„ქვეყნის უახლეს ისტორია მხოლოდ წიგნების ფურცლებზე არ იწერება – ეს იყო ჩემი მთავარი სათქმელი” – ასე უპასუხა მარიამმა გაზეთ „ბათუმელების“ კითხვას, რატომ გადაწყვიტა წელს ისტორიის ეროვნულ გამოცდაზე მისვლა მაისურით, რომელსაც ეწერა: “მამაჩემი გმირია”.
მარიამ წილოსანი აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, შინდისის გმირის, ემზარ წილოსანის შვილია. 2008 წლის 11 აგვისტოს, როცა 29 წლის ემზარ წილოსანი 20 თანამებრძოლთან ერთად, სოფელ შინდისთან, რუსეთის შეიარაღებული ძალების ასეულს ებრძოდა, მარიამის 1 თვისაც არ იყო, მისი უფროსი ძმა, შაკო კი – 1 წლის. შვილებს მამა, ცხადია, არ ახსოვთ. მასზე ოჯახის წევრები და ნათესავები უყვებიან.
„მამაჩემი გმირია. ჩვენი გმირების ღირსების და თავგანწირვის ისტორიას მათი შვილები და მათი ოჯახები აგრძელებენ” _ ამბობს იგი.
მარიამს ყველაზე მეტად უყვარს ისტორია იმის შესახებ, როგორ გაუხარდა მამას მისი დაბადება. “მეუბნებიან, რომ დაიბადე, ძალიან გაუხარდაო. ძალიან უნდოდა გოგო შვილი და ჭკუაზე არ იყო, სანათესაოში დარბოდა და გახარებული ამბობდა, მარიამი შემეძინაო” – თქვა მან გამოცემასთან საუბარში.
„პასუხისმგებლობაა, რომ ამხელა სტატუსს ვატარებ, რომ გმირი მამა მყავდა და მის სახელობის სკოლაში ვსწავლობდი. ვცხოვრობ რაიონში, სადაც თვითონ გაიზარდა და მას ყველა იცნობდა. ამ სკოლაში სიარული და ამ ხალხთან კონტაქტი ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა. რთულია, როცა გარშემომყოფები შენგან ბევრ ელოდებიან და შენ გინდა, რომ ყველაფერი ისე გააკეთო, რომ იამაყონ შენით. რთულია, ეს მოლოდინები ბოლომდე გაამართლო. ჩემი ოჯახის წევრები, მაგალითად, დედა და ბებია მეუბნებიან, რომ მამაშენი იამაყებდა შენითო. თვითონაც ამაყობენ ჩემით”, – ესეც მარიამის სიტყვებია.
სრულად წაიკითხეთ სტატია: „ისტორია მხოლოდ წიგნის ფურცლებზე არ იწერება” – შინდისის გმირის შვილის, მარიამ წილოსანის სათქმელი




