შაბათს, ლანჩხუთი უკანასკნელ გზაზე გააცილებს „გურიას“ ლეგენდას, რომელმაც მშობლიურ კლუბს, ქალაქსა და საქართველოს დიდი სიხარული არაერთხელ მოუტანა. მასზე ლეგენდები დადის _ შეუპოვარი და შეუჩერებელი იყო, ფლანგებზე ვერცხლისწყალივით დაქროდაო. ფინალებში გატანილი გოლები, ერთ მატჩი მეტოქის კარის 7-ჯერ დალაშქვრა დღესაც ახსოვთ გულშემატკივრებს.
ბოლომდე, ტრავის ფასადაც რომ დაჯდომოდა, მაინც ბოლომდე იცოდა ბრძოლა. ამიტომაც მოუწია „დინამოდან“ წამოსვლა, რომ პერსპექტიული ბიჭი უკვე ჭაბუკთა ნაკრების წევრიც იყო და მეტოქის მეკარესთან შეჯახებისა ყბა გაუტყდა. საკუთარ ქორწილშიც კი „გადაბინტული“ მჯდარა, რადგან წინადღეს თამაში ჰქონია და, რა თქმა უნდა, თავდაუზოგადავდ ითამაშა.
მის მწვრთნელობაზე არაფერს ვიტყვით _ ცხოვრებაში სულ რომ არაფერი გაეკეთებინა, 1986 წლის შედეგი ეყოფოდა ისტორიაში ჩასაწერად.
გთავაზობთ გაზეთ „ლანჩხუთი პლუსში“ ბეგის სიხარულიძის 70 წლისთავთან დაკავშირებით 2016 წელს გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც „გურიას“ ლეგენდის შესახებ სახელოვანი თანაგუნდელები საუბრობენ.
თემურ ჩხაიძე, „გურიას“ ლეგენდარული კაპიტანი, საუკუნის მოთამაშე:
_ ბეგი სიხარულიძეს ბავშვობიდანვე ვიცნობ, ასე ვთქვათ ,,აუტჩიკის’’ ასაკიდან… მერე მომიწია დაშორება, მე თბილსში წავედი კარიერის გასაგრძელებლად. 1975 წელს დავბრუნდი ,,გურიაში’’ და ბეგი დამხვდა, როგორც მოქმედი ფეხბურთელი და სამი სეზონი ერთად მოგვიწია თამაში. ძალიან კარგი პარტნიორი იყო მოედანზე, მე ნახევარმცველი ვიყავი, ის გარემარბი. უშიშარი, არ ერიდებოდა სირთულეს, ფათერაკიანიც იყო, ხან ყბა ჰქონდა მოტეხილი, ხან ხელი, ხანაც ფეხი. ამის მიუხედავად, სულ მომდევნო თამაშებზე ფიქრობდა. ფეხბურთელების დიდ ნაწილს ამდენი ტრავმის შემდეგ შიში ეუფლება, ბეგი გამონაკლისი გახლდათ.
მერე, როგორც მწვრთნელთან ისე მომიწია მასთან მუშაობა, თავს უხერხულად ვგრძნობდი: გუშინდელი თანაგუნდელები დღეს მწვრთნელი და მისი შეგირდი გავხდით. თუმცა, რა თქმა უნდა, ზღვარს ყოველთვის ვიცავდი.
1985 წლის ბოლოს ოჯახური პირობების გამო შალვა კაკაბაძე თბილსში გადავიდა და ბეგი გახდა მთავარი მწვრთნელი. ლეგენდარული მწვრთნელის წასვლის შემდეგ გუნდის ხელმძღვანელობა ახალი დამრიგებლის მოყვანას ფიქრობდა. ბატონ ბეგის მისმა უმცროსმა მეგობრებმა ვთხოვეთ, რომ საკუთარ თავზე აეღო მწვრთნელის ფუნქცია და დავპირდით, რომ მხარში ამოვუდგებოდით. სიტყვა შევასრულეთ და მივიღეთ ის შედეგი, რამაც, აალაპარა მთელი საბჭოთა კავშირი _ „გურია“ საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა. მაშინ ჩაკეტილად ვცხოვრობდით. ეს დრო რომ მოგვწეოდა, დამერწმინეთ, მსოფლიო ალაპარაკდებოდა.
რატომ არ გვინდოდა ბეგის გაშვება? იმიტომ, რომ ჯერ იყო შალვა კაკაბაძე, რომელიც ძალიან მაგარი სელექციონერი გახლდათ და ფეხბურთელის შერჩევა იცოდა. მერე მოვიდა ალიოშა კოტრიკაძე, რომელიც კარგი ტაქტიკოსი იყო. მერე მურთაზ ხურცულავა _ კარგი ტაქტიკოსი, მკაცრი, მწვრთნელი, რომელიც დიდ ყურადღებას გუნდის ფიზიკურ მომზადებას ანიჭებდა. ბეგის სამივესთან მოუწია მუშაობა და სამივესგან აიღო ის თვისებები, რაც მთავარ მწვრთნელს სჭირდებოდა და აჰა, ბატონო, შედეგიც მოვიდა.
ეს პატარა პროვინციული კლუბი გადავიდა უმაღლეს ლიგაში. ეს ყველაფერი ბეგის დამსახურება იყო. ჩვენი ბრძოლით, შრომით მოხდა ეს ყველაფერი და გული მტკივა, რომ გაიძახოდნენ: ,,გურია’’ ჩაწყობილ თამაშებს იგებდაო.
1986 წელს ვთამაშობდით ნიკოპოლში, მატჩი ფრედ დამთავდა. როცა გადახედეს სატურნირო ცხრილს, აღმოჩნდა, რომ 43 ქულა გვქონდა დაგროვებული (მანამდე ფიქრიც არ ყოფილა უმაღლეს ლიგაზე), შემდეგი გასვლა გვქონდა ზაპაროჟიეში. ბეგი მოდის და მეუბნება, საჭმლის ფული არ გვაქვსო. მაშინ ჩვენთან ერთად ასპარეზობდა ორჯონიკიძის ,,სპარტაკი’’, წყვილში ვიყავით ერთად, „სპარტაკი“ რომ ზაპაროჟიეში თამაშობდა, ჩვენ ნიკოპოლში და პირიქით. ვნახე ,,სპარტაკის’’ კაპიტანი თემურ გაგლოევი და 1000 მანეთი გამოვართვი, რომ სასტუმროში დავბინავებულიყავით და საჭმელი გვეჭამა.
ჩავედით ზაპაროჟიეში. იქ ჩამოვიდა ჩვენი რაიონის ხელმძღვანელობა და გვითხრეს, რომ არის დიდი შანსი ვიბრძოლოთ უმაღლესი ლიგისათვის, ოღონდ დღეს უნდა მოიგოთო. თამაში 2-1 მოვიგეთ და ამ მოგებით გამოჩნდა გზა…
შემდეგ იყო რთული თამაში მოსკოვის ,,ლოკომოტივთან’’, კრასნოდარის ,,ყუბანთან’’. ერთ-ერთი ურთულესი თამაში კი რიგის ,,დაუგავასთან’’იყო, ვაგებდით 0-1 და მოვიგეთ 2-1. ის დიდი სიხარული ტრიბუნებზე ვერ დაიტია ხალხმა და პირდაპირ სტადიონზე გადმოვიდა, ჩვენთან ერთად რომ ეზეიმათ წარმატება.
მატჩის კომისარმა ეს ფაქტი ოქმში დააფიქსირა და „გურიას“ ლანჩხუთში (50 კმ რადიუსში) აეკრძალა მომდევნო თამაში. ამიტომ გადაწყდა მოსკოვის „ლოკომოტივთან“ ბათუმში ვითამაშებდით. გულშემატკივარს ახსოვს, რა ამინდი იყო, წვიმა, ტალახი, ბურთის გაჩერება და პასის მიცემა ჭირდა. ბესო ფრიდონაშვილის ერთადერთმა გოლმა მოგვიტანა ის სიხარული, რასაც მოჰყვა უმაღლესი ლიგა.
ზემოთ ვახსენე, რომ ბატონი ბეგი ფათერეკიანი იყო. ერთი ფაქტი მახსენდება: თამაშის მომდევნო დღეს ქორწილი აქვს, მივიდა შალიკო და სთხოვა ითამაშეო, ბეგი არ თანხმდებოდა. თამაშის წინა საღამოს მწვრთნელმა სახლში მიაკითხა, დალოცა მომავალი ქორწილი, დალია რამოდენიმე ჭიქა, მოკლედ ,,შეკერა’’ ოჯახი. გავიდა სათამაშოდ ბეგი. გითხარით, არ იცოდა შეპუება მეტოქესთან მეთქი და მოუწია პირდაპირ მეკარესთან შეჯახება: ორთაბრძოლაში მეკარეს შეასკდა და წარბი გაიხეთქა… სიძე ქორწილში ,,სკოჩით’’ იჯდა.
