1989 წლის 5 ნოემბერს, „გურიამ“ „ქაირათს“ 3:1 მოუგო… დღეს ორივე ლიგაზე თამაშობს: ალმათელები ჩემპიონთა, ლანჩხუთელები კი – მეოთხეში! „ცოტა კია სხვაობა“ და… ციცები?

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ლანჩხუთის სტადიონი, დროშა „გურია“-„ქაირათის“ მატჩიდან და ლევან გიორგაძე

ლანჩხუთის „გურიას“ გამორჩეული ქომაგი ლევან გიორგაძე, რომელიც ათწლეულებია, კლუბის სტატისტიკას აგროვებს, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:

„1989 წლის 5 ნოემბერი იყო…

ამინდი, მგონი, შემოდგომისთვის დამახასიათებელი – წვიმიანი (კარგად არ მახსოვს, 13 წლის ვიყავი)…

მაგრამ ძალიან კარგად გვახსოვს მეც და მთელ საქართველოს,  რომ ლანჩხუთში ნამდვილი საფეხბურთო ამინდი იდგა…

სსრკ-ს პირველი ლიგის გათამაშების 42-ე ტურში, ლანჩხუთის „გურია“ ალმა-ათის [ახლა – ალმათი] „ქაირათს“ მასპინძლობდა. არ შევცდები თუ ვიტყვი, მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში, ლანჩხუთელებმა მეორედ მოახდინეს სასწაული – სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვეს…

„გურიამ“ ყაზახური გუნდი 3-1 დაამარცხა, რასაც მოყვა ზეიმი, სიხარული, ცრემლიც (ოღონდ სიხარულის), ეს დღე ნამდვილი დღესასწაული იყო ქართული ფეხბურთისა!

2025 წლის 26 აგვისტოს ღამეა ახლა…

თამაში ჯერ არ დამთავრებულა და შედეგიც უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ  ალმათის „ქაირათს“ უდიდესი შანსი აქვს, ევროპის საკლუბო ფორუმის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალურ ეტაპზე ითამაშოს, ანუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვდეს…

ჩვენი „გურიას“ ამბავიც გეცოდინებათ – 28 აგვისტოს არის ჩანიშნული მომდევნო თამაში. მართალია,  ჩემპიონთა ლიგაზე არა, მაგრამ ლიგაზე ნამდვილად, ოღონდ  საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ლიგის მე-17 ტურში, ხაშურის „ივერიას“ ვმასპინძლობთ (წარმატება მისურვებია გუნდისთვის!).

ანუ 35 წლის შემდეგ, ორივე გუნდი – „ქაირათიც“ და „გურიაც“ ლიგაზე თამაშობენ, ოღონდ ცოტა სხვაობაა – ერთი ჩემპიონთა, ხოლო მეორე – მე-4 ლიგაში. ერთს „სელტიკის“ დამარცხება სჭირდება, მეორეს – „ივერიას“ _ წერს ლევან გიორგაძე და იქვე, კომენტარებში ერთად „გამოაქვს“ დასკვნაც და კითხვაც: თუ ლანჩხუთში „ქაირათს“ 4:2 მოვუგეთ და ალმათელებმა გლაზგოელები ლიგიდან გამოთიშეს, „გურია“ „სელტიკზე“ მაგარი ხო გამოდისო…

1989 წლის 5 ნოემბერი, გურია 3:1 ქაირათი | ლანჩხუთი სსრკ-ის უმაღლესი ლიგის საგზურს ზეიმობს

როცა სტატია ვებ-გვერდისთვის მზადდება, უკვე 27 აგვისტო დადგა _ ალმათის „ქაირათმა“ მოიგო, იმედია, ზეგ მოიგებს „გურიაც“, თუმცა, როგორც ლევანი წერს, „ცოტა სხვაობაა“…

სამაგიეროდ, დღეს ჩვენი ციცები თამაშობენ („ლანჩხუთი“-„ვორსკლას“ მატჩი ლიეტუვაში, შიაულიაის ცენტრალურ სტადიონზე, 13 საათზე დაიწყება), რომლებმაც 4 წლის წინ შეძლეს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე გასვლა, რაც არც მანამდე და არც მერე, არც ერთ ქართულ კლუბს არ გაუკეთებია და ალმათელებმაც პირველად რამდენიმე წუთის წინ მოახერხეს…