„გურია თუდეი“ გთავაზობთ გაზეთის ყოფილი მთავარი რედაქტორისა და ამჟამად ლანჩხუთის საკრებულოს პრეს-შეფის, ლაშა სარჯველაძის ტრადიციულ რეპორტაჟებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან, ამჯერად ზემო აჭარიდან:
გასული წლის 20-22 ივნისს „ნაკო-პროდაქშენის“ მორიგი გასვლითი ვოიაჟისას დაიგეგმა, რომ შემდეგი ზემო აჭარა იქნებოდა. გავიდა ზუსტად წელი და ისევ ერთად და იგივე მიკროავტობუსით დავიძარით. ცალკე აღსანიშნავია გოგიტა ხუხუნაიშვილი – ჩვენი მძღოლი, რომელიც მუდამ კომფორტულად გვემსახურება და ჩვენს „ბავშვურ კაპრიზებს“ მოთმინებით იტანს. გზადაგზა შევივსეთ და დაიწყო „მცირე გურულობა“ დიდ აჭარაში.
ამ ყველაფრისთვის დიდი მადლობა საქართველოს საჯარო მომსახურეთა ლანჩხუთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს, ქალბატონ მაგული კუნჭულიას. სწორედ მისი აქტიური მხარდაჭერით და დახმარებით გახდა შესაძლებელი ტურის მოწყობა. ასევე მადლობას ვუხდით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძეს, რომელიც ყოველი ასეთი ტურის დროს ჩვენს გვერდით დგას.
მარშრუტი წინდაწინ გვქონდა გაწერილი: მახუნცეთის ჩანჩქერი, სხალთის მონასტერი, ხიხანის ციხე, მწვანე ტბა… წინასწარ უნდა აიღო საშვი, ვინაიდან ხიხანის ციხე სასაზღვრო ზონაშია. ამაზეც იზრუნა ჩვენმა ხათუნა ვადაჭკორიამ და ყველაფერი დროულად მოგვიგვარა.
ლანჩხუთიდან 110 კილომეტრის დაშორებით ქედის მუნიციპალიტეტში მახუნცეთის ჩანჩქერია. მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. 50 მეტრი სიმაღლიდან ეშვება წყლის შხეფები, ალამაზებს და ამშვენიერებს იქაურობას. ათასი სჯულის ტურისტი სტუმრობს ხოლმე ბუნების ამ მშვენებას. იმ დღესაც ასე იყო, ზედ ჩანჩქერთან ფოტოების გადაღების რიგი იდგა. ხმაურით შევესიეთ გურულები მიდამოს. წყლის წვეთების ხმაური, ჩვენი შეძახილი, ტელეფონების კამერების ჩხაკა-ჩხუკი და გეზი სხალთისკენ.
პირველი შთაბეჭდილება კარგია, უფრო მეტს ველოდებით. მივუყვებით აჭარისწყლის წყალუხვ მდინარეს ზემოთ. ბუნება უფრო და უფრო საოცარი ხდება…
თითქმის მოსაღამოვდა.
ინტერნეტთან კავშირი სუსტია. არადა, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ორთაბრძოლებია. გუნდური შეჯიბრებაა მსოფლიო ჩემპიონატზე. იაპონიას მოვუგეთ ნახევარფინალში. მსოფლიოზე ჯერ უძლეველი ნაკრები დავამარცხეთ. წინ ფინალია, ფინალი – სამხრეთ კორეას უნდა გავეჯიბროთ…

…
ამასობაში სხალთის მონასტერთან ვართ. კარი დახურულია. იქვე აწერია ტელეფონის ნომერი და განმარტება, დაგვირეკეთ და გაგიღებთო. მართლაც ასე ხდება. ტაძარში შევდივართ. ზემო აჭარაში, რომელსაც არაერთი განსაცდელი გამოუვლია, ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლის ხილვა სულ სხვა ელფერს აძლევს ჩვენს მოგზაურობას.
საოცარი ფერებია, კედლებიდან საუკუნეების ისტორია იკითხება. როგორც ადგილობრივი მამაო გვეუბნება – ტაძარში წირვა ყველა დღე ტარდება. აქვეა იოანე ნათლისმცემლის ყრმობის ფრესკა, რომელიც ერთადერთია საქრისტიანოში.