ომარ პერტენავა, „გურიას“ სახელოვანი შემტევი:
_ ბეგის ვიცნობ 1967 წლიდან. ხუთი წელი ვითამაშეთ ერთად. იგი ჩვენი გუნდის კაპიტანი იყო, შემკული ყველა იმ ღირსებებით, რაც კაპიტანს უნდა ახასიათებდეს. ნამდვილი ლიდერი გუნდისა.
ძალიან ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა და ახლაც ასეა, ოჯახებით ახლოს ვართ დღესაც და ყოველთვის ასე იქნება.
რიგაში ვართ. თამაშის დამთავრების შემდეგ წავედით რესტორანში, თან გვახლავს ბეგის მეუღლე დალი და ადმინისტრატორი კობა ორმოცაძე. მეზობელი მაგიდიდან მოგვიახლოვდა ახალგაზრდა გოგონა, ზურგზე ხელი დამადო და მთხოვა გავყოლოდი. მეუბნება, სადილზე ფული დაგვაკლდა და მასესხე, ხვალ დილით დაგიბრუნებთო, თან გვერდზე ოფიციანტი ედგა, 60 მანეთი მივეცი. რატომ მაინცდამიანც შენთან მოვიდა? გადამეკიდა დალი…
დილით იმ გოგონამ ფული მომიტანა…
დიდი სიყვარულით გილოცავ, ჩემო ბეგი, იუბილეს! კაი ოჯახის შვილი ხარ, კაი შვილების პატრონი, შვილიშვილების და ახლა კიდე დიდი ბაბუაც გახდი. ღმერთმა დგალოცოს შენს დალისთან ერთად.
ჯემსუატ ურუშაძე, „გურიას“ მეისტორიე, ყოფილი მეკარე
_ 70 წელი? თურმე როგორ გარბის წლები… გუშინდელივით მახსოვს ბეგის ,,გურიაში’’ ჩარიცხვა, მისი პირველი თამაში, თბილსში ,,ბურევესტნიკის’’ მოედანზე მისი შეჩერება მოწინააღმდეგემ რომ ვერ შესძლო. მეტოქის კარზე დაგეშილი უშიშარი, დიდი მომავლის მქონე, მაშინ პირველად ჩაირიცხა 17 წლამდელთა ნაკრებში.

1986 წლის სეზონის მთავარი ტრიუმფატორები (მარჯვნიდან): მთავარი მწვრთნელი ბეგი სიხარულიძე, მწვრთნელი გულსუნდა დუნდუა, გუნდის უფროსი შოთა პატარაია, კაპიტანი თეიმურაზ ჩხაიძე
ბეგი სიხარულიძე არის იმ ოჯახის შვილი, რომელიც მთელი შესაძლებლობით ემსახურებოდა სპორტს, კერძოდ ფეხბურთს. მამა _ გივი სიხარულიძე წარსულში წლების მანძილზე იცავდა ლანჩხუთის ფეხბურთის ღირსებას, როგორც ფეხბურთელი, შემდეგ იგი აირჩიეს ლანჩხუთის ფიზკულტურის კომიტეტის თავჯდომარედ, ოჯახის დიასახლისი _ ნორა, ამავე კომიტეტის ბუღალტერი იყო, ხოლო ბეგის ლანჩხუთის რაიონის 80% იცნობს, როგორც ფეხბურთის დიდ და ერთგულ სპეციალისტს. ძნელად თუ მოიძებნება მთელი საქართველოს მასშტაბით ისეთი პიროვნება, როგორიც ბეგი სიხარულიძეა.
ასევე წაიკითხეთ: როგორ იხსნა ბეგი სიხარულიძემ 1971 წელს „გურია“ და ვისმა გოლმა მოგვიტანა საქართველოს თასი? რა ფოტოს ავრცელებს საფეხბურთო კოლექციონერი…
სრულიად უცნობმა მწვრთნელმა გუნდი პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში გადაიყვანა! აქ ყველაფერია ნათქვამი _ მისი ნიჭისა და მუშაობის შესახებ. ბეგის საქმისადმი სწორი მიდგომა და სწორი დასკვნების მიღება კიდევ ერთხელ გამოიხატა მისი ქმედებებით, როდესაც მან თავისი კანდიდატურა მოხსნა უფროსი მწვრთნელის თანამდებობაზე, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა ობიექტური მიდგომა საქმისადმი. ბეგი პასუხისმგებლობას კი არ გაექცა, არამედ სწორად შეაფასა, რომ უმაღლესი ლიგისათვის საჭირო იყო სხვა გამოცდილება და ალბათ ცნობადობაც.
