ეს „ელანძე მარცხი“ აღარაა: „გურიამ“ ისევ წააგო _ ასე იოლად საკუთარი კარისკენ უბნის ფეხბურთშიც არავინ გაგატარებს…

|

Loading

„გურიას“ შეტევებმა შედეგი ვერ გამოიღო | გელა პატარაიას ფოტო

ლანჩხუთური კლუბისთვის, ალბათ, ჯობდა _ თასზე თბილისის „დინამოსთვის“ არ მოეგო, თუ შემდეგ ორი ასეთი თამაში უნდა ეთამაშა. ახლა კი, ჩემპიონატში საქმეც გაირთულა და სტადიონზე ძლივს მობრუნებული ქომაგიც გაინაწყენა.

პლუს ქვეყნის მთავარ გუნდსაც ხასიათი გაუფუჭეს _ ლანჩხუთური ფიასკო რომ არა, იქნებ ვილნიუსის კოშმარი არც მომხდარიყო…

… ზედიზედ ორი თამაშია, მეორე ტაიმში, „გურია“ ფეხბურთს ვერ თამაშობს და ბოლო წუთებში, დაცვაში ისე იქცევა, ქომაგს უკან მობრუნების სურვილს დაუკარგავს.

აკი, უკვე ეტყობოდა „ევგრაფ შევარდნაძის“ ტრიბუნებს _ „ფირალების“ გარდა ადგილები ალაგ-ალაგ იყო შევსებული.

ნახეთ მატჩის ალბომი: გელა პატარაიას ფოტოობიექტივში მოხვედრილი საუკეთესო კადრები

ძნელი სანახავია, რაც „არაგვთან“ მოხდა და რაც დღეს „ლოკომოტივთან“ ვიხილეთ.

ბუქმეიქერულმა კანტორებმა დედაქალაქელების მოგებას 19,0 კოეფიციენტი მისცა. არცაა გასაკვირი: „ლოკომოტივი“ გასავარდნ ზონასთან ძალიან ახლოსაა, თან პირველი მატჩი თბილისში, „გურიამ“ 4:1 მოიგო.

რა თქმა უნდა, ფეხბურთი იმითაცაა მიმზიდველი, რომ პროგნოზი ყოველთვის არ ხდება, მაგრამ…

როცა ხედავ ერთსა და იგივე პრობლემას, რაღაც ხომ უნდა შეცვალო?

საკითხავია, რატომ არ ვაძლევთ ფეხბურთელების ნაწილს თავის გამოჩენის საშუალებას? ნუთუ მეტ შანსს არ იმსახურებს თუნდაც ვანო წილოსანი?

ბოლოს და ბოლოს, ლანჩხუთელია, გულს და სულს ჩადებს, მუხტს შემოიტანს.

„გურია“, წაგების შემდეგ, მესამე ადგილზე დაქვეითდა

ისიც გაუგებარი დარჩა, რა საჭირო იყო ცენტრალური მცველის გამოცვლა, როცა გუნდს გოლი ჰქონდა გასატანი?

ან მაშინ, როცა შეტევის თავიც არ გვაქვს და შეცდომას შეცდომაზე ვუშვებთ, რატომ ვიშიშვლებთ უკანა ხაზს, მით უმეტეს, ბოლო წუთებზე, როცა გამოსწორებისთვის დრო აღარ არის…

და კიდევ: როცა გუნდს ფიზიკურად აღარ შეუძლია, პრესინგს რატომ ვთამაშობთ? ამას ხომ მეტი გამძლეობა უნდა.

შედეგი სახეზეა _ ასე იოლად საკუთარი კარისკენ უბნის ფეხბურთშიც არავინ გაგატარებს…

ეს არ ჰგავს ლიგაში ყველაზე უზრუნველყოფილი გუნდის თამაშს…

„გურიას“ წაგებით ისარგებლეს „იბერია-1999“-2-მა და „გონიომ“ _ თბილისელებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლეს, აჭარლებთან და მე-3-4 ადგილებს ვიყოფთ. ვერ მოიგეს ლიდერმა „თბილისი-2025“-მა და კიდევ ერთმა კონკურენტმა „ორბიმ“, რომელსაც ლანჩხუთელი ბექა ბერიძე კაპიტნობს.

შემდეგ შეხვედრას, ლანჩხუთის კლუბი 13 აგვისტოს, თბილისში გამართავს, იქაურ „მერანთან“, რომელსაც პირველ წრეში, ფოთში 7:0 მოუგო.

06.08.2026 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 0:1 ლოკომოტივი

0:1 საჯაია (89′)

გურია: გურია: ისიანი, მელიავა, იაშვილი, კაკუბავა, გამბაროვი (46′ ოქროპირიძე), მაისაშვილი (79′ კოკაია), სიჭინავა (79′ ხუნდაძე), შარვაძე (87′ კახაბრიშვილი), ჩოთალიშვილი, ჩაგანავა, ქოქოსაძე (54′ კაპანაძე)