ლანჩხუთელი ოპოზიციონერი კახა ასკურავა ბახმაროში უკანონო მშენებლებობებისა და სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალზე ხიდის ჩავარდნის გამო დაკავებებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ბახმაროში უკანონოდ მიტაცებულ მშენებლობებში ხომ 100% ვყოფილვართ თურმე, აგერ სამტრედიაში კორუფციული გარიგების შედეგად ჩავარდნილი ხიდის ამბავშიც ხომ 100% ვართ, ჯერ სად ხართ, კიდევ რამდენ რამეში აღმოვჩნდებით მართლები… ეს აფიშაა, კინო აწი იქნება, ესენი რომ მოშორდებიან. ცნობისთვის: სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთი, მათივე პროგნოზით 2016 წელს უნდა გახსნილიყო. იმდენმა ვინმემ და იმდენი ფული ჭამეს, 2025 წელი სრულდება და კიდე კაი ხანი დააგვიანდება!“ _ წერს „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ლიდერი.
მისივე განცხადებით, მხოლოდ ლიფსიტებს იჭერენ და პრობლემა „ზემოთაა“: „ათი წელია, ადგილობრივი ოპოზიციის სხვადასვა წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს ათობით სიუჟეტი აქვთ მიძღვნილი ბახმაროს [მიწების] მიტაცებაზე და იქ უნებართვო მშენებლობებზე, რომელსაც ძირითადად ქართული „ოცნების“ მაღალჩინოსნები, მათთან დაახლოებული პირები და განსაკუთრებით – ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები ახორციელებდნენ და მაშინ ე.წ ხელისუფლების წარმომადგენლები რა ეპითეტებით არ გვამკობდნენ და ყველაფერს მოგონილს უწობდნენ, ახლა ვიღაც ლიფსიტებს დააკავებენ და მორჩა კინო. სინამდვილეში პრობლემა თავშია“ _ წერს ასკურავა.
რა მოხდა?
2023 წლის 21 თებერვალს, გრიგოლეთი-სამტრედიის მაგისტრალზე მშენებარე ხიდი ჩაინგრა. 33 თვის შემდეგ, პროკურატურამ მათ შორის დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, 5 პირის, მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე. უწყება მშენებელ კომპანიას უხარისხო სამუშაოს და ამის ხარჯზე თითქმის 4 მილიონის მითვისებას ედავება, ხოლო ჩინოსნებს არარსებულ ექსპერტიზაში მილიონ ლარზე მეტის გადახდას. ხიდის აღდგენა კი სახელმწიფოს 12 მილიონი ლარი დაუჯდა.