შოთა პატარაია, „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, 1986 წელს იყო გუნდის უფროსი:
_ რაც მახსოვრობა ჩამომიყალიბდა, მე და ბეგი მას შემედგ ერთად მოვდივართ. ფეხბურთის თამაშმა ხომ საერთოდ გადაჯაჭვა ჩვენი მეგობრობა.
როგორი ადამიანია ბეგი? რა სიტყვებით უნდა შევამკო: პატიოსანზე უპატიოსნესი ადამიანი, რომელმაც არ იცის რა არის ღალატი. თუ რამეს სთხოვ, თავს არ დაზოგავს, ტყუილი მისგან გამორიცხულია. სტუმართმოყვარე, პურმარილიანი… როცა მივალთ მეგობრები, დაიძახებს: დალი, გააწყვე სუფრა, გამოიტანე, რაც გვაქვს…
გაბრაზება თუ იცის? ძალიან იშვიათად გამოდის წონასწორობიდან. თუ გაბრაზდა, მართლაც ძალიან იცის გაბრაზება, თუმცა ტყუილად არავის უბრაზდებოდა, ვისაც გაუბრაზდებოდა ის იმსახურებდა კიდეც საყვედურს.
ერთს მოგიყვებით: როსტოვში ვართ, ,,როსტელმაშს’’ ვუგებთ 4-1. ბეგი მეუბნება (მწვრთნელია) ამეღამ ,,ვანას’’ გავავსებ შამპანურითო. 4-4 დამთავრდა. გაგიჟდა კაცი, ვერ ვამაგრებდით, წამზომი დაადგდო მიწაზე, დაამტვრია, მიატოვა თამაში, აი ასეთი ბეგი მე არ მინახავს. თამაშის დამთავრების შემდეგ მოვიდა საბჭოთა ნაკრების წევრი და გვითხრა: ,,რაზვე ტაკიე დოგოვორი ბივაიუტ?’’, ვერ დავარწმუნეთ, რომ თამაში სუფთა იყო.
ადრე დაანება თამაშს თავი. ძალიან ადრე. ტრავმებმა დაანებებინეს, თორე რა ჰქონდა ბეგის დასანაბებელი? ნაკრებში იყო მიწვეული, თბილისის ,,დინამოში’’ თამაშობდა. სომხეთის ნაკრები იყო ჩამოსული. ჩამოწოდებული ბურთი თავით გადაგზავნა კარებში, მაგრამ მეკარეს მიერ მოქნეული ხელი მოხვდა ნიკაპში, გაუტყდა ყბა და ორი თვე ,,სოსკით’’ აჭმევდნენ.
მონადირე? ძალიან უყვარს ნადირობა. პირველად თოფი ბეგიმ დამაკავებინა, მიუხედავად იმისა, რომ მამას ძალიან უყვარდა ნადირობა. რკინიგზის გადაღმა იყო მაშინ გაზის კანტორა, თან ახლოს იქ ტბები იყო, 12 შავქათამა მოვკალი… ახლა კარავიც ერთად გვაქვს.
მამა, ბეგი და ავთო ორმოცაძე ერთ დღეს იყვნენ დაბადებულები.
ტაშკენტში ვართ, დაპირებული ვარ, რომ მათ დაბადების დღეს გადავუხდიდი. მოვიგეთ 3-1, სიტყვა ავასრულე და კაი პური ვჭამეთ. რაიკომის მდივანი დავპატიჟეთ, იკითხა, რა ხდებაო ჩვენც ვუპასუხეთ, რომ სამი ადამიანის დაბადების დღეს აღვნიშნავდით.
როგორც საკუთარი ოჯახის ბედნიერება მინდა, ისე მინდა ბეგის ცხოვრება ბედნიერად და კარგად წარიმართოს. გაიხაროს, გამრავლდეს… ღმერთმა დალოცოს ბეგი და მისი ოჯახი!
თამაზ კვირკველია, „გურიას“ სახელოვანი კაპიტანი:
_ ბეგი საფეხბურთო გარემოში გაიზარდა. მისი მამა ადრე ფეხბურთს თამაშობდა. შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში ფიზკულტურისა და სპორტის კომიტეტს ედგა სათავეში. თამაში 1960 წელს ადგილობრივი სპორტული სკოლის საფეხბურთო ჯგუფში, სოსო ჟორდანიას ხელმძღვანელობით დაიწყო.