ტაძარში ადამიანის ჩონჩხის ნაწილების სიმრავლე იქცევს ჩვენს ყურადღებას. მათი წარმომავლობით ვინტერესდებით.
ისინი ადგილობრივებს ეკუთვნის. მტერს შემოსევისას დაუხოცავს სამშობლოს დამცველები და შემდეგ ერთ ხევში ჩაუყრია ერთად. მიწის ჩამოშლის შედეგად უპოვიათ წინაპართა ძვლები შთამომავლებს. არქეოლოგიურად დადასტურებულა, რომ ისინი მტერთან უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულან. მათი ლუსკუმაში ჩასვენება და დაკრძალვაა დაგეგმილი. უწმინდესისგან ელოდებიან პასუხს, დროსთან დაკავშირებით.
არაერთი ლეგენდაა ტაძრის აშენებაზე ხალხში შემორჩენილი.
ეკლესიის მშენებელი ოსტატი ისეთი გონიერი და დიდი ანგარიშის მცოდნე ყოფილა, რომ მას წინასწარ გამოუთვლია რამდენი ცალი ქვა დასჭირდებოდა ამ ეკლესიის ასაგებად. ადგილზე ქვები მოჰქონდათ ხელიდან ხელში გადაცემით. როცა შენობის დამთავრებას ერთი ქვაღა აკლდა, აღმოჩნდა, რომ ქვების მარაგი გათავებულიყო. ოსტატმა რომ დაინახა, ანგარიშში მოვტყუვდიო, სირცხვილს ვეღარ გაუძლო და თავი მოიკლა.
როგორც წესი, ზემო აჭარაში თამარ მეფის ეპოქაზეა ბევრი თქმულება და სხალთის აგებასაც მის ეპოქას უკავშირებენ.
ამასობაში ძიუდოს ფინალის დროც დადგა. მიკროავტობუსთან ვდგავართ, ზედ სხალთის ტაძრის კარიბჭესთან. იქ „შევძვერით“ ტელეფონში. 3:1-ს ვიგეთ და ბოლო ორთაბრძოლაა. ლაშა ბექაური საუცხოო გდებას უკეთებს მეტოქეს და ხომ წარმოსადგენია ჩვენი ემოციები.
დაღამდა, ხიხაძირისკენ სასტუმრო „ხიხანი პალასისკენ“ მივიჩქარით. გზა ალაგ-ალაგ საკმაოდ დაზიანებულია და ადგილზე მისასვლელი დრო გაიწელა. შემხვედრთ ვაჩერებთ და მანძილს ვეკითხებით, ყველა 3 კილომეტრს გვეუბნება. მეოთხედ რომ ვიკითხეთ, რადგან „მაპის“ რუკამ „გაჭედა“, იმანაც რომ 3 კილომეტრი გვითხრა, უკვე „გლახათ გავხდით“.
როგორც იქნა, მივედით. ჩვენი ჯგუფის წევრს იუბილე დავულოცეთ, ქვეყნის, მშვიდობის, წინაპრების, ხვალინდელი დღის სადღეგრძელოები შევსვით და ხიხანის ციხის დასალაშქრად მოვემზადეთ, ოღონდ ეს მეორე დილის რუტინა იყო…

…
დილის 7 საათია, დერეფანში წინა დღის იუბილარის ხმა გვესმის: „ადგა ჯარი“. ადრიანად შემოგვძახა ჯგუფის წევრმა და „საბრძოლო განწყობაზე“ მოგვიყვანა. მასპინძელი დილის საუზმით გვიმასპიძლდება, რჩევა-დარიგებებს გვაძლებს ციხეზე ასასვლელად რა უნდა გავითვალისწინოთ და დისლოკაციის ადგილიდან ვიძვრებით.
სასტუმრო „ხიხანი პალასის“ ეზოდან კარგ მზიან ამინდში მთის მწვერვალზე მოსჩანს წარსული დიდების გამორჩეული მარგალიტი, დღევანდელი თურქეთის საზღვრისპირად აზიდული ნაგებობა, რომელიც არაერთი წარმატების მხილველია თავისი ისტორიის მანძილზე.
