სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ 4 ვაჟი და 1 ქალი… რადგან ვერაფერი ათქმევინეს, აწამეს და ცეცხლში დაწვეს _ დაფერფლილი გმირი ქალი მამათიდან

|

Loading

მამათი და მანია ჩხაიძე

​გასული წლის ოქტომბერში პოდპოლკოვნიკ დავით მაჭავარიანის საშუალებით ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ლანჩხუთის რაიონის სოფელ მამათის მკვიდრმა მანია გრიგოლის ასულმა ჩხაიძემ, იმყოფებოდა რა ფრონტზე, მტერთან ბრძოლაