ლანჩხუთისა და თელავის სტადიონებზე საუბრისას, ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა, რომ ლანჩხუთის სტადიონისთვის განსაზღვრულია უეფას II კატეგორიის სტანდარტი, რაც ითვალისწინებს 2200-3000 მაყურებლის ტევადობას, თელავის სტადიონი კი იქნება III კატეგორიის, 4500 მაყურებელზე გათვლილი.
რამდენად იქნება საკმარისი 3-ათას მაყურებელზე გათვლილი სტადიონი ლანჩხუთში, სადაც გასული საუკუნის 80%-იან წლებში სტადიონზე იმაზე მეტი ადამიანი დადიოდა, ვიდრე ქალაქში ცხოვრობდა? ამასთან ერთად, თამაშზე დადიოდა რამდენიმე ათასით მეტი ქომაგი, ვიდრე სტადიონზე ტევადობა იყო! ეს ხდებოდა არა რომელიმე ცენტრალურ მატჩზე, არამედ, ზედიზედ რამდენიმე სეზონში და ყველა საშინაო შეხვედრაში…
რა თქმა უნდა, უახლოეს ათწლეულში მაინც არ ჩანს პერსპექტივა, რომ „გურიას“ თამაშზე 22-25 ათასი კი არა, 10 ათასზე მეტი მაყურებელი მივიდეს, მაგრამ თუ აქაურების ფეხბურთისადმი სიყვარულს გავითვალისწინებთ, ლანჩხუთის სტადიონი მინიმუმ 5-6 ათას ადამიანზე მაინც უნდა იყოს გათვლილი.
მართალია, სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში გადასვლის ბატალიებს თუ იქ ასპარეზობის დროს „გურიას“ საქომაგოდ მეზობელი ქალაქებიდან მრავლად ჩამოდიოდნენ, მაგრამ იმავე პერიოდში პირველ ლიგაში 10 ათასზე მეტი ადგილობრივი ქომაგი დადიოდა სტადიონზე.
რაღა შორს წავიდეთ, დაახლოებით 10 წლის წინ, როცა „გურია“ მთავარ ლიგაში თამაშობდა, 3 ათასზე მეტი მაყურებელი თითქმის ყველა თამაშზე მოდიოდა და ეს გაგრძელდა ლიგა-2-შიც.
დღევანდელი სტადიონი დაახლოებით 4500 მაყურებელს იტევს. პირთამდე გაივსო არენა იმავე პერიოდში თბილისის „დინამოსთან“ სათასო დაპირისპირების დროს. ცოტა ადრე 8 ათასამდე მაყურებელი მივიდა „გურიასა“ და ბათუმის „დინამოს“ თამაშის სანახავად _ მართალია, მათ შორის ათასამდე ქომაგი აჭარიდან ჩამოვიდა, მაგრამ ლანჩხუთელთა დასწრება ეროვნულ ჩემპიონატების ისტორიაში რეკორდული იყო, თუ არ ჩავთვლით პირველ ორ პირველობას, როცა 5-8 ათასი მაყურებელი სისტემატურად დადიოდა სტადიონზე, გახსნით შეხვედრას „დილასთან“ (1990 წლის 31 მარტს) სულაც 12 ათასი ქომაგი დაესწრო.
თქვენ წარმოიდგინეთ, ამხანაგურ შეხვედრებსაც ათასობით მაყურებელი ჰყავდა. მაგალითად, 2003 წელს, სფფ-ის მაშინდელი პრეზიდენტის, მერაბ ჟორდანიას წინასაარჩევნო (ლანჩხუთის მაჟორიტარად იყრიდა კენჭს) შეხვედრას „გურიასა“ და თბილისის „დინამოს“ ლეგენდებს შორის 8 ათასზე მეტი ქომაგი დაესწრო…
თანაც მხოლოდ „გურია“ ხომ არ არის, ლანჩხუთს საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი და მრავალგზის ჩემპიონი ქალთა გუნდი ჰყავს, რომელთა თამაშების მიმართ ასევე დიდი ინტერესია. ბოლოს და ბოლოს, „ლანჩხუთი“ ხშირად ასპარეზობს ჩემპიონთა ლიგაზე და 3 ათასი ადგილი ნამდვილად არ იქნება საკმარისი.
ლანჩხუთში ხშირად ხდება, როცა სოფლებში დამატებითი ტრანსპორტი ინიშნება და ქომაგები თამაშებზე მოჰყავთ. ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია და წესით, ახალი სტადიონის ტევადობა მინიმუმ 5-6 ათასამდეა გასაზრდელი.
ხის ნაგებობიდან შეუსრულებელ დაპირებებამდე _ რამდენიმე საინტერესო დეტალი ლანჩხუთის სტადიონის შესახებ
ლანჩხუთის მთავარი საფეხბურთო სტადიონის ადგილზე თავის დროზე კომისარიატის შენობა იდგა. 1946 წელს პირველად მოეწყო საფეხბურთო მოედანი. მალევე, ხის ნაგებობა კაპიტალური ტრიბუნით შეიცვალა და 5 ათას ქომაგზე იყო გათვლილი. თანდათან რაოდენობა იზრდებოდა და გასული საუკუნის 70-80-იანი წლების მიჯნაზე ჩატარებული რეკონსტრუქციისას, 15 ათასს გადააჭარბა. უფრო ზუსტად, კეთილმოწყობილი იყო დაახლოებით 10 ათას მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, თუმცა 1986 წლის სეზონში, როცა გუნდი უმაღლეს ლიგაში გადავიდა, ქომაგებმა დაუმთავრებელი ჩრდილოეთ ტრიბუნაც „აითვისეს“ და გასასვლელებთან ერთად მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს. საფეხბურთო ცნობარებში არსებული მონაცემებით, იმ სეზონში შეხვედრებს 16 500 მაყურებელი ესწრებოდა.

„გურიასა“ და თბილისის „დინამოს“ სათასო დაპირისპირება, 2013 წ.
1987 წლის იანვარ-თებერვალში „გურიას“ სტადიონს ჩაუტარდა სრული რეკონსტრუქცია, რომელიც „საქაგრომრეწვმა“ გრიგოლეთის ბაზასთან ერთად 23 მილიონი მანეთით დააფინანსა, როცა რაიონის ბიუჯეტი მხოლოდ 5 მილიონი იყო. სტადიონი 22 ათას მაყურებელზე იყო გათვლილი, თუმცა რადგან პერსონალური სკამები არ გახლდათ დამონტაჟებული, თამაშებზე დასწრებას 25 ათასზე მეტი მაყურებელი ახერხებდა. იმ პერიოდში, დასწრებით, საქართველოში მხოლოდ თბილისის „დინამოს“ არენას ჩამორჩებოდა, ხოლო ადგილების რაოდენობით, ასევე ქუთაისის ცენტრალურ სტადიონს.
სხვათა შორის, მაშინ ლანჩხუთში მოსკოვიდან ჩამოსულ შესაბამის კომისიას არ დაუჯერებია 2 თვეში სტადიონის გაკეთება _ „გურულებმა გაგვაცურეს და სხვა სტადიონზე მიგვიყვანესო“, მაგრამ როცა დარწმუნდნენ, ორადორი სიტყვა უთქვამთ: „ფანტასიკურია, ყოჩაღ!“
1990 წელს სტადიონს ლეგენდარული მწვრთნელის, ლანჩხუთში პირველი ფეხბურთის გუნდის, „კიმის“ დამაარსებლის, ანდრო ჟორდანიას სახელი ეწოდა, მაგრამ 1993 წლიდან ლანჩხუთის მთავარი არენა „გურიას“ ამაგდარის,უანგარო გულშემატკივრისა და პატრონის, ევგრაფი შევარდნაძის სახელს ატარებს.
2012 წელს, სტადიონის დასავლეთ და ჩრდილოეთ ტრიბუნების დემონტაჟი განხორციელდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით, გამოიცვალა მინდვრის საფარი. არსებობდა ახალი სტადიონის პროექტი, მაგრამ ხელისუფლება შეიცვალა და მისი განხორციელება ვერ მოხერხდა.
2013 წელს, ასევე სფფ-ის ხელშეწყობით, სტადიონზე პირველად დამონტაჟდა ინდივიდუალური სკამები, საქველმოქმედო ფონდის, „ქართუს“ დახმარებით კი, კეთილმოეწყო ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები.
გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წელს, ბიძინა ივანიშვილი ლანჩხუთში რაგბის სტადიონის გაკეთებას გეგმავდა, მაგრამ პოლიტიკური მოსაზრებით, მაშინდელი ოპოზიციის ლიდერს ქალაქში ტერიტორია არ გამოუყვეს.
მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები წინამორბედ ხელისუფლებას სტადიონის მიზანმიმართულ დანგრევასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებდა. გიორგი გოგუაძე კი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების ბოლო წლებში ლანჩხუთის გამგებელი იყო, აცხადებს, რომ ახალი სტადიონის პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროში („ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს, მინისტრი მისი მეგობარი და ლობისტი რამაზ ნიკოლაიშვილი გახლდათ) იდო, მაგრამ მისი დალობირება ლანჩხუთიდან არ მოხდა და დაფინანსება წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა წაიღო.
მას შემდეგ არაერთხელ იყო საუბარი, რომ ლანჩხუთში სტადიონი გაკეთდებოდა, ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირებიც საუბრობდნენ, მაგრამ ფაქტია, დღემდე „გურიას“ სტადიონზე მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.
ასევე წაიკითხეთ: „სადაც გინდა, მიჩივლეო“… _ ვინ მფარველობს „ქართულ ოცნებაში“ კომპანიას, რომელმაც „ნაციონალების“ დროს „გურიას“ სტადიონი დაანგრია?