ხანდახან ნისლში იცის ხოლმე გახვევა თავის, მაგრამ როგორც კი მის ფერდებზე მზე გამოჩნდება ისეთივე წარმტაცია, როგორც არაერთი ძეგლი ქართული დიდებისა.
ბეტონის გზა მიდის მისკენ, მდინარე ხიხანისწყალთან სრულდება და შემდეგ…
თუმცა, მანამდე სასაზღვრო კონტროლია, სადაც რიგი გვხდება, ძირითადად უცხოელებია. ჩვენ ვინაიდან წინასწარ გვქონდა შევსებული განაცხადები და დასტურიც წინასწარ დადებითი ვიცოდით უპრობლებოდ გვიშვებენ წინ.
მდინარის ქვა-ღორღიან ნაწილს გადავდივართ და ტყეში შევდივართ. მალევე წარწერას ვხედავთ, რომელიც მაუწყებელია თუ რამდენია დარჩენილი ციხემდე. კოღოების შემოსევაა საკმაოდ, წიფლის ხეებს ტოტებს ვამტვრევთ და აბეზარ მწერებს ვიგერიებთ. ნელ-ნელა მივუყვებით გზას, რომელიც საურმეს ჰგავს და რომელსაც ეტყობა ჩვენი წინაპარი სხვადასხვა დანიშნულემისამებრ იყენებდა. გზა ტყეში „იკარგება~ და საცალფეხო ბილიკს მთის მწვერვალისკენ მივყავართ. თუ გზიდან დიდებული ციხე მოჩანდა, უკვე მხოლოდ ციცაბო აღმართებიღა ჩანს, ირგვლივ კი შერეული ტყეა. ვისვენებთ, ერთმანეთის გამძლეობას ვუყურებთ. ჩვენს წინ უცხოელთა რაზმი მიდის, საკმაოდ არიან, სხვადასხვა ენაზე მოსაუბრენი.
…
15 წუთის შემდეგ ერთი ჯგუფი ცოტათი წინ გავდივართ. კიბეები გამოჩნდა. 14 ასეთი კიბე გვაქვს ასავლელი, 426 საფეხური. უფრო ზემოთ დასასვენებელი ადგილებია, ფანჩატურები დგას, მაგიდა, სკამი. იქვე გაზის ბალონიც დევს, ყავა ან ჩაი რომ მოიდუღოს მგზავრმა. გზად კი ისევ საცალფეხო ბილიკია. მავთულის ღობეების „თვლებს“ ვეჭიდებით და ასე მივიწევთ წინ. კარგა დრო გავიდა, რაც გზაში ვართ. ციხის პირველი კოშკიც გამოჩნდა. გვიხარია, რომ მშვიდობით მივიწევთ დანიშნულების ადგილამდე.
ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ავდივართ, დაღლილები, მაგრამ ემოციებით სავსე. ნამდვილად ღირდა 3-საათიანი სიარული ამად.

…
პირველები მე, ციცი, მარიკა და კოზმანა ავდივართ. ციხის გუმბათზეც მიიჩქარიან მეგობრები. ხის კიბეებს აუყვნენ და კოშკის თავზე ექცევიან. მზიანი ამინდია და ულამაზესი ხედები მოჩანს ჩვენი ქვეყნის ისტორიული ნაწილისა.
და კიდევ…
წელს ვინც გასულ წლებში ჩვენი მოგზაურობისას მწვერვალებზე ასვლისგან თავი შეიკავა, რუბიკონი გადალახა და ხიხანზე ყველა ავიდა. მართალია, „ვალიდოლის“, „კორვალოლის“ და მსგავსნი მათნის დახმარებით, მაგრამ „მცირე გურულობა“ დიდ აჭარაში შედგა.
ჩვენს ტრენდს არც ჩვენი აპარატის უფროსი ჩამორჩა. ნინო ძიძიგურმა, მიუხედავად რამდენიმეს რჩევისა, რომ უკან გაბრუნებულიყო, საკუთარ თავში ზეძალა გამონახა და კოშკიდან ამაყად გადმოგვძახა – მე აქ ვარ!
