რატომ ეგონა ლანჩხუთი საქართველოს დედაქალაქი და რის გამო დასცინოდნენ პარიზელი ბიჭები ნოე ჟორდანიას ვაჟს _ 22 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ რეჯებ ჟორდანიასთან

|

Loading

გთავაზობთ არქივიდან ექსკლუზიურ ინტერვიუს ნოეჟორდანიას შვილთან, რეჯებ ჟორდანიასთან, რომელიც 2004 წელსაა ჩაწერილი.

ნოე ჟორდანიას შთამომავლები ნათელა და რეჯებ ჟორდანიები, ასაკის მიუხედავად, მხნედ გამოიყურებიან. აშშ-ის უნივერსიტეტების 82 წლის ქართველი პროფესორი ბატონი რეჯები 68 წელი ელოდა იმ დღეს, როცა სამშობლოში  ჩამოვიდოდა. იგი პარიზში დაიბადა, მისი და ნათელა კი ერთი წლისა იყო, როცა მშობლებთან ერთად საქართველო დატოვა. ქალბატონ ნათელას ქართულად ლაპარაკი ძალიან უჭირს, ამიტომაც უფრო ვრცლად ბატონ რეჯებს ვესაუბრეთ, თუმცა მეც ქართული ცოტა მიძნელდებაო და დამხმარედ ქალიშვილი ნიკოლი იხმო, მაგრამ მასთან სასაუბროდ შუამავალი სულაც არ დაგვჭირვებია _ ნოე ჟორდანიას ვაჟი ჩვენს შეკითხვებსაც ხვდებოდა და პასუხებსაც გასაგებად გვცემდა.

_ ბატონო რეჯებ, თქვენს შესახებ ყველაფერი გვაინტერესებს, ამიტომაც ბავშვობით დავიწყოთ…

_ დავიბადე პარიზში. იქვე გავიზარდე, საკმაოდ დიდ დროს ვატარებდი ლევილში.

_ ცელქი ბავშვი იყავით?

_ (იცინის). კი, აბა რა… ყველა ბავშვი ცელქია, მაგრამ ქართველი განსაკუთრებით… ძალიან ცელქი ვიყავი… ერთხელ        მასწავლებელმა დამტუქსა. შემომარტყა კიდეც, ავდექი და ცარცი ვესროლე, ცხვირ-პირში მოხვდა (იცინის).

_ როდის მიხვდით, რომ თქვენ ქართველი იყავით და არა _ ფრანგი?

_ ალბათ, ძალიან ადრე, ქართველი ემიგრანტების შვილებთან ვმეგობრობდი, ფრანგებთან ნაკლებად. ბავშვობიდანვე ვისწავლე ენები _ ფრანგული, ინგლისური. დედა რუსი მყავდა, ორენბურგელი ინა კორნეევა და აქედან გამომდინარე, რუსულიც. მაშინ ასეთი        აზრი იყო _ ენების სწავლა ბავშვებისთვის მავნებელი იყო…

_ ფრანგული სკოლის ცხოვრებიდან რას გაიხსნებედით?

_ აი, სკოლაში მივხვდი, რომ ოჯახს ძალიან გვიჭირდა. ტანსაცმელს დედა მიკერავდა, ამიტომ სკოლაში ბიჭები დამცინოდნენ კიდეც, მაგრამ იხტიბარს არ ვიტეხდი, ასეთი მომწონს-მეთქი. ზოგი ამბობდა, რომ მამაჩემი და საერთოდ, საქართველოდან დევნილი მთავრობა წაღებული ძვირფასეულობით ირჩენდა თავს, არადა, იმ ნივთებს არაფერი მოჰკლებია.

_ მაშ რითი ირჩენდით თავს?

_ მამაჩემი ბევრს მუშობდა, წერდა… სახელმწიფოს მისი მთავრობის ვალი ჰქონდა, იმას უხდიდნენ, თუმცა მიზერული იყო. როცა მამა გარდაიცვალა, დედამ მის პენსიაზე უარი თქვა და მიზერულ თანხას იღებდა მხოლოდ. მამა ხშირად ამბობდა, 85 წელს ვერ მივაღწევო და ასეც მოხდა, რამდენიმე ხნით ადრე გარდაიცვალა.  

_ უკვე ბავშვობიდან იცოდით, რომ დევნილი მთავრობის მეთაურის შვილი იყავით?

_ მამაჩემი ბავშვებს პოლიტიკაზე არასოდეს გვესაუბრებოდა, ამიტომ თავიდან არც კი ვიცოდი, რაში იყო საქმე. თუმცა ის კარგად მახსოვს, რომ ჩვენთან სახლში ხშირად იყო შეკრებები. დევნილი მთავრობის წევრები იყრიდნენ თავს, მათ შორის უმეტესად ლანჩხუთელები იყვნენ და ხშირად ლანჩხუთზე საუბრობდნენ. ამიტომ მეგონა, რომ ლანჩხუთი საქართველოს დედაქალაქი იყო.

ბატონი რეჯები მარცხნიდან პირველი | ჟორდანიების სტუმრობა ლანჩხუთში, მამუკა ჟორდანიას სახლში

ოცნება მქონდა, ჩემი ქვეყანა და ის ქალაქი მენახა, სადაც ჩემი წინაპრების საფლავები იყო. 68 წელი ვოცნებობდი, მინდოდა მენახა ჩემი ბებია, რომელმაც ლანჩხუთში სახლ-კარი არ მიატოვა, თუმცა იცოდა, რომ შეიძლებოდა თავისიანები ვერასოდეს ენახა. ერთი ქნეს კომუნისტებმა, ბებია არ შეუვიწროვებიათ, რაც ძალიან გვიკვირდა…

_ თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ სახლი მაინც დაანგრიეს.

_ კომუნისტებმა იქ ჩაის ფაბრიკა ააშენეს. ახლა გაკეთებულია სკვერი, სადაც სურთ, მამაჩემის ძეგლი დადგან.

_ თუ არ ვცდები, საუბარია სახლის აგებაზეც…

_ ოოო, ძალიან ბედნიერი ვიქნები, ძველი სახლის სურათი ჰქონიათ და იმის მიხედვით აპირებენ აგებას. თუ საქართველოში დავბრუნდები, მხოლოდ ლანჩხუთში, წინაპრების ნასახლარზე ვიცხოვრებ.

_ ბატონო რეჯებ, სკოლის შემდეგ რა განათლება მიიღეთ?

_ თქვენ ბაღზე არაფერი მკითხეთ, ძალიან კარგად მახსნედება ის წლები. სკოლის შემდეგ იყო გიმნაზია. მუსიკალური სასწავლებელი, კონსერვარტორია, თუ რა ჰქვია… შემდეგ პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა დავამთავრე, უცხო ენებისა და ენათმეცნიერების ინსტიტუტი… ამჟამად ვარ პროფესორი და აშშ-ის ინსტიტუტებსა და კოლეჯებში ლექციებს ვკითხულობ.

_ ახლაც?

_ კი, რატომ გაგიკვირდა, ჯანიც მერჩის და გონებაც ძველებური მაქვს. რა, მეტყობა 80 წლის რამე?

_ ნამდვილად არა! ბატონო რეჯებ, თქვენ ცხოვრების ნახევარი საფრანგეთში გაატარეთ, მაგრამ ბოლო 40 წელი _ ამერიკაში. იქ რატომ წახვედით?

_ ოო, ეს ჩემი მეორე მეუღლის, მელის დამსახურებაა, რომელიც ამერიკელი იყო. ესპანეთში მოგზაურობისას შევხვდი. თავიდავნე შეგვიყვარდა ერთმანეთი, ჩვენში რომ იტყვიან, ერთი ნახვით შემიყვარდა. უცხოეთში ვიმოგზაურეთ, პარიზში ჯვარი დავიწერეთ და წავედით ამერიკაში. ნიკოლი და თამარი იქ შემეძინა, მელი 7 წლის წინ გარდაიცვალა.