1962 წელს, საქართველოს ჭაბკუთა პირველობაზე ლანჩხუთელმა ბიჭებმა ფინალში ფოთელი თანატოლები დაამარცხეს და ჩემპიონობა მოიპოვეს. ამ გუნდის წამყვანი მოთამაშე, 16 წლის ნიჭიერი ფეხბურთელი ბეგი სიხარულიძე იყო. მან სპეციალისტებს თავი ლამაზი თამაშით დაამახსოვრა. ცოტა ხანში მისსმა პირველმა მასწავლებელმა საქართველოს პირველობაზე მოასპარეზე ლანჩხუთის ,,თაიგულში’’ აიყვანა.
1963 წლის სეზონში კი შალვა კაკაბაძემ ,,გურიაში’’ მიიწვია. 1965 წელს ცნობილმა მწვრთნელმა ვლადიმერ ელოშვილმა საუცხოო მონაცემების თავდამსხმელი საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში შეიყვანა. 1966 წელს პერსპექტიული ლანჩხუთელი ახალგაზრდის თამაშმა გავრილ კაჩალინის ყურადღება მიიპყრო და თბილისის ,,დინამოს’’ შემადგენლობაში გამოიძახა.
,,დინამოს’’ დუბლებში რვა კალენდარული მატჩის ჩატარება მოასწრო. სამწუხაროდ მე-9 მატჩში, კუიბიშევის ,,კრილია სოვეტოვის’’ წინააღმდეგ მძიმე ტრავმა მიიღო. მკურნალობას ხანგრძლივი დრო დასჭირდა. გამოჯანმრთლების შემდგომ ლანჩხუთში დაბრუნდა და წარმატებით განაგრძო თამაში ,,გურიაში“.
ფეხბურთელის კარიერა საკამოდ ახალგაზრდულ ასაკში დაასრულა, 29 წლის იყო და მწვრთნელობას შეუდგა. სწორედ მისი ხელმძღვანლობით მოიპოვა ,,გურიამ’’ 1986 წელს საბჭოთა კავშირის უმაღლესი ლიგის საგზური.
ბედნიერი ვარ, რომ წლების განმავლობაში ამ შესანიშნავ ფეხბურთელთან და პიროვნებასთან მომიწია თამაში. იგი მინდორსა და მის გარეთ კარგი პარტნიორი იყო და დღემდე უღალატო მეგობარია.
გია იმნაძე, „გურიას“ ლეგენდარული მეკარე და მწვრთნელი:
_ ბეგის ბავშვობიდან ვიცნობ. ჩვენი ოჯახები ერთად ისვენებდნენ ბაკურიანში, ძალიან პატარა ვიყავი მაშინ, იმდენად პატარა, რომ ბეგი კისერზე დამისვამდა და ისე მასეირნებდა, აი იქიდან მოდის ჩვენი ურთიერთობა, რომელიც დღემდე გრძელდება. ხოლო როცა ,,გურიას’’ წევრი გავხდი, ეს იყო დაახლოებით 1971-72 წლები, ამის შემდეგ ჩვენ უკვე ნამდვილი მეგობრობა ჩამოგვიყალიბდა.
თუ რაიმე წარმატება აქვს,,გურიას’’, მე და ბეგის ერთად გაგვიწევია ეს ჭაპანი და ეს მე მეამაყება.
შემიძლია პირდაპირ ვთქვა: მთელი ამ ხნის ურთიერთობაში ვერც ერთ ეპიზოდს ვერ გავიხსენებ, ბეგი რაიმე უარყოფითი კუთხით დამენახოს. აი, რომ ამბობენ, ადამიანს იქიდან უნდა შემოუარო, საიდანაც კარგად იმზირებაო, ამ კაცზე არ ამართლებს ეგ თქმული, ბეგის საიდანაც არ უნდა შემოუარო _ ყველა კუთხიდან კარგად იმზირება. ამ ადამიანში თავმოყრილია უამრავი პოზიტიური და კაცური თვისება.
კურიოზი? ძალიან ხიფათიანი იყო, ხშირად იღებდა ტრავმებს, ხან თავგატეხილი მოდიოდა, ხან ფეხი ჰქონდა დაზიანებული… მახსოვს, თამაშია ერთ დღეს და ცხონებულმა გივიმ (ბეგის მამა) არ გამოუშვა სტადიონზე, თან სახლში რემონტი ჰქონდათ, სახურავს ცვლიდნენ, გადმოვარდა კრამიტი სახლის სახურავიდან და იქვე მდგომ ბეგის მოხვდა თავში და გაუტყდა თავი. ამაზე მეტი კურიოზი რა გინდა: კაცი სტადიონზე არ გაუშვეს და სახლში მიიღო ტრავმა.