ცოტაც ხიხანის ციხეზე…
მისი აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისტორიულ დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ.
XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარი რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი.
„სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილმა ისარგებლა ახალციხის ფაშის შერიფ-ბეგის პოლიტიკურად მარეობით ფაშობა წაართვა, ბოლოს ისე გათამამდა რომ სულთანს ურჩობაც კი შეჰკადრა. განრისხებულმა სულთანმა წაართვა ფაშობა და სიკვდილი მიუსაჯა. 1815 წელს გამოგზავნა მაჰმუდ-ფაშა მისი სიკვდილით დასასჯელად. ეს რომ სელიმმა გაიგო 400 კაცი შეიყვანა ხირხათის ციხეში, თან ერთი წლის სამყოფი საგზალიც შეიტანა და კარები შეიკეტა, მაჰმუდ-ფაშამ 12 000 კაცისაგან შემდგარი ჯარი მიაყენა ხირხათის ციხეს და მის ძირში დაბანკდა. ორი თვის განმავლობაში იმის ცდაში იყო როგორმე ხელში ჩაეგდო სელიმ-ბეგი, მაგრამ ციხეს ვერასგზით მიუდგა. ამასობაში სელიმმა სულთანს კაცი გაუგზავნა: „შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო მაშინვე მომკალიო“. მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა სელიმის საუბედუროდ ციხე შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლის მოყვარეობამ სძლია, მაჰმუდის მიერ მოსყიდული იქნა და ციხის კარების გასაღები მისცა… სელიმი ციხიდან გამოიყვანეს და სანამ თავს მოჰკვეთდნენ სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთისას ტანჯვა არ ეგრძნო.. ბოლოს ნახეს ერთი არტანუჯელი სომეხი, მისცეს ათი ოქრო და იმანც მოჰკვეთა თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას რომელსაც „სერი-ყანა“ ჰქვიან. მერე ეს სომეხი სელიმის შვილს უნახავს და მოუკლავს. ამ აჭარელი გმირის სიკვდილის შემდეგ 2 საათიც არ გასულიყო, რომ სულთნის ფირმანიც მოსულა: „თუ დაიჭირეთ სელიმი ცოცხალი მომგვარეო“. მაჰმუდ-ფაშამ ამის მაგიერ სელიმის თავი, სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა და ჰკითხა: „ფირმანი რა უყავიო“. სიკვდილის შემდეგ მოვიდაო _ რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანია, აღარც მე მეცოდებიო“. და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ. სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული და ქების წარწერაც აქვს მის საფლავის ქვასაო“, – წერია ქართველ მეცნიერთა ნაშრომებში.
ციხის ტერიტორიაზე ბევრგან შეინიშნება სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. ციხის შუა მოედანზე არის დიდი ორმო (ჭა), რომელიც საიდუმლო საწყობს მოგვაგონებს. ციხის ტერიტორიაზე აგრეთვე აღმოჩენილია თონისა და მარნის ნაშთები.
წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთები ციხის უკიდურეს სამხრეთ–აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობს. შემორჩენილია საძირკველი.
დაღმართისკენ ჰერი, ჰერი!…
5 ჯვრიან დროშას ამაყად ვწევთ ზემოთ და პირდაპირ ვიყურებით, იქეთ უკვე თურქეთია. არადა, ერთ დროს ქართული ტერიტორია, სადაც დღესაც ქართულად საუბრობენ და ამაყობენ ჩვენებურები რომ არიან.
ზღვის დონიდან 2200 მეტრზე სხვანაირად მწველი მზეა. ცოტა ხანს ვჩერდებით, ფოტოებს ვიღებთ და ციცაბო დაღმართზე ვეშვებით. უკანა გზაზე 1 საათი და 40 წუთი გვჭირდება.
ჯამში 4 საათი და 40 წუთი, ზოგს მეტიც სჭირდება და ისევ სოფელ ხიხაძირში ვბრუნდებით. წინ კურორტი გოდერძია და მწვანე ტბა.