_ თქვენს პირველ მეუღლეზე არაფერს გვეტყვით?

_ კი, ვიცი, საქართველოში ეს თემა ცოტა დახურულია, მაგრამ რა ვქნა, თუ მესამე ცოლი მყავს (იცინის). პირველი მეუღლე გახლდათ თამარ ვაჩნაძე. უფრო სწორად, ვაჩნაძე დედა ჰყავდა. მამა უნგრელი იყო. ჩემი უფროსი ვაჟის, ზოლტანის დედა თამარი გახლდათ. არაჩვეულებრივი ქალბატონი.

რეჯებ და ნათელა ჟორდანიები ლანჩხუთში 2004 წელს | მალე ამ ადგილზე ნოე ჟორდანიას ბიუსტი დაიდგა

_ თქვენი მესამე მეუღლე?

_ ჩვენ უკვე 20 წელია, დაოჯახებული ვართ, ხომ ასეა (მეუღლეს ინგლისურად მიმართა). არა, 25 ყოფილა (იცინის). მრავალსართულიან სახლში 30-ე სართულზე ვცხოვრობთ. არ შეგეშინდეთ, შუქი არის და ლიფტიც მუშაობს. თუმცა კიბით ახლაც არ გამიჭირდებოდა ასვლა.

_ მეუღლეებსა და შვილებზე უკვე გვითხარით, შვილიშვილები გყავთ?

_ ჯერ არა, იმედია, შვილები ამ ბედნიერებასაც მომასწრებენ.

_ ქართველი კაცი მოქეიფე იქნებოდით…

_ რა თქმა უნდა. ადრე მართლა კარგად ვსვამდი, ახლა ცოტ-ცოტას ვწრუპავ, ქართულ ღვინოზე ვგიჟდები, გურულ ადესაზე ხომ საერთოდ და თუ მეუღლემ არ შემახსენა, შეიძლება გამოვთვრე ეს 82 წლის კაცი (იცინის). ისე, ერთ ბოთლამდე ვსვამ.

_ ქართული საჭმელებიდან რა მოგწონთ?

_ ყველაფერი _ საცივი, გოჭის ხორცი, გურული ჩახოხბილი, ხაჭაპური… ახლა ლანჩხუთში ნათესავებმა ისეთი ტორტი მაჭამეს, ნიძლავს დავდებ, უკეთესს მსოფლიოში ვერავინ გამოაცხობს. ჟორდანიები ამაშიც მაგრები ვართ (იცინის).

_ ბატონო რეჯებ, თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

_ ეჰ, ჩემო შვილო, აქ გიჭირთ, თორემ ამერიკაში დროს კი გაატარებ. ბოლო დროს უფრო ვკითხულობ, ცოტათი ვვარჯიშობ კიდეც, ახლახან წიგნიც დავწერე `გავიზარდე ლევილში~…

_ თქვენ თქვით, საქართველოში ჩამოსვლაზე 68 წელი ვოცნებობდიო, პირველ ვიზიტს როგორ გაიხსენებთ?

_ როცა წამოვიზარდე, იმედი კი მქონდა, რომ ამას მოვესწრებოდი, მაგრამ ამისთვის კომუნისტების დამხობა იყო საჭირო. აბა, წითლების~ დროს ჩვენ ვინ ჩამოგვიშვევდა? როცა ჩვენთან სახლში იკრიბებოდნენ, ყველას ჰქონდა იმედი, რომ საქართველოში სულ მალე ჩამოვიდოდნენ. ოცნებაში ათწლეულები გავიდა, ბევრი დაიღუპა კიდეც. თვალები ცრემლებით ამევსო, როცა პირველად დავდგი ფეხი მშობლიურ მიწაზე. ეს 1990 წელს მოხდა…

მამუკა ქანთარია