ლანჩხუთის კულტურის ცენტრის ფოლკლორის კაბინეტის ხელმძღვანელი მაია ჭანტურია სოციალურ ქსელში ემოციურ წერილს აქვეყნებს, სადაც ერთი საინტერესო ფოტოს ისტორიაზეც გვიამბობს და ასევე, მადლიერია და მხარდაჭერას უცხადებს ვალოდია წულაძის მუზეუმის გამგეს, მაია ჩხაიძეს.
დღევანდელ დღეს, როცა უნებლიე შეცდომაზეც კი უჭირთ აღიარება, მით უფრო _ ბოდიშის მოხდა, ეს მაინც არ გაგვირვებია, რადგან მიგვაჩნია, რომ ორივე პროფესიონალი და თავის საქმეზე თავგადადებულია, ჯამაგირზე მრავალჯერ მეტ და საშურ საქმეს აკეთებს, სანიმუშოდ უძღვებიან სამსახურებს, ამაზე მეტი თითქოს რა შეფასება შეიძლება იყოს, მაგრამ კიდევ უფრო მაღალ თამასაზე ვაყენებთ მათ ადამიანობას.
ჰოდა, წაიკითხეთ მაია ჭანტურიას წერილი, რომელიც გულს გაგითბობთ:
„ადამიანი ფრესკა არ არის, რომ ერთ სიბრტყეში უცქირო. ადამიანს, ისევე როგორც ქანდაკებას, ყველა მხრიდან უნდა შემოუარო და იმ კუთხიდან უნდა უმზირო, საიდანაც ყველაზე ლამაზად იყურება“ – ნოდარ დუმბაძის ეს გენიალური გამონათქვამი იმდენად ბრძნულია, რომ თუ ამ შეგონებით ვიცხოვრებთ ძალიან გვეყვარება ერთმანეთი, ჩვენც გადავრჩებით და ქვეყანაც…
მაია ჩხაიძეზე მინდა მოგიყვეთ (ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერზე). მისი ,,ბობოქარი“ ცხოვრებიდან გამომდინარე, ხან მშვიდია, ხან ბრაზიანი, მებრძოლი, გამომწვევი, ჩხუბიანიც და კიდევ რა ვიცი. და განა მარტო მაიაა ასეთი? ჩვენს გულებში ჩავიხედოთ, ბოლომდე კარგები და იდეალურები არავინ ვართ, მინუსი და პლუსი ზოგს ძლიერად აქვს, ზოგს მოჭარბებული, ასე რომ, დავუჯეროთ გენიალურ გურულ მწერალს და შევხედოთ ადამიანებს, საიდანაც ყველაზე ლამაზად იყურება…
რამდენიმე დღის წინ, ფოლკლორის კაბინეტში სტუმრად ბატონი გიორგი დონაძე იმყოფებოდა, რის შესახებაც სოციალურ ქსელში დავწერე, რომ – რა შექებაც მივიღეთ, მარტო მე არ მეკუთვნოდა და მადლობა გადავუხადე ჩემს კოლეგებს, ვინც მასალების მოძიებაში მეხმარებიან, მაგრამ მაია ჩხაიძე არ მიხსენებია. ამის გამო მან შენიშვნა მომცა: მთელ პლეადას მადლობას რომ უხდი, მე რატომ გამომტოვეო…

პავლე ქინქლაძე (შუაში) ძმისშვილებთან ერთად | 1936 წ., თბილისი
მე ამ შენიშვნას ვიღებ და მას პერსონალურ მადლობას ვუხდი, სხვა რომ არაფერი, მარტო ის ერთი ექსპონატი ღირს სამადლობლად, რომელიც მან გადმოგვცა არქვისთვის: კერძოდ, 1936 წელს თბილისში გადაღებული სურათი, რომელზეც აცანელი ჩონგურის დამზადების ოსტატი პავლე ქინქლაძეა (1879-1959) ძმისშვილებთან ერთად.
1914 წელს, პავლე ქინქლაძეს სუფსელმა ლოტბარმა ილიკო გუჯაბიძემ გუნდისთვის 15 ცალი ჩონგური შეუკვეთა, რომელიც ურმით ჩამოუტანია, ამ ჩონგურების ერთი ეგზემპლარი, რომელიც წლების გამო დაშლილი იყო, ილიკოს ძმისშვილმა გადმოგვცა, ჩვენ რესტავრაცია გავუკეთეთ და არქივში გვაქვს.
მეტიც, ერთ დღეს მაიამ ფოლკლორის კაბინეტშიც მოგვიყვანა პავლე ქინქლაძის შვილი და შვილიშვილი, რომლებიც აცანაში მამა-პაპისეულ სახლში იყვნენ ჩამოსულები.
მაიას ერთი კარგი და დადებითი თვისება აქვს, ის თავის საქმეს პროფესიონალურად უდგება, სულერთია _ ვის ეხება ეს საქმე, ოღონდ კი შეასრულოს. ის ძალიან კარგი დიქციით, ლიტერატურული ენით გამოირჩევა, მუზეუმში ყველაფერი სანიმუშოდ აქვს გაკეთებული, ლაკონურ და შინაარსიან ღონისძიებებს აკეთებს და ადამიანებს სიხარულს ანიჭებს. ერთ-ერთი დიდი და კარგი თვისებაა ადამიანის – საქმის გულით კეთება…
მადლობა მას, ყველა იმ მასალის მოწოდებისთვის, რომელსაც გვერდი არ აუარა და ჩვენამდე მოიტანა, კეთილი საქმე არ დაიკარგება და ბოლოს ისევ დუმბაძის სიტყვებით დავასრულებ: „ადამინის სული გაცილებით მძიმეა ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ სხვისი გარდაცვალების შემდეგ მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე“.
მაიას ახლა მძიმე დღეები უდგას, იგი ქუჩაში მძიმე, შავი ტანსაცმლით შეგვხვდება, რომელიც მიგვანიშნებს გლოვას დედაზე, რომელიც მისთვის ერთადერთი იმედი და შემომძახებელი იყო… თუმცა სიცოცხლე გრძელდება, მას ჰყავს ძმისშვილი, რომელიც მისი იმედი, საზრუნავი და მომავალია…


