„ლანჩხუთში წყაროზე შეკრებილი ხალხი ამბობს, რომ გივი მიქანაძეს [აგარაკის] მშენებლობისას კაბელები მოპარეს“ _ რას ფიქრობენ მოპასუხეები მინისტრის სარჩელზე?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | რამაზ გვარჯალაძე, გივი მიქანაძე, სახლი, კაბელები

ლანჩხუთელი ოპოზიციონერი რამაზ გვარჯალაძე ეხმაურება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის სარჩელს კახა ასკურავას მიმართ.

„მიმდინარე წლის 18 აგვისტოს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლანჩხუთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა კახა ასკურავამ თავის ფეისბუკ-გვერდზე დადო უცნობი მოქალაქისგან მიღებული ვიდეომასალა, სადაც ჩანს ჩვენი ქვეყნის განათლების მინისტრად დანიშნული „ვეფხვისტყაოსანის“ მკვლევარის, გივი მიქანაძის მშენებარე სახლი და ეზოს მიმდებარე ტერიტორია. კახა ვიდეოზე დართულ წერილში აღნიშნავს, რომ ძალიან კარგია და მიესალმება ფაქტობრივად მოსახლეობისგან დაცლილ სოფელში სახლის მშენებლობას და თუ არ იცი, აწ უკვე გაუქმებული სკოლის  მეცეცხლური მეზობელი იქნებიო, თან მაგ ეზოში ადრე ბაღი იყოო, რაც სრული სიმართლეა. არ ვიცი, სად დაინახა შეურაცხყოფა და ღირსების შელახვა (არც „ვეფხისტყაოსანშია“ მსგავსი ანალიზი) მიქანაძემ, მაგრამ ამ მოტივით უჩივის კახას სასამართლოში და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ითხოვს 10 000 ლარს“ _ აღნიშნავს ოპოზიციონერი.

იგი ასევე წერს გავრცელებული ხმების შესახებ, რომლის მიხედვითაც მინისტრის არჩეულში მშენებარე აგარაკიდან კაბელები მოიპარეს:

„როგორც ჩვენს მუნიციპალიტეტში წყაროზე შეკრებილი ხალხი ამბობს, მიქანაძეს მშენებლობის პროცესში მოპარეს რაღაც რაოდენობის კაბელები, ამ პატივცემულს კი დაუწყია პირადი ურთიერთობების ხარჯზე ძებნა, რაც მოუხერხებია კიდეც და კაბელების გარკვეული რაოდენობა უკან დაუბრუნებია, ისე, რომ სამართალდამცველებისთვის არც კი მიუმართავს. თუ ეგ ისტორია მართალია, მაინტერესებს, სად გადის ზღვარი, როდის პირადი ურთიერთობებით იმოქმედოს და როდის სასამართლო ძალით გადაწყვიტოს საკითხი მიქანაძემ?“ _ კითხულობს რამაზ გვარჯალაძე, რომელიც წარსულში პოლიციის მაღალჩინოსანი გახლდათ და ასევე, კახა ასკურვას ურჩევს, არ მოიწონოს და არ გააზიაროს მისი ფეისბუკ-პოსტი, რადგან მის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელს „კიდევ ერთი მტკიცებულება დაემატება“.

„გურია Today“-ს ფეისბუკ-ქარდი | 05.10.2026

გურიის ყოფილი ვიცე-გუბერნატორი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის სარჩელის ასლი ჩაბარდა.

„ჩამბარდა სარჩელის ასლი, სადაც ბ-ნი მიქანაძე ითხოვს, რომ მორალური კომპენსაციის სახით დამეკისროს 10 000, ანუ ფულს ითხოვს. დანარჩენის თაობაზე და საქმის დეტალებზე მოგვიანებით“ _ წერს ლანჩხუთელი ოპოზიციონერი ფეისბუკის პირად გვერდზე.

„გურიის მოამბის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ვლადიმერ მენაბდე ასევე სოციალურ ქსელში წერს, რომ მინისტრმა სარჩელი ოზურგეთის სასამართლოში პირადად შეიტანა, სამუშაო დროს, დღის 3 საათზე და მას ფოსტით არ უსარგებლია.

იგი ასევე აქვეყნებს სარჩელის ე.წ. „სქრინშოტს“, საიდანაც ირკვევა, რომ მაღალჩინოსანი 10-10 ათას ლარს ითხოვს „გურიის მოამბისგან“, ვლადიმერ მენაბდესა და კახა ასკურავასგან.

„ისიც კარგია, რომ განათლების მინისტრი სასამართლოში გვიჩივის და მისი კოლეგებივით, ზონდერებით ან ქილერებით არ გველაპარაკება. თუ ცოდვაა, რომ მიქანაძე აგარაკს საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ანუ იმ ტერიტორიაზე აშენებს, სადაც ადრე საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა და თვითონ ასე ფიქრობს, მაშინ ამ ცოდვას, განათლების მინისტრს ოზურგეთის რაიონული სასამართლო კი არა ადიდებული იორდანეც ვერ ჩამორეცხავს.

ვერ ვხვდები, რატომ უარყოფს მინისტრი იმას, რომ აგარაკს ბაღის ტერიტორიაზე აშენებს, სოფელში არსებული სკოლის გვერდით, რომელიც აღარ ფუნქციონირებს. მოვუწოდებ, ეს აგარაკი საჩუქრად გადასცეს სოფელს და იქ ბაღი გაიხსნას. აშკარად უკეთესი გამოსავალია, ვიდრე სასამართლოში ჩივილი” _ აცხადებს ვლადიმერ მენაბდე.

ცნობისთვის: რამდენიმე დღის წინ, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ სოფელ არჩეულში მშენებარე აგარაკის თემაზე გავრცელებული განცხადებების უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას სასამართლოს გზით მოითხოვს.

„ყურადღებას ვამახვილებთ გამოხატვის ფორმასა და საშუალებებზე, მასშტაბზე, შინაარსსა და კონტექსტზე, ინტენსივობა/არაერთგზისობაზე, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ მოპასუხეები განზრახ, ყველაფერს აკეთებენ მოპასუხე მხარის ღირსების და სქმიანი რეპუტაციის შესალახად და მათი მიზანია მოსარჩელე მხარის საზოგადოებაში უარყოფითად წარმოჩენა/საზოგადოების დადებითი განწყობის უარყოფითად ფორმირებაზე ზემოქმედება, დისკრედიტაცია“ _ ნათქვამია მინისტრის სარჩელში.

ამავე თემაზე წაიკითხეთ: ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე გივი მიქანაძე „გურიის მოამბეს“, ჟურნალისტ ვლადიმერ მენაბდეს და ოპოზიციონერ კახა ასკურავას უჩივის _ რას ითხოვს მინისტრი და რას ამბობენ მოპასუხეები?