ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი კახა ასკურავა სოციალურ ქსელში წერს, რომ დღეს, პარტიის ოფისიდან მიმავალს, ტროტუარზე შავი ფერის „შკოდა“ აედევნა, გვერდით გაუჩერა, მანქანაში მყოფმა პირმა ფანჯარა ჩამოსწია და გაჩერება მოსთხოვა.
„შავი „შკოდადან“ გადმოსული ორი ფორმიანი საპატრულო პოლიციის სახელით გამეცნო და დათვალიერება მომთხოვა, ხოლო ჩემს შეკითხვაზე _ თუ რის საფუძველზე მიპირებდნენ გაჩხრეკას, მიპასუხეს, რომ ეს ჩრეკა კი არა, გარეგანი დათვალიერება იყო და ამას პოლიციის შესახებ კანონი არეგულირებდა. როცა ჩანთას გიჩხრეკენ, ეს რანაირადაა თუნდაც გარეგანი დათვალიერება, არ მესმის!“ _ წერს ოპოზიციონერი ფეისბუკის პირად გვერდზე.
მისივე პოსტიდან ვიგებთ, რომ არ აპირებდა, მისივე სიტყვებით, „ამ სრულიად უკანონო და შეურაცხმყოფელ ბრძანებას დამორჩილებოდა“,მაგრამ ივარაუდა, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, პოლიციის დაუმორჩილებლობის მოტივით დამაკავებდნენ: „არც ეგაა პრობლემა, ვინც მიცნობს, კარგად იცის, თუ რამდენად მეშინია დაკავების და ამ 14 წლის მანძილზე რამდენჯერ ვყოფილვარ ხან დაკითხვაზე და ხანაც სასამართლოში, ე.წ. ბრალდებულის სკამზე. უბრალოდ, ჩემი ოჯახური პირობების გამო, ახლა ამისთვის არ ვიყავი მზად. ოფისიდან აფთიაქში მივდიოდი და ჩემი ხელით ამოვულაგე, რაც ჩანთაში და ჯიბეში მქონდა. რა თქმა უნდა, იქ კანონსაწინააღმდეგოს ვერც ვერაფერს აღმოაჩენენ ვერასოდეს“ _ წერს ასკურავა და ასეთი სახის ქმედებას, ყოველგვარი გონივრული ეჭვისა და წინაპირობის გარეშე, შეურაცხმყოფელსა და უკანონოს უწოდებს.
„გურია Today”-ს კახა ასკურავამ უთხრა, რომ ხელჩანთაში ჰქონდა მობილურის დამტენი, საფულე, სათვალე და დედის წამლები.
ლანჩხუთელი ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ როცა ადამიანს აჩერებს პოლიცია და სთხოვს, მისი ჯიბეები და ჩანთა უნდა დაათვალიეროს, იქვე ვალდებულია სამართალდამცველი, შეავსოს ოქმი და ამ დათვალიერებას უნდა ჰყავდეს მინიმუმ ორი მოწმე: „[სხვა შემთხვევაში], სად არის გარანტია, რომ კანონსაწინააღმდეგო ნივთი ჩანთიდან იქნა ამოღებული და არა სპეციალურად ჩადებული?“ _ წერს კახა ასკურავა და მოქალაქეებს მოუწოდებს, ანალოგიურ შემთხვევაში, პოლიციას ოქმის წარდგენა და 2 ნეიტრალური მოწმის დასწრება მოსთხოვონ.
იგი ასევე მიიჩნევს, რომ პოლიციის შესახებ კანონიდან ის მუხლია ამოსაღები, რომელიც დანაშაულის პრევენციის მიზნით, პოლიციას, „ყოველგვარი წინაპირობისა და მყარი გარემოებების გარეშე“, მოქალაქის ჩხრეკა/დათვალიერების უფლებას აძლევს.





