„გურია თუდეის“ სტატიას _ „გურია თუდეიმ“ ლანჩხუთის საკრებულოში „ბომბი გახეთქა“… „იქობამდე გახაზირებული“ ბიულეტენები, „ელანძე გადანიშნული“ თავმჯდომარეები და მთავარი ინტრიგა: ვინ არ მისცა ხმა ვერიკო კვირკველიას?, რომელშიც საუბარი იყო მათ შორის იმაზე, რომ ლანჩხუთის საკრებულოში 32 წევრიდან 19 თავმჯდომარე და მოადგილეა, სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ქალაქ ლანჩხუთის ყოფილი გამგებელი, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი სოსო ბოლქვაძე ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე, კომენტარების ველში წერს:
„როცა მეკითხებიან, ამდენი მოადგილე რა საჭიროა ან ეს ხალხი პარტიულ სიაში რა დამსახურებით მოხვდნენო, ვერ ვპასუხობ და იქნებ, თქვენ აუხსნათ – მაჟორიტარებს იცნობენ ასე თუ ისე, შეხვედრები ჰქონდათ თავიანთ ამომრჩევლებთან, აი, პარტიულ სიაში რომ ხარ, ხალხთან შეხვედრები არ გეკადრება? მოადგილეებად რომ ინიშნავთ თავებს, რა დამსახურება გაქვთ ასეთი? ან რა უბედურებაა 7 მოადგილე? გადახედავ საკრებულოს და ვერ გაიგებ, ვინ რომელი პარტიის წარმომადგენელია, ხან სად არი და ხან – სად, ვინ აძლევს ამ ხალხს რეკომენდაციებს, იქნებ დაფიქრდნენ, ენის მიმტან-მომტანი ხალხი მომრავლდა. დაავიწყდათ, როგორ იქცეოდნენ, ისეთები ცდილობენ ახლა მუდმივად მართონ რაიონი, პატარაა ჩვენი ქალაქი, ხელის გულზე დევს ყველაფერი… თუ ფიქრობთ, ხალხი ვერ ხედავს, გეშლებათ, გონიერია ჩვენი ხალხი, იცის კარგი და ცუდის გარჩევა, კარგად ხედავს, სადაა სიყალბე და არ დადგება ცუდის მხარეს“ _ წერს სოსო ბოლქვაძე, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ლანჩხუთში 2011 წელს „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა გამოუცხადა.
მას „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საკრებულოში ნინო მშვიდობაძემ უპასუხა: „რომ იცის და გონიერი რომაა, იმიტომაა ყველა არჩევნებში ამხელა ლეგიტიმაციით იმარჯვებს ოცნება. საჭირო რომ არ იყოს, არც დაუშვებდნენ [7 მოადგილეს] – ეს ერთი და მეორე, პარტიულ სიაში ვინ არ მოგეწონა კონკრეტულად, დაგეზუსტებინა, კარგი იქნებოდა“ _ მიმართავს იგი ქალაქის ექს-გამგებელს.

„ქართული ოცნების“ საპროტესტო აქცია ლანჩხუთის პოლიციასთან, 2012 წ.
ვალში არც სოსო ბოლქვაძე დარჩა: „იქნებ შენ დაგეზუსტებინა, ვისთან ერთად ხარ ეგ წლები, მე კი იმის გასაგებად ვთქვი, ვინც გაიგებს და ზედმეტად ნუ გამოიდებ თავს ვიღაცების დასაცავად, ბევრი რამ არ იცი, რაც პირველ წლებში გადავიტანეთ. […] ეს მარტო ჩემი აზრი არაა, ხალხიც ასე ფიქრობს და სწორიცაა, იქნებ, შენ ახსნა, რა დატვირთვაა აქვს ასეთი საკრებულოს, 7 მოადგილე ჰყავდეს [7 მოადგილე მხოლოდ ერთი ფრაქციის თავმჯდომარეს ჰყავს, მეორე ფრაქციის ხელმძღვანელს – ერთი, საკრებულოს თავმჯდომარეს – სამი, ანუ ჯამში 11 მოადგილეა 32-წევრიან საკრებულოში, რაც ნიშნავს, რომ მესამედზე მეტი მოადგილეა! _ რედ.], მერია რომ იყოს, კიდევ შეიძლება, თუმცა ზედმეტი იქაც არაა საჭირო“.
ნინო მშვიდობაძის პასუხი: „დავწერ ბარემ საკრებულოში გასულ 12-ს აქვე და კარგი იქნება, თუ იტყვი ვინ იგულისხმე: რევაზ კვერენჩხილაძე, ვერიკო კვირკველია, კარლო წილოსანი, გიორგი ხელაძე, თენგო ხუხუნაიშვილი, ლოლიტა ურუშაძე, ნინო მშვიდობაძე, დარეჯან ბურჭულაძე, გიორგი მორჩილაძე, ვლადიმერ ნანაძე, ირაკლი ცინცაძე – ჰოდა, ვინ ვერ დავაკმაყოფილეთ ხალხის და შენი გემოვნება, სოსო? თავს არავის დასაცავად არ ვიდებ, ამ სიაში მეც ვარ და ძალიან მაინტერესებს ვის მიმართაა ეს უკმაყოფილება? ხომ მაქვს უფლება ვიცოდე?“
პოლემიკაში ოპოზიციონერი გოჩა ჯანაშია ჩაერთო: „რაა საჭირო, ნინო, ფრაქციის თავმჯდომარეს 7 მოადგილე რომ ჰყავდეს? ცნობისთვის, შსს-ს ჰყავს 5 მოადგილე და ფრაქციას 7? ეს რომ მორგებულია პარტიულ ადამიანებზე ხელფასების გამო, ეჭვი ეპარება ვინმეს?“
ნინო მშვიდობაძე: „ეს არც ჩემი გადასაწყვეტია და არც შენი, ასე რომ, კამათს არ ვაპირებ. შენ რომ იქნები ხელისუფლებაში, შეცვალე კანონი, რა პრობლემაა“
გოჩა ჯანაშია: „პრობლემა ისაა, ბიუჯეტის ფული, ანუ ხალხის ფული უყაირათოდ რომ იხარჯება, თორემ შენი გადასაწყვეტი ან ჩემი რომ არაა ეს, კი ვიცი“
ამის შემდეგ სოსო ბოლქვაძეს უკვე ყოფილი თანამებრძოლი ელგუჯა ჩხაიძე (მთავარ ფოტოზე, მეგაფონით ხელში) გამოეხმაურა: „სოსო, გახსოვს, კაცს სახლში მივაკითხეთ 2012 ში, რომ ჩვენთან დამდგარიყო. გვიპასუხა, ოჯახს შემივიწროვებენო. არც ივანიშვილის მოქალაქეობის მინიჭებაზე მოუწერია ხელი. დღეს მესამეჯერაა საკრებულოში და თანამდებობაზეცც. მთავარია, მელია უნდა იყო ან ტურა, ალღო თუ არ გაქ ეშმაკობის, არაფერი გამოგივა. ან ნაკომუნისტარი უნდა იყო, დღეს მოდაშია“.
შეგახსენებთ, რომ 2012 წლის იანვარში ოპოზიციის მხარდაჭერის გამო ელგუჯა ჩხაიძე მაშინდელმა ხელისუფლებამ დააკავა. მის ფერმაზე პოლიციამ მტვრით დაფარულ სივრცეში, თითქოს წლებით ადრე შენახული ავტომატი „აღმოაჩინა“, რომელიც იმავე წელს გამოშვებულ „გულისტანის“ ფქვილის ახალ ტომარაში იყო ჩადებული. სახლში კი ავტომატის მჭიდი ქათმის ბუდეში კვერცხებზე ზემოდან დადებული „უნახეს“, რამაც შექმნა ლეგიტიმური ვარაუდი, რომ ის სპეციალურად ჩაუდეს. მაშინ მედიაში გამოქვეყნებულმა სტატიებმა ოპოზიციონერის ტყვიებისმდებელი ქათმების შესახებ ხელისუფლების რეპუტაცია შელახა.
„გურია თუდეის“ კითხვა, ვინ არის მესამედ საკრებულოში, რომელმაც მაშინ ოპოზიციის მხარდაჭერაზე უარი თქვა, პოლიტიკოსმა უპასუხოდ დატოვა. ბოლქვაძისა და ჩხაიძის მაშინდელმა თანამებრძოლმა, რომან ბიწაძემაც არ დააკონკრეტა, თუმცა უფრო რთული შემთხვევა გაიხსენა: „ეგ არაფერი, ერთმა – დღეს კლავიატურის ლომი რომ ბრძანდება „ფეისბუკზე“ ნაცებთან ბრძოლაში, 2012-ში, მეორედ რომ მივაკითხეთ (მისივე თხოვნით, დავფიქრდებიო), დაგვეხმარებოდა თუ არა არჩევნებში, გვითხრა: „ნაცები მესიმპატიურება და ვერ დაგეხმარებითო“.


