„გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, სოფელ წყალწმინდაში მოქალაქეს სახლიდან ორი ძროხა მოპარეს. ქურდებმა პირუტყვი პირდაპირ ბოსელიდან გაიყვანეს.
„ერთი დიდი საქონელი და მეორე დეკეული პირდაპირ ეზოში მდებარე ბოსელიდან გაიყვანეს. ლანჩხუთის პოლიციამ დაიწყო მათი დევნა და სამეგრელომდე, კერძოდ, გულეკარამდე და კოდორამდე, აბაშის სოფლებამდე მივიდა კვალი. იქაური პოლიციელებიც ჩაერთვნენ, თუმცა მთავარი საქმე ლანჩხუთელმა სამართალდამცველებმა გააკეთეს. საბოლოოდ, წყალწმინდაში მოპარული პირუტყვი სამტრედიაში აღმოაჩინეს“ _ უთხრა „გურია თუდეის“ კარგად ინფორმირებულმა წყარომ.
მისივე თქმით, სავარაუდოდ, შენიღბვის მიზნით, ძროხებს რქები მოხერხეს, ქურდობის ბრალდებით კი უცხოელები დააკავეს: „ორი აზერბაიჯანელი და ერთი ირანელია დაკავებული. ფერმა ჰქონიათ სამტრედიაში ნაქირავები და იქ ჰყავდათ მოპარული პირუტყვი. როგორც ითქვა, იქ ადგილზე კიდევ 6 სული საქონელია, მაგრამ თურმე ამბობენ, მათში ირანის მოქალაქემ ფული გადაიხადაო. რამდენად სწორია, გამოძიება დაადგენს“ _ უთხრა წყარომ „გურია თუდეის“.
„გურია თუდეი“ ასევე ექსკლუზიურად წერდა, 5 წლის წინ, საქონლის ქურდობის შესახებ სტატიაში _ „დიდი გასეირნება… თეთრიწყაროში!_ ლანჩხუთელი კამეჩების ფათერაკებიანი მოგზაურობა სამეგრელოს გავლით კახეთში!“

„გურია თუდეი“, პირველი გვერდი, 10-11 გვისტო, 2018წ.
მაშინ, ქალაქის მაცხოვრებელმა ერთ-ერთმა ოჯახმა ფერმაზე კუთვნილი კამეჩები მოწველა და ე.წ. ჩიხში გადადენა. ღამის 12 საათის შემდეგ მეპატრონემ კუთვნილი ფერმა დატოვა და დილის 5 საათზე ისევ ჩააკითხა საქონელს, მაგრამ 4 მეწველი კამეჩი, რომელთაც ორი კვირის „ღოღოები“ ჰყავდა, ადგილზე არ დაუხვდა. ბევრი ეძება თუ ცოტა, აღმოაჩინა, რომ კიდევ მეზობლის 4 კამეჩი არ ჩანდა და უკვე ნათელი იყო, ყველაფერში ქურდის ხელი ერია. საქონლის კვალს ლანჩხუთიდან 450 კილომეტრში თეთრიწყაროს რაიონში მიაგნეს.
„ღამით ერთი ან ორი კაცი ამ საქონელს ვერ გადენიდა. როდესაც ჩემი 4 გაიყვანეს, გზად კიდევ 4 კამეჩი შეხვდათ და ისიც გააყოლეს. ეს ყველაფერი აბაშის რაიონში „გაფორმდა“ ოფიციალურად. იქ თურმე, ვიღაც კახელს თითოში 1 100 ლარი გადაუხდია, ორ მანქანაზე აუყვანია და კახეთისაკენ წასულა. როგორც ირკვევა, სამეგრელოდან 27 საქონელი წავიდა ერთი რეისით, მათ შორის ჩვენი კამეჩებიც. აბაშაში ვიღაცას მანქანა ჰყოლია გასაკეთებელი, ამის გამო გაუყიდია ორი კამეჩი და ჩვენიც ზედ მიუფორმებიათ, გზად ვინმეს რომ გაეჩერებინა, იტყოდა _ ამა და ამ კაცმა მოგვყიდაო. თეთრიწყაროში ისე ჩავიდნენ, არავინ შეხვედრიათ და პირდაპირ საქონლის „ბოინზე“ მიუყვანიათ ეს კამეჩები. იქ კი პოლიციელები მივიდნენ, ფოტოები გადაუღეს და გამოგვიგზავნეს. ჩემი დაღით და ნიშნით ვიცანი კამეჩები. წავედით და იგივე მანქანით ჩამოვიყვანე, რომლითაც აქედან გაიყვანეს. მაინტერესებს, აქედან ვინ იყო „ნაკოლჩიკი“, თორემ აბა, ისე რა იცოდნენ, მე სად მყავდა საქონელი და სად ვუშვებდი მოწველის შემდეგ. სამწუხაროდ, კამეჩის 4-ვე ნაშიერი დაგვეღუპა“ _ გვითხრა დაზარალებულმა.




