„უკეთესად ვერ აშარჟებს მაკვარანცხებს ლექსადა, იუმორის მამა გვყავდი, მოვლენილი ლესადან…“ _ რა სთხოვა დიმიტრი ბერიძემ „გურია თუდეის“?

|

Loading

დიმიტრი ბერიძე მეუღლესთან ერთად

ლანჩხუთს დიმიტრი ბერიძე აღარ ჰყავს _ მართლაც სახალხო მთქმელი, ხალხის პულსზე რომ ეჭირა მუდამ ხელი…

ვისაც ეკუთვნოდა, ისე ოსტატურად ეუბნებოდა სათქმელს, მწარე იყო, მაგრამ ვერავინ გაუბრაზდებოდა, იმდენად ალალი კაცი იყო…

ძალიან გაუჭირდა მეუღლის გარეშე… ეს მის ლექსებშიც იკითხებოდა…

თუმცა ცდილობდა, მხნედ ყოფილიყო… ბოლო ლექსი ერთი კვირის წინ გამოაქვეყნა…

ემოციურია თეო ბერიძეს დამშვიდობება საამაყო ბაბუსთან:

ხელის კანკალით ვიღებ კალამს
და ვიწყებ წერას ლექსის,
ვიცი, ჯერ შენი სული აქ არის
და ჩემი ისევ გესმის…

ალბათ, გამომყვა შენი გენი და
ამ სტრიქონებსაც ვბედავ,
შორს ვარ, ჯერ კიდევ შენს თბილ სხეულთან,
მაგრამ ზეციდან მხედავ.

თუ როგორ მიჭირს სიტყვების შერწყმა,
დამშვიდობება შენთან,
ვიცი, რომ მალე ახლოს იქნები,
შენს ჟუჟუსთან და ღმერთთან.

მშვიდობით, ბაბუ! მიჭირს წარმოთქმა,
ცრემლი მისველებს ფურცელს,
გაფრინდა ზეცად და საგულეში
მას გული აღარ უცემს.

მე, შვილიშვილი დიმას სახელით,
ყველას მადლობას გიხდით
თვითონ ზეციდან დაგლოცავთ ყველას,
სხვა ვერაფერს ვწერ… მიჭირს.

ლანჩხუთელ სახალხო მთქმელს ემშვიდობებიან მეგობრები და კოლეგები.

„დღეს კიდევ ერთი სანთელი ჩაქრა ქართული სიტყვის ტაძარში… დიმიტრი ბერიძე წავიდა, მაგრამ ვერ წაიღო ის, რაც ყველაზე მეტად ეკუთვნოდა — მისი სიტყვა, მისი ლექსები, მისი სულიერი კვალი აქ, მკითხველისთვის დატოვა. პოეტი არ კვდება მაშინ, როცა მიწას ბარდება; პოეტი ცოცხლობს იქ, სადაც მისი სტრიქონები ადამიანთა გულებში აგრძელებენ სუნთქვას. მწუხარებით ვემშვიდობებით კაცს, რომელმაც თავისი განცდები, სიყვარული, ტკივილი და სამშობლოსადმი ერთგულება სიტყვებად აქცია და მკითხველს დაუტოვა“ _ ვკითხულობთ ფეისბუქ-ჯგუფში „პოეტები საქართველოსი“ გამოსათხოვარ წერილში, სადაც გამოხატულია სამძიმარი ოჯახის, ახლობლების, მეგობრებისა და მის შემოქმედებაზე შეყვარებული მკითხველის მიმართ.

იქვე წერია: „მისი ლექსები დარჩება, როგორც სულის ანაბარი, როგორც დროისთვის ნათქვამი გულწრფელი სიტყვა. ძნელია დაემშვიდობო ადამიანს, რომლის ხმა ჯერ კიდევ ისმის მისივე სტრიქონებში. მაგრამ სწორედ ეს არის პოეტის უკვდავება _ სხეული მიდის, ხოლო სიტყვა რჩება. მწუხარებით ვემშვიდობებით კაცს, რომლის გულშიც სიტყვა ლოცვასავით ცოცხლობდა და რომლის კალამიც სიყვარულს, სამშობლოს, ადამიანურ ტკივილსა და სიხარულს ემსახურებოდა“.

„მაკვარანცხებო“, ასე ლექსად დამემშვიდობეთო, გვთხოვა, „მისებურად“ რომ მივულოცეთ დაბადების დღე…

თხოვნას გისრულებთ:

უკეთესად ვერ აშარჟებს
მაკვარანცხებს ლექსადა,
იუმორის მამა გვყავდი,
მოვლენილი ლესადან…

ყველა „გაგიშავებიათ“,
მერია თუ მინისტრი,
არასოდეს დაგივიწყებთ,
ჩვენო ბერიძე დიმიტრი!

მუდამ გვემახსოვრები, კეთილო ბერიკაცო!