მანამდე კი…

…
ჩვენი ჯგუფის წევრს ვაფრთხილებთ, დილას 7 საათზე „ადგა ჯარი“ საჭირო არ არის, რადგან 11 საათამდე გასვლას არსად ვაპირებთ. ასეც მოხდა, მესამე დილა დაიწყო.
მასპინძელი რამაზ ხალვაში მეგზურობას გვიწევს და სოფელში არსებულ ტბელ აბუსერიძის სახელობის მუზეუმს გვათვალიერებინებს, რომელიც გასულ წელს მისი აქტიურობით საზეიმოდ გაიხსნა.
წმიდა ტბელ აბუსერიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XIII ს-ში. წმიდანის მამა ივანე ზემო აჭარის ერისთავთ-ერისთავი თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა. დაქვრივების შემდეგ წმიდა ტბელის დედა მონაზვნად აღიკვეცა ეკატერინეს სახელით. წმიდა ტბელს ორი ძმა ჰყავდა აბუსერი და ვარდანი, რომელნიც მისი დროის ცნობილი მოღვაწენი იყვნენ.
წმიდა ტბელმა მისი გვარის შესაბამისად შესანიშნავი განათლება მიიღო. მან როგორც ჰიმნოგრაფმა, პროზაიკოსმა, ასტრონომმა, საეკლესიო მუსიკათმცოდნემ და საერთოდ ღრმა მეცნიერული აზროვნებით გარჩეულმა მწიგნობარმა წარუშლელი კვალი დაამჩნია ქართული კულტურის ისტორიას.
როგორც წმიდანის ნაწერებიდან ჩანს, მან ზემო აჭარაში სოფელ ხიხანში ააშენა წმიდა გიორგის ეკლესია. ვარაუდობენ, რომ წმიდა ტბელი იქ მოღვაწეობდა როგორც სასულიერო პირი და იქ შექმნა მისი თხზულებების უმეტესი ნაწილი. წმიდა ტბელს ჰყოლია შვიდი შვილი და როგორც თავის საგვარეულო მატიანეში წერს, თუ კიდევ გაუჩნდებოდა შვილი მათი სახელებიც უნდა შეეტანათ მატიანეში.
კიდევ ბევრს საინტერესო ამბებს გვიყვება ბატონი რამაზი, რომელიც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გახლავთ. მისი ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა საეკლესიო დღესასწაულ „ტბელობას“, რომელიც ყველა ზაფხულს 30 აგვისტოს აღინიშნება ხოლმე.
ბატონ რამაზთან სამახსოვრო ფოტოებს ვიღებთ და ხიხაძირიდან გოდერძისკენ მივემართებით. დილით ცოტათი წვიმდა, მაგრამ უკვე გამოიდარა. მთიან ბილიკებს მივუყვებით. ხულოს ცენტრში ვართ. მცირე შესვენებას ვაკეთებთ და გოდერძის უღელტეხილისკენ სავალ გზას ვკითხულობთ.
ცოტათი ქვემოთ ვეშვებით…
გზის მოწყობის სამუშაოები მიდის. შესაბამისად, მოძრაობა რთულდება. მტვერია ირგვლივ. დიდი მანქანები დაგრუხუნებენ იქეთ-აქეთ. როცა გზის მშენებლობა დასრულდება გოდერძიზე ასვლა გაცილებით ნაკლებ დროში და კომფორტულად იქნება შესაძლებელი. გზის საფარი იმდენად არის გაფუჭებული ზოგან, რომ ჯგუფის ნაწილი თანახმაა უკან მობრუნებაზეც. ასე არ ხდება და წინ მივიწევთ ნელი სვლით. 2 საათიანი მგზავრობის შემდეგ ასფალტის გზა გამოჩნდა.
არის თუ არა ეს ასფალტი, – ისე გაიძახიან ჯგუფის წევრები, რომ მეათე პლანეტის აღმოჩენის ტოლია.
ზღვის დონიდან 2027 მეტრზე მდებარეობს სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი. მშენებლობების ბუმია. გზებიც კეთილმოწყობილი. გარშემო წიფლის ხეებით და ნაძვნარით. ცოტათი კიდევ ზემოთ ავდივართ, გზა სამად იყოფა: ადიგენისკენ, მწვანე ტბისკენ და ბეშუმისკენ.