ჩემო მეგობარო, ბატონო ბეგი, ლანჩხუთს ჰყოლია უამრავი ძლიერი, გამოჩენილი პიროვნება, ღირსეული მოქალაქე, მსოფლიო მასშტაბითაც, მაგრამ, ჩემო ბეგი, რაც შენ გააკეთე ლანჩხუთლებისათვის, ასეთი ძნელად გასაკეთებელი საქმე, ვგულისხმობ ,,გურიას’’ საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში გადაყვანას, ეს ბევრისთვის წარმოუდგენელი და მიუღწეველი ოცნება იყო.
გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ვინმეს რომ ეთქვა ,,გურია’’ უმაღლეს ლიგაში ითამაშებსო, არასერიოზულად ჩაუთვლიდნენ, მაგრამ ეს შევძელით და ამის მთავარი შემოქმედი ბატონი ბეგი სიხარულიძე იყო. მან გუნდში თავი მოუყარა კარგ შემადგენლობას, ნამდვილ პროფესიონალებს და ლანჩხუთელებისთვის და საერთოდ ქართული ფეხბურთისათვის უდიდესს მიაღწია: პატარა საქმეა რაიონის გუნდი ათამაშო საკავშირო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში?!.
ინდირა სიხარულიძე, „გურიას“ ლეგენდის შვილი:
დაახლოებით სამი წლის ვიქნებოდი, ბიძაჩემმა სტადიონზე წამიყვანა და პირველად მაშინ გავაცნობიერე, რომ მამაჩემი ბურთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. იმ დროს ქალები სტადიონზე არ დადიოდნენ და დედაჩემი იყო პირველი ქალი, რომელმაც მიიღო თამამი გადაწყვეტილება ეგულშემატკივრა მეუღლისათვის.
ფეხბურთის სიყვარულითაც, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი მიზეზი, ალბათ, მეუღლის მონატრება იყო, რადგან სახლში ძალიან იშვიათად ვხედავდით ხოლმე, მისი პროფესიიდან გამომდინარე და ეს დღეები იყო სასიამოვნოდ გადატვირთული, რადგან მამაჩემის სტუმართმოყვარეობა განთქმულია, ჩვენს სახლთან ყოველდღე დაახლოებით 5-6 მანქანა მაინც იდგა. იკრიბებოდნენ მეგობრები, ნათესავები ოჯახებით და მართლაც დაუვიწყარ დღეებს ერთად ატარებდნენ.
მთელი გუნდი ერთად დადიოდა სანადიროდ, სათევზაოდ, მოკლედ, ერთი დიდი ოჯახი იყო გაერთიანებული, მაგრამ როცა გუნდი ბაზაზე იკრიბებოდა, ასეთი სიახლოვის მიუხედავად, იქ უკვე მითითება აღარავის სჭირდებოდა, დაეცვათ უფროს-უმცროსობის წესები, ამიტომ მიაღწია ასე ერთ მუშტად შეკრულმა გუნდმა იმ დიდ წარმატებას, რასაც ,,გურიას’’ უმაღლეს ლიგაში გადასვლა მოჰყვა და დღეს დიდი ისტორია ჰქვია.
უსაზღვროდ მოსიყვარულე და მოამაგე მამაა. დღემდე ყველა ჩვენი შეხვედრა დიდი ემოციებითაა დატვირთული. არის სამართლიანი და პირდაპირი. საოცრად ერთგული და უღალატო ადამიანი, ამავე დროს პრინციპული.
50 წელზე მეტია ემსახურება მშობლიურ ,,გურიას’’ და თამამად შემიძლია ვთქვა, ეს მისთვის არის მეორე ოჯახი კი არა, პირველი უმთავრესი ოჯახი, სადაც ამ ხნის განმავლობაში, ალბათ, მისი ტონობით ოფლია დაღვრილი და უდიდესი ამაგი აქვს გაწეული.
ვამაყობ რომ ბეგი სიხარულიძის შვილი ვარ!
ასევე წაიკითხეთ: 1966 წლის ისტორიული ფოტო და დახვედრა ლანჩხუთში… „გურია“ რომ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ითამაშებდა, ბორის პაიჭაძემ 20 წლით ადრე იწინასწარმეტყველა




