რამდენი სკოლა, მოსწავლე და მასწავლებლებელია გურიაში და რამდენი მე-12 კლასელისთვის დაირეკება წელს „ბოლო ზარი“?

|

Loading

ლანჩხუთში ყველაზე მეტი მოსწავლე 1-ელ საჯარო სკოლაშია

გურიაში სულ 101 სკოლაა, აქედან ყველაზე მეტი (44) _ ოზურგეთში. მეორე ადგილზეა ჩოხატაური 32 სკოლით, ხოლო ლანჩხუთში ყველაზე ცოტა სასწავლო დაწესებულებაა (25).

რეგიონში 13 743 მოსწავლეა, აქედან წელს სკოლას 950 ამთავრებს, ხოლო მასწავლებელთა რაოდენობა არის 2249. უმრავლესობა ქალი პედაგოგია (1902), გურიის სკოლებში მხოლოდ 347 კაცი ასწავლის.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა რაოდენობითაც პირველ ადგილზე ოზურგეთია. რეგიონის მთავარ ქალაქში ჯამში 8065 მოსწავლე (წელს სკოლას 552 ამთავრებს) და 1091 მასწავლებელია, აქედან დიდი უმრავლესობა (961) ქალი პედაგოგია.

ლანჩხუთის სკოლების 3460 მოსწავლიდან წელს 225-ისთვის დაირეკება „ბოლო ზარი“. მასწავლებელთა რაოდენობა 584-ია, საიდანაც გურიაში ყველაზე ცოტა, მხოლოდ 99-ია კაცი.

რაც შეეხება ჩოხატაურს _ სულ 2218 მოსწავლეა, სკოლას წელს 173 ამთავრებს, ხოლო მასწავლებელთა რაოდენობა მხოლოდ 10-ით ჩამორჩება (574) ლანჩხუთისას. ქალი პედაგოგია 456, კაცი _ 118.

გურიაში ერთ სკოლაში საშუალოდ 136 მოსწავლე და 22 მასწავლებელია, ანუ დაახლოებით 6 მოსწავლეზე 1 პედაგოგი მოდის.

ოზურგეთში, საშუალოდ ერთ სკოლაში ყველაზე მეტი მოსწავლეა (183), ჩოხატაურში 2,65-ჯერ ნაკლები (69), ხოლო ლანჩხუთში ერთ სკოლაზე 138 მოსწავლე მოდის.

საშუალოდ ერთ სკოლაში, მასწავლებლების რაოდენობით პირველ ადგილზე ლანჩხუთია (23 პედაგოგი), ოზურგეთში ეს მაჩვენებელია ცოტათი ნაკლებია (22), ხოლო ჩოხატაურში ერთ სკოლაში გაანგარიშებით 18 მასწავლებელიც არ მოდის.

სამაგიეროდ, ჩოხატაურში 4 მოსწავლეზე ნაკლებზე მოდის საშუალოდ 1 პედაგოგი, როცა დანარჩენ ორ მუნიციპალიტეტში იგივე მაჩვენებელი დაახლოებით 6 მოსწავლეზეა (ლანჩხუთში 5,93, ხოლო ოზურგეთში _ 6,11).