…
ირგვლივ იალაღებია, საქონლებს უვლიან ზაფხულში ძირითადი საცხოვრისიდან გამოსულები. ბეტონის გზა მიუყვება. სახლები აქა-იქ ჩამოქცეულია. სიძველეს თავისი კვალი დაუტყვია. თუმც, ახლებიც მრავლად შენდება.
გადასახვევიდან 6 კილომენტრში მწვანე ტბაა.
გზა ბოლომდე კარგია და ამიტომ მასთან მისვლა არ გაჭირდა. მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ კეთილმოწყობილია. უზარმაზარი ხეების შუაგულში მდებარეობს ბუნების საოცრება.
როგორც ამბობენ, ტბა არც ზამთარში იყინება და მუდამ მწვანე შეფერილობისაა, ამიტომაც უწოდებენ მას – მწვანე ტბას.
ქვაფენილიან ბილიკებ ჩაჰყავხარ ტბამდე.
ხალხმრავლობაა, უფრო მეთევზეები „შესევიან“. როგორც გვეუბნებიან – კილოიანი კალმახიც კი მოყვება ანკესს. სამახსოვრო ფოტოებისთვის უკეთეს ადგილს ვერც ინატრებს ადამიანი. წიფლის ხეების სიმწვანეში „ჩაძირული“ ტბის ზემოთ გორაკებს თოვლის საფარი შემორჩენია.
ფოტოობიექტივი როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს არ ვიცი, მაგრამ თვალით მასზე უკეთეს ფერებს ალბათ, ნაკლებად ნახავს კაცი სადმე. კარგი თერაპიაა.
ისევ გოდერძი თუ ზაზრმა-რაბათი?!
მესამე დღეა მოგზაურობის. ბეშუმის სანახებს გავცქერით. დახლოებით იგივეა, ბახმარო. ცოტათი დაბლა ზღვის დონიდან და იგივე ხედებით. ისევ გზაგასაყარი. ვიცით, უკან თუ მიბრუნდებით, ისევ ცუდი გზა გვიწევს. მძღოლმა ადიგენით წამოსვლა ამჯობინა.
მასიური ტყეები, სადაც დათვების თავშესაფარია და სხვა ცხოველების.
ერთი ადგილობრივი გვიყვება, ამ გზაზე ღამის საათებში დათვს მის ბელებთან ერთად ხშირად შეხვდებითო. მათი ნახვა არაა ცუდი, მარა შეხვედრის რა მოგახსენოთ.
ამასობასი დიდებული ზარზმა გამოჩნდა. ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლთაგანი, რომელსაც თავისი წვლილი დაუდია ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიაში.
მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე). თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როგორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა I მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ.
ზარმის დიდებული მონასტის შემდეგ ახალციხეა. რაბათის ციხე, რომელსაც ათასობით მნახველი ყავს ყოველდღიურად. იქ აღარ ვჩერდებით, რადგან დაღლილობა იჩენს თავს, თან გასულ წელს ზუსტად 22-ში დავლაშქრეთ და გავეცანით სამცხე საქართველოს გამორჩეული ადგილი.
შემდეგი გაჩერება ახალდაბაში რესტორანი „ლოქოა“, სადაც ჩვენი ქვეყნის, სიყვარულის დავლიეთ და ხაშურთან ნაზუქის და ნაყინის საყიდლად გავჩერდით. აი, იქ რაც მოხდა, ეს უკვე საჯარო თემა აღარაა…
ასე დასრულდა ხიხანის ციხის და მწვანე ტბის ნახვა ბორჯომისა და ხაშურის გამოვლით. ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ხიხაძირიდან თავს მტკვრის ხეობაში ამოვყოფდით.
ასე მოხდა, ლანჩხუთში დასავლეთიდან გასულები აღმოსავლეთიდან დავბრუნდით. ასეთნი ვართ გურულები ყაბალახდახურულები.
შემდეგი?! ეს უკვე ხიხანის ციხეზევე დაიგეგმა.





