ექსკლუზივი: რატომ დააკავეს „ლანჩხუთის“ [სავარაუდო] ყოფილი სპონსორი და ახლა მისი კონკურენტის, „ნიკე-ლუსოს“ თურქი მეპატრონე?

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | სფფ-ის შენობა, „ნიკე-ლუსოსა“ და „ლანჩხუთის“ ლოგოები

„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ, ქართველმა სამართალდამცველებმა „ნიკე-ლუსოს“ მფლობელი მეჰმეთ უიარი დააკავეს. ეს ამბავი არ გახმაურებულა, მათ შორის ქალთა ფეხბურთზე მომუშავე ონლაინ-მედიასაც არაფერი დაუწერია.

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, „ლანჩხუთი“ მთავარი კონკურენტი კლუბის მეპატრონის წინააღმდეგ საქმე ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს აღიძრა.

ჩვენ დეტალების გაგება ვცადეთ როგორც შს სამინისტროსგან, ასევე ოფიციალური წერილით მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ორივე უწყებამ იმ მიზეზით, რომ ჩვენი მოთხოვნა „პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა“, საქმის დეტალების მოწოდებაზე უარი გვითხრა.

ქართული კლუბის თურქი მფლობელის დაკავება დროში ემთხვევა „ნიკე-ლუსო“-„ლანჩხუთის“ გახმაურებულ შეხვედრას, რომლის დასრულების შემდეგ, გურულების მტკიცებით, თბილისური კლუბის თურქი ქომაგები მათ მოთამაშეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ [ცნობილი ფაქტია, რომ ქომაგები მეზობელი თურქეთიდან ხშირად ჩამოდიან იმ გუნდის საქომაგოდ, რომელსაც მათი თანამემამულეები მართავენ].

ამის გამო, „ლანჩხუთმა“ „ნიკე-ლუსოს“ მკაცრად დასჯა მოითხოვა და ჩემპიონატის მიტოვებითაც დაიმუქრა. მართალია, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი მკაცრ სანქციებს ასცდა, მაგრამ გურიის მთავარმა გუნდმა ქალთა ლიგაში ასპარეზობა გააგრძელა.

„მეტოქე გუნდის ქომაგებმა მოედანზე შემოსვლა საფინალო სასტვენამდე დაიწყეს… ჩვენს ფეხბურთელებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს” – “ლანჩხუთი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

შესაძლებელია თუ არა, რომ მეჰმეთ უიარის დაკავება სწორედ აღნიშნულ მატჩს უკავშირდებოდეს?

რა თქმა უნდა, არაფრის მტკიცება არ შეგვიძლია, მაგრამ ზემოხსენებული შეხვედრა 2025 წლის 20 სექტემბერს გაიმართა და მატჩის შემდეგ მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობდა. ჩვენი ორი დამოუკიდებელი წყაროს ინფორმაციით კი, სისხლის სამართლის საქმის აღძვრა 20205 წლის დეკემბერში მოხდა.

თუმცა აქვე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ წყაროს ცნობითვე, უშუალოდ მეჰმეთ უიარი არ ჩანს კადრებში, რომელიც მატჩისშემდგომ შეხლა-შემოხლას ასახავს.

შეგახსენებთ, რომ გახმაურებული სკანდალური მატჩის შემდეგ, მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე, მოედანზე „ნიკე-ლუსოს“ ქომაგები შეიჭრნენ. ლანჩხუთის კლუბის მესვეურები აცხადებდნენ, რომ ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ მათი გუნდის არასრულწლოვან წევრს, 16 წლის ანანო წიქარიძესა და კოლუმბიელ ლეგიონერს _ გაბრიელა კამარგოს.

[სკანდალი] „ლანჩხუთის“ ფეხბურთელს, 16 წლის ანანო წიქარიძეს მეტოქე გუნდის ქომაგმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა

„…ამის შემდეგ, „ნიკე-ლუსოს“ ქომაგები, თურქი ეროვნების კაცები მოვიდნენ და დაიწყეს ფიზიკური შეტევა ფეხბურთელებზე“ _ რას იხსენებს გაბრიელა კამარგო

ასევე საინტერესო ფაქტია, რომ მეჰმეთ უიართან დაახლოებული პირი _ ბურჰან იალვაჩი ცოტა ხნით „ლანჩხუთთან“ თანამშრომლობდა, კონკრეტულად კი, სასპონსორო დახმარებას უწევდა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ მას შემდეგ, რაც უიარის მფლობელობაში გადავიდა „ნიკე“, დირექტორატში ის სწორედ იალვაჩთან ერთად გამოჩნდა, დიდი შანსია, „ლანჩხუთის“ რეალური სპონსორიც სწორედ უიარი ყოფილიყო. ამ ვერსიის სასარგებლოდ შეიძლება იმ ფაქტის მოყვანაც, რომ საქართველოში თითქმის ყველა ბიზნესაქტივობაში, სადაც დირექტორატში იალვაჩი ფიგურირებს, იმ კომპანიის მფლობელი უმეტესად უიარია.

„გურია თუდეი“ ორივე კლუბს დაუკავშირდა, ხომ არ უკავშირდებოდა მეჰმეთ უიარის წინააღმდეგ საქმის აღძვრა ზემოხსენებულ გახმაურებულ შეხვედრას.

„ლანჩხუთის“ წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ გახმაურებული მატჩის შემდეგ მათი ორი ფეხბურთელი დაკითხეს.

მფლობელის წინააღმდეგ აღძრული საქმის კლუბთან კავშირს „ნიკე-ლუსოს“ წარმომადგენელი გამორიცხავს და აცხადებს, რომ ეს პირადი ხასიათის საქმეა. კლუბის დირექტორმა, უჩა ურუშაძემ გვითხრა, რომ მეჰმეთ უიარი, თავისივე პირადი გადაწყვეტილებით, თბილისური კლუბის მფლობელი აღარ არის.