1966 წლის ისტორიული ფოტო და დახვედრა ლანჩხუთში… „გურია“ რომ სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში ითამაშებდა, ბორის პაიჭაძემ 20 წლით ადრე იწინასწარმეტყველა

|

Loading

1966 წლის საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი „გურია“

ქართველი საფეხბურთო კოლექციონერი დავით ჭინჭარაული სოციალურ ქსელში აქვეყნებს გაზეთ „ლელოში“ 1966 წელს გამოქვეყნებულ „გურიას“ ფოტოს. იმ წელს ლანჩხუთელებმა დუბლი პირველად შეასრულეს _ საქართველოს ჩემპიონობას თასი დაუმატეს.

სეზონის ბოლოს ლანჩხუთის თეატრში, გამარჯვებულ გუნდთან საზეიმო ღონისძიება მოეწყო. სპეციალურად ამ დღისათვის თბილისიდან არაერთი ცნობილი პიროვნება ჩამობრძანდა. მათ შორის იყო ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ფეხბურთის „კარუზოდ“ წოდებული ბორის პაიჭაძე. მას ერთ-ერთმა ლანჩხუთელმა გულშემატკივარმა ჰკითხა, – როგორ ფიქრობთ, ლანჩხუთის „გურია“ ოფიციალურ მატჩში, როდესმე შეხვდება მოსკოვის „სპარტაკს“ ან თბილისის „დინამოს“? ბორის სოლომონის ძე არც დაფიქრებულა, ისე უპასუხა – „შეიძლება, რატომ არ შეიძლება?“ ამ სიტყვების ჭეშმარიტება შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა დაადასტურა…

… საქართველოს ჩემპიონატი სტარტიდან ფინიშამდე მწვავე, კონკურენტუნარიან გარემოში მიმდინარეობდა. საბოლოოდ, 1966 წლის ჩემპიონის ვინაობა „გურიისა“ და ქობულეთის „შუქურას“ შეხვედრას უნდა გაერკვია. აჭარულ კლუბს მიზნის მისაღწევად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროებოდა, ხოლო მასპინძლებისათვის მატჩის ფრედ დამთავრებაც საკმარისი იყო. საბოლოოდ, მინიმალური ანგარიშით, 1:0 გურულებმა გაიმარჯვეს.

„გურიამ“ თასის გათამაშებაშიც იყოჩაღა. ფინალში 3:0 დაამარცხა ზესტაფონის „მეტალურგი“. დუბლი ჟორა ჭყონიამ შეასრულა, ხოლო მესამე გოლი _ ბეგი სიხარულიძემ გაიტანა.

ეს უკანასკნელი „გურიას“ ისტორიაში 5 წლის შემდეგაც ჩაეწერა _ მაშინდელ ფინალშიც ზესტაფონელებს გაუტანა მესამე გოლი, ოღონდ უფრო მნიშვნელოვანი _ 120 წუთზე, როცა გურულები 2:3 აგებდნენ. მეორე დღეს გადათამაშება კი „გურიამ“ იმერლებს 1:0 მოუგო და მაშინაც დუბლი შეასრულა _ ჩემპიონობასთან ერთად თასიც მოიპოვა.

ხოლო 1966 წლის ტრიუმფიდან ზუსტად 20 წლის შემდეგ, ბეგი სიხარულიძემ ისეთი რამ გააკეთა, რითაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი „გურიას“ მთავარ ლეგენდებს შორის. სახელოვანმა ფეხბურთელმა მწვრთნელის რანგში კლუბს ისტორიაში ყველაზე დიდი და ხმაურიანი წარმატება მოუტანა _ 1986 წელს, 10 ათასიანი ქალაქის გუნდმა სსრკ-ის მილიონიანი ქალაქების გუნდებთან თამაშის უფლება მოიპოვა.

… გაზეთ „ლელოში“ 1966 წელს გამოქვეყნებული ფოტოს ავტორია ბადრი ქვათაძე, ხოლო მასზე შემდეგი ფეხბურთელები არიან (მარცხნიდან): როინ ჩხარტიშვილი, ნოშრევან ნარიაშვილი, ჟორა ჭყონია, ნუგზარ წერეთელი, გენო ჯორბენაძე, ვალერიან წილოსანი, ჯუმბერ ჯაგაშვილი, ბეგი სიხარულიძე, ზორბეგ სანაძე, ჯემსუატ ურუშაძე, თამაზ კვირკველია (კაპიტანი).

ასევე წაიკითხეთ: როგორ იხსნა ბეგი სიხარულიძემ 1971 წელს „გურია“ და ვისმა გოლმა მოგვიტანა საქართველოს თასი? რა ფოტოს ავრცელებს საფეხბურთო კოლექციონერი… https://shorturl.at/zf4HG