გურული კერძების მასტერკლასი, ტურნირი თევზჭერაში და ნავებით დაშვება მდინარე სუფსაზე _ ლანჩხუთი მესამედ უმასპინძლებს თევზის ფესტივალს

|

Loading

თევზის ფესტივალი სუფსაში ბოლოს 2 წლის წინ გაიმართა

23 სექტემბერს, სოფელ სუფსაში თევზის ფესტივალი გაიმართება. ინფორმაციას ლანჩხუთის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც ცნობილი ხდება, 16:00 საათიდან სპორტული თევზჭერის მინი-ჩემპიონატი დაიწყება. მოეწყობა საბავშვო სივრცე, ფოტოზონა, ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული მასტერკლასი. იქნება ცოცხალი მუსიკა, დაინთება კოცონი, სუფსის სამუსიკო სკოლა წარსდგება სიმღერით _ „საქართველოზე“. ფესტივალს მუსიკალურად გააფორმებს ჯგუფი West Fire.

სტუმრებს საშუალება ექნებათ, დააგემოვნონ გრილზე შემწვარი თევზი, გაეცნონ ადგილობრივ ნაწარმს და თავადაც მიიღონ მონაწილეობა გურული კერძების მომზადებაში, სადაც მთავარი პროდუქტი თევზი იქნება.

ასევე შეუძლიათ, ნავებით დაეშვან მდინარე სუფსაზე და დატკბნენ ლამაზი ხედებით.

როგორც „გურია Today“-მ გაარკვია, ჯგუფ West Fire-ს წევრია ადგილობრივი შემსრულებელი შოთა მარგალიტაძე. სწორედ მასთან აქვს გაფორმებული მერიას ხელშეკრულება, სუფსაში კონცერტის ჩატარებაზე. შესყიდვის ღირებულება 10 ათასი ლარია.

ხელშეკრულებიდან ვიგებთ, რომ თევზის ფესტივალი ჯერ 16 სექტემბერს უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ უამინდობის გამო, 21 სექტემბრისთვის გადაიდო. საბოლოოდ კი, როგორც გაირკვა, ღონისძიება 23 სექტემბერს გაიმართება.

სუფსა თევზის ფესტივალს მესამედ უმაპინძლებს. პირველად ის 2022 წელს გაიმართა. მისი ჩატარების ინიციატორები არიან სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ია მოქია და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა, რომელმაც რამდენიმე წლის წინ, სუფსაში სახლი შეიძინა. ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი ადგილობრივი ხელისუფლებაა.

გასულ წელს, თევზის ფესტივალი არ ჩატარებულა, წინა დღეებში, მდინარე სუფსაში ბანაობისას 15 წლის გიორგი თირქიას დაღუპვის გამო.