივე პირობით შპს „დიემჯი გრუპს“ გრიგოლეთის ბაზას მუნიციპალიტეტიც გადასცემს.
ლანჩხუთელი კანონმდებლები ამ გზას მიიჩნევენ უალტერნატივოდ. მათი მთავარი არგუმენტი რისკებისგან დაცვაა. შეხვედრაზე განიხილეს ორივე ვარიანტის შესაძლო საფრთხეები.
რა მოხდება, თუ საკრებულო უარს ეტყვის ეკონომიკის სამინისტროს და თავადაც ვერ შეძლებს ინვესტორისთვის მისაღები წინადადების შეთავაზებას?
ამ დროს ძალიან მაღალია ალბათობა, რომ შპს „დიემჯი გრუპი“ ლანჩხუთს დატოვებს და „გურიას“ ისევ უპატრონოდ დარჩება.
ამის დაშვება კი არ სურთ გულშემატკივრებს და შეხვედრაზეც გაჟღერდა ეს პოზიცია _ ქონება ეკონომიკის სამინისტროს სასწრაფოდ გადაეცეს, რა რისკის შემცველიც არ უნდა იყოსო.
მათი არგუმენტია ის, რომ გრიგოლეთის ბაზა 2013 წელს დაუბრუნდა ლანჩხუთს, მასზე თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯა და დღეს მაინც სავალალო მდგომარეობაშიაო. „ამაზე უარესი რა უნდა მოხდეს, მით უმეტეს, რა უარესზეა საუბარი, როცა „გურიაში“ ასეთი ინვესტორია მოსული, რომელმაც მუნიციპალიტეტში ფეხბურთი გამოაცხოცხლა“ _ ამბობენ ისინი.
მათი მოსაზრების საწინააღმდეგოდ, თითქმის ერთსულოვანია საკრებულო, რომელსაც მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტი ჟორდანიებს მისაღებ წინადადებას შესთავაზებს და რისკი, რომ „გურია“ ინვესტორის გარეშე დარჩეს, თითქმის არ არსებობს.
რა რისკებს ხედავენ ისინი, გრიგოლეთის ბაზის ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემით? მათი თქმით, 20 წლის შემდეგ არსებული ხელისუფლების კეთილ ნებაზე არ უნდა დარჩეს ქონების ლანჩხუთისთვის დაბრუნება, ამ დროს, არც ჩვენ ვიქნებით ხელისუფლებაში, მაგრამ არ გვინდა ამხელა ქონება მუნიციპალიტეტმა ჩვენი გადაწყვეტილებით დაკარგოსო.
„ეს არის ლანჩხუთისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული ქონება, რომლის ფასი ყოველწლიურად იზრდება. როცა ინვესტორი ხელშეკრულებას დაასრულებს, ქონება მუნიციპალიტეტის არ იქნება ან რატომ უნდა დავკარგოთ თუნდაც იჯარის თანხა? ვთქვათ, კომპანიამ 3 წელიწადში უარი თქვა ან უბრალოდ, იძულებული გახდა, შეეწყვიტა „გურიას“ პატრონობა, რა ხდება, ვის რჩება გრიგოლეთის ბაზა? რითი არის დაზღვეული „გურია“, რომელიც გრიგოლეთის ბაზის გარეშე მიმზიდველი არაა?“ _ ამ კითხვებს სვამენ საკრებულოს წევრები, რომლებიც ასევე აფიქსირებენ, რომ ემადლიერებიან მერაბ ჟორდანიას ოჯახს, მის მიმართ მხოლოდ კეთილგანწყობა აქვთ და მზად არიან, გადასცენ გრიგოლეთის ბაზა, ოღონდ მუნიციპალიტეტისგან, რაც ამ ქონების სამომავლო დაცვას უზრუნველყოფს.
„თქვენ რა, სახელმწიფოს არ ენდობით?“ _ იკითხა ლანჩხუთის ყოფილმა გამგებელმა, გია გოგუაძემ და საკრებულოს მოუწოდა, ბაზის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას დაუჭიროს მხარი.
ახლო წარსულში, „გურიას“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, ნუგზარ ჩხაიძემ გაიხსენა კლუბისა და გრიგოლეთის ბაზის ისტორია: „ეს ბაზა თავიდან იყო 10 ჰექტარი, მერე ნაწილი გაიყიდა, სწორედ ეკონომიკის სამინისტროს საკუთრება როცა იყო. ამიტომაც ბაზა ინვესტორს უნდა გადასცეს მუნიციპალიტეტმა, ჩვენ ყველა მივესალმებით და მხარს ვუჭერთ მერაბ ჟორდანიას“.
ლანჩხუთელი ქომაგი გივი ნინიძეც იმავე აზრისაა: „ჯერ კიდევ ალის ხეებით რომ იყო სტადიონი შემოღობილი, იმ დროიდან ვგულშემატკივრობ „გურიას“. ბაზა მუნიციპალიტეტის უნდა იყოს და მან გადასცეს ინვესტორს, რომელმაც ლანჩხუთში ფეხბურთი დააბრუნა“.
კიდევ ერთი გულშემატკივარი გიორგი ჩხაიძე უფრო რადიკალურია: „შესაძლოა, ჩემი პოზიცია მოსაწონი არ იყოს, მაგრამ თუ ჩვენ იგივე პირობით ვთავაზობთ, რატომ უნდა იყოს ინვესტორი ამის წინააღმდეგი? „გურია“ გრიგოლეთის ბაზის გარეშე არავისთვისაა მიმზიდველი და მე მაგალითად მირჩევნია, რისკის ქვეშ არ დავაყენოთ გრიგოლეთის ბაზა და თუნდაც ამისთვის ინვესტორი წავიდეს. მაგრამ რატომ უნდა წავიდეს, თან საუბარია მერაბ ჟორდანიაზე, რომელსაც ყველა მხარს ვუჭერთ და მის მიმართ პატივისცემას გამოვხატავთ, თან თურმე უკეთეს პირობას ვთავაზობთ“.
გვიმბალაურის საფეხბურთო აკადემიის ხელმძღვანელ თემურ ალექსაიას და საფეხბურთო სკოლის დირექტორ ზაალ სანაძეს მიაჩნიათ, რომ უმჯობესია, ინვესტორს იჯარა მუნიციპალიტეტმა გაუფორმოს, მაგრამ მათივე მოსაზრებით, არსებულ ვითარებაში, რისკის გაწევა არ ღირს და უპრიანია გრიგოლეთის ბაზის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემა.
ლანჩხუთის საკრებულოს სხდომა 8 ოქტომბერს, 17 საათზე გაიმართება. ადგილობრივი კანონმდებლები რთული არჩევანის წინაშე არიან: რა გზით გაფორმდეს იჯარა ინვესტორთან. ყველა თანხმდება და კითხვის ნიშანი არ არსებობს, რომ ჟორდანიებთან თანამშრომლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამიტომაც, თუ ისინი ეკონომიკის სამინისტროს უარს ეტყვიან ქონების გადაცემაზე, სასწრაფოდ მოსამზადებელია საინვესტიციო პაკეტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი „დიემჯი გრუპს“ შესთავაზებს.
„გურია Today“-სთვის ცნობილია ჟორდანიების ოჯახის პოზიცია. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, თუ ვის მიერ გადაეცემა „დიემჯი გრუპს“ საინვესტიციოდ გრიგოლეთის კომპლექსი, თუმცა ჩქარობენ მშენებლობის დაწყებას, რომ ეროვნულ ლიგა-2-ს „გურია“ თავის ბაზაზე შეხვდეს.




