„ლანჩხუთის“ პროტესტს „ნიკე-ლუსო“ გამოეხმაურა: „ჩვენი კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსებისშემლახავია“

|

Loading

„ნიკე-ლუსო“ | ფოტო კლუბის ფეისბუკის გვერდიდან

„ლანჩხუთის“ პროტესტს, რომელმაც უკვე მოიცვა ქალთა ლიგის ზედა ზონაში მოთამაშე 4-დან 3 გუნდი (გურულებს „ბათუმი“ და „კვარტალი“ დაემატა), ადრესატი კლუბი, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ნიკე-ლუსო“ გამოეხმაურა.

„სამწუხაროდ, გვიწევს შეხსენება, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. თანასწორია, როგორც ქართველი ეროვნების ფეხბურთელი ქალი, ასევე თურქი ეროვნების მამაკაცი.

ჩვენი საფეხბურთო კლუბის ყოფილ პრეზიდენტს პროტესტში მონაწილე და მხარდამჭერი პირები დღემდე მოიხსენიებენ „მოძალადედ“ და არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმციას იმ პირის მიმართ, რომელიც სასამართლომ მიიჩნია უდანაშაულოდ და გაანთავისუფლა სხდომათა დარბაზიდან.

კანონმდებლობიდან გამომდინარე, არ გვაქვს შესაძლებლობა საზოგადოებას მივაწოდოთ და გავასაჯაროვოთ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მტკიცებულებები. მტკიცებულებები, რომელთა გაცნობაც თითოეულ თქვენგანს დაარწმუნებს, რომ ჩვენი გუნდის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელდა ცრუ და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელება მსხვერპლის სტატუსის მქონე და პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების მიერ“ _ აღნიშნულია კლუბის ფეისბუქკის გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში, სადაც კომენტარების გაკეთება შეზღუდულია.

თბილისური კლუბი აცხადებს, რომ გუშინ, გვიმბალაურში პროტესტში მონაწილე ფეხბურთელების ნაწილს პირადი წყენა აქვთ:

„აღსანიშნავია, რომ გუშინდელ პროტესტში მონაწილე ფეხბურთელთა ნაწილს ჩვენი კლუბის მიმართ გააჩნიათ პირადი ინტერესი და წყენა, რომელიც წარმოიშვა მათთან სამუშაო ხელშეკრულების არ გაგრძელებით, რის გამოც მოუწიათ ,,ნიკე-ლუსოს’’ შემადგენლობის დატოვება.

პროტესტში მონაწილე ,,ნიკე-ლუსოს“ ფეხბურთელებს, განსაკუთრებით მსხვერპლის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელს და მის უახლოეს ქალ ფეხბურთელ მეგობარს, რომელიც ჩვენი რწმენითა და სასამართლოზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ყოფილი პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ცილისმწამებლური ბრალდების მთავარი ორგანიზატორია, საფეხბურთო კლუბი არ დაუტოვებიათ საკუთარი ნებით. უფრო მეტიც, ისინი ითხოვდნენ ახსნა განმარტებას, თუ რატომ მოხდა მათი წაშლა კლუბის კუთვნილ საკომუნიკაციო ,,ჩატებიდან’’ და რატომ არ ვუხანგძლივებდით კონტრაქტს. იმედია, საზოგადოებას გაუჩნდება კითხვა – თუ 2026 წლის 29 სექტემბერს, საფეხბურთო მატჩის ჩაშლით გამოწვეული პროტესტი განპირობებული იყო ფეხბურთელი ქალის მხარდაჭერის სულისკვეთებით, პროტესტში მონაწილე ფეხბურთელებმა რატომ მათივე ნებით არ დატოვეს ,,ნიკე-ლუსოს’’ რიგები? რატომ სურდათ ,,ნიკე-ლუსოს’’ რიგებში დარჩენა?“, – წერს „ნიკე-ლუსო“ ეროვნული ნაკრების წევრებსა და გუნდის წამყვან მოთამაშებზე, რომლებიც, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ „ნიკე-ლუსო“ თანაგუნდელის სოლიდარობის ნიშნად დატოვეს.

„ნიკე-ლუსოს“ მტკიცებით, სიცრუეა, თითქოს კლუბი გასახდელში დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის გამო დააჯარიმეს.

„ნიკე-ლუსოსს’’ ფეხბურთელები ვარჯიშობენ და თამაშობენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ გამოყოფილ ბაზაზე, შესაბამისად ჩვენს კლუბს არ აქვს რაიმე სახის წვდომა ბაზაზე განთავსებულ ვიდეო კამერების ჩანაწერებთან. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არცერთ გასახდელში არასდროს არ განხორციელებულა ვიდეო მონიტორინგი. უფრო მეტიც, ,,ნიკე-ლუსოს’’ სამუშაო ოფისში საერთოდ არ არის განთავსებული გასახდელი სივრცე.

ქალთა საფეხბურთო კლუბ ,,ლანჩხუთის’’ სოციალური გვერდით საზოგადოებას მიეწოდა არასწორი ინფორმაცია, რომ აუდიტის სამსახურმა ,,ნიკე-ლუსო’’ დააჯარიმა გასახდელში ვიდეო მონიტორინგის განხორციელების ფაქტზე. 2026 წლის 27 აპრილის, N გ-1/028-1/2026 სახელმწიფო აუდიტის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ვიდეო მონიტორინგი მიმდინარეობს სივრცეში, რომელიც არ წარმოადგენს გასახდელ ოთახს. დაჯარიმება ტექნიკურ შინაარს შეიცავდა“, – წერია განცხადებაში.

„ნიკე-ლუსო“ წერს, რომ მას აქვს მასალები, რომლებიც, მისი შეფასებით, ეწინააღმდეგება დაზარალებულის სტატუსის მქონე ქალ ფეხბურთელის მიერ მიცემულ ჩვენებას და მისი გამოქვეყნება დაზარალებულის ცრუ ჩვენებას გამოავლენდა [რედაქციამ გარკვეული მიზეზების გამო საჭიროდ არ ჩათვალა ტექსტის ნაწილის გამოქვეყნება, თუმცა კლუბის პოზიცია სრულადაა დაცული].

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ჩაშლილი საფეხბურთო მატჩით და მოედანზე დადგმული პერფომანსით არ დაზარალდება მათი კლუბი, რომელიც უფრო მეტი შემართებით უზრუნველყოფს საერთაშორისო მაშტაბით ქართული ფეხბურთის განვითარებასა და წარმატებას:

„საფეხბურთო მოედანი არ არის ადგილი, სადაც უნდა გადაწყდეს სამართლებრივი საკითხი. შესაბამისად საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის“ მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ განცხადებასთან და მასში მითითებულ განზრახ დამახინჯებულ ფაქტებთან დაკავშირებით მივმართავთ კანონით გათვალისწინებულ მექანიზმებს და სასამართლოში კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ ჩვენი კლუბისა და ყოფილი პრეზიდენტის მიმართ გაჟღერებული ინფორმაცია ცილისმწამებლური, პატივისა და ღირსებისშემლახავია.

ჩვენი გუნდი საფეხბურთო მოედანზე გპირდებათ მხოლოდ საფეხბურთო პერფომანსს, ლამაზ-სანახაობრივ ფეხბურთს და დიდ გამარჯვებებს, სხვა დანარჩენისთვის კი არსებობს სასამართლო და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია“, – წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 20 წლის ფეხბურთელი ქალის მტკიცებით, 2025 წლის 8 დეკემბერს გამართული ბანკეტის შემდეგ, იგი მძღოლმა არა ფეხბურთელებისთვის ნაქირავებ ბინაში, არამედ პრეზიდენტისა და მფლობელის სახლში მიიყვანა. მეორე დილას, ფეხბურთელმა პოლიციას მიმართა, რომ მეჰმეთ უიარმა მასზე იძალადა.

თბილისური კლუბის პრეზიდენტი 2026 წლის იანვარში დააკავეს. ქალი ფეხბურთელის მხარე ამბობს, რომ მას და მის მეგობარს გაჩუმების სანაცვლოდ დიდძალ თანხას სთავაზობდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, საუბარია 500 ათას ლარზე.

2026 წლის 22 სექტემბერს, თბილისის საქალაქოს სასამართლომ დაკავებული პრეზიდენტი უდანაშაულოდ ცნო.

2026 წლის 29 სექტემბერს, „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოსთან“ თამაში მე-10 წამზე ჩაშალეს და გამოფინეს ტრანსპარანტი წარწერით: „მოძალადის მხარდაჭერა ძალადობის თანამონაწილეობაა!“

ამით მათ სოლიდარობა გამოუცხადეს თანაგუნდელს, რომელიც „ნიკე-ლუსოს“ ყოფილ პრეზიდენტს ძალადობაში ადანაშაულებს და დაუპირისპირდნენ იმავე კლუბის ფეხბურთელებს, რომლებმაც კლუბის ხელმძღვანელის მხარდაჭერა გამოხატეს. „ლანჩხუთის“ მოთამაშეებმა მატჩის წინ, მისალმებისას, მეტოქე ფეხბურთელებს ხელი არ ჩამოართვეს.