„რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი მატჩის ტრანსლაცია, რომელშიც „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების პროტესტი ჩანდა?“ _ „ქალთა მოძრაობა“ განმარტებებს ითხოვს

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | სფფ-ის შტაბ-ბინა, ფოტოკამერა, „ლანჩხუთის“ პროტესტი

„ლანჩხუთის“ ქალ ფეხბურთელთა პროტესტს ეხმაურება და მხარდაჭერას უცხადებს „ქალთა მოძრაობა“, რომელიც სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

„სოლიდარობა ახალგაზრდა ფეხბურთელს! სოლიდარობა „ლანჩხუთის“ ქალ ფეხბურთელებს! სოლიდარობა ყველა ქალს, რომელიც ძალადობის წინააღმდეგ ხმის ამოღებას ბედავს!

ქალთა მოძრაობა სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს 20 წლის ფეხბურთელ ქალს, რომელმაც სექსუალური ძალადობის შესახებ განაცხადა და უკვე თვეებია მძიმე სამართლებრივ და ემოციურ პროცესს გადის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ „ნიკე-ლუსოს“ ყოფილ მფლობელსა და პრეზიდენტს მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა, თუმცა საქმეზე სამართლებრივი დავა გრძელდება.

ეს შემთხვევა მხოლოდ ერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებს სცდება _ ის აჩენს კითხვებს იმაზე, რამდენად უსაფრთხოა ქალებისთვის პროფესიული სპორტის სივრცე, რამდენად ეფექტიანად რეაგირებენ ინსტიტუციები სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შემთხვევებზე და რამდენად დაცულია დაზარალებული ქალი ზეწოლის, ანგარიშსწორებისა და დამატებითი ტრავმირებისგან.

დაზარალებულის ადვოკატის ინფორმაციით, კლუბს სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმი არ ჰქონდა და შესაბამისი დოკუმენტი მხოლოდ სახალხო დამცველისთვის მიმართვისა და მისი ჩართულობის შემდეგ შეიქმნა.

ამავე კლუბში კამერები კანონის მოთხოვნათა დარღვევით იყო განთავსებული ოთახში, რომელსაც ქალი ფეხბურთელები გასახდელად იყენებდნენ.

ადვოკატის ინფორმაციითვე, მიმდინარე სამართლებრივი დავის გამო დაზარალებული „ნიკე-ლუსოს“ ფეხბურთელის მხრიდან მოედანზეც გამხდარა შეურაცხყოფის ადრესატი.

დღეს „ლანჩხუთის“ ქალმა ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოსთან“ მატჩი პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს. მათი გადაწყვეტილება, არ გაეგრძელებინათ თამაში ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, იყო მნიშვნელოვანი სოლიდარობის აქტი ძალადობაგამოვლილი კოლეგა ქალის მიმართ და მკაფიო პოზიცია ძალადობისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ.

„ლანჩხუთის“ ფეხბურთელების ნაბიჯი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პირობებში, როდესაც ძალადობაგამოვლილ ქალებს ხშირად უწევთ ბრძოლა არა მხოლოდ ძალადობის შედეგებთან, არამედ ინსტიტუციურ დუმილთან, ზეწოლასთან და უნდობლობასთანაც.

ქალთა მოძრაობა, ძალადობაგამოვლილ ფეხბურთელთან ერთად, სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებს. მათი პროტესტი უნდა გახდეს მიზეზი, პასუხისმგებელმა ინსტიტუციებმა საჯაროდ უპასუხონ არსებულ კითხვებს და უზრუნველყონ ქალი ფეხბურთელების უსაფრთხოება.

მოვითხოვთ:

_ მართლმსაჯულების პროცესში სრულად იყოს დაცული დაზარალებულის უფლებები, ღირსება და უსაფრთხოება;

_ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და საფეხბურთო კლუბებმა შექმნან ეფექტიანი და დამოუკიდებელი მექანიზმები სექსუალური ძალადობის, შევიწროების, ზეწოლისა და ანგარიშსწორების პრევენციისა და რეაგირებისთვის;

_ საჯაროდ განიმარტოს, რა რეაგირება მოჰყვა გასახდელად გამოყენებულ სივრცეში კამერების კანონის მოთხოვნათა დარღვევით განთავსებას და რა ზომებია მიღებული მსგავსი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად;

_ ფეხბურთის ფედერაციამ ასევე განმარტოს, რატომ აღარ არის ხელმისაწვდომი დღევანდელი მატჩის ტრანსლაცია, რომელშიც „ლანჩხუთის“ ფეხბურთელების პროტესტი ჩანდა“, _ აცხადებს „ქალთა მოძრაობა“.

გუშინ, ლანჩხუთელმა ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ მოთამაშეებს თამაშის წინ მისალმებისას ხელი არ ჩამოართვეს, მატჩის დაწყებისთანავე ბურთი ტრიბუნაზე გადააგდეს და გაშალეს ბანერი წარწერით: „ძალადობის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა“.

ამავე თემაზე წაიკითხეთ:

„ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა „ნიკე-ლუსოს“ მოთამაშეებს ხელი არ ჩამოართვეს და თამაში ჩაშალეს: „მოძალადის მხარდამჭერი ძალადობის თანამონაწილეა!“