„ყველას, ვისაც ახსოვს ეს დღე და ცრემლი ერევა! რუსეთი ოკუპანტია! ქართველი მეომრები – გმირები!!!“ – წერს სოციალურ ქსელში გურული ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე და ერთ მძიმე ისტორიას იხსენებს:
„17 წლის წინ, ექიმი ნინო ახობაძე გორის ჰოსპიტალში იყო… სულ ერთი წინადადებაა, რაც დაწერა, მაგრამ მთელი სიცოცხლეა: _ ჰოსპიტალში ბიჭი შემოიყვანეს, დაჭრილი იყო, ხუთ წუთში გარდაიცვალა, ფორმის ჯიბეში ტელეფონი ურეკავდა, დავხედეთ და ეკრანზე ეწერა – დედა! პასუხი ვერავინ შევძელით!
შინდისის გმირები ჩემი პატარა ქვეყნის დიდი ისტორიაა! ნათელში იყვნენ! დედებოოოო, მოუყევით შვილებს დამარცხებული ომის გამარჯვებულ ბიჭებზე, მოუყევით იმათზეც, დღეს წითელი ყვავილი რომ გულზე უბნევიათ და 12 წლის წინ წითელ ხიდზე გარბოდნენ და სამშობლოს სისხლში ტოვებდნენ…“ _ წერს ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში.
2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან, მტერთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი გმირულად დაიღუპა, მათგან 2 ლანჩხუთელი იყო _ ემზარ წილოსანი და რუსლან წულაძე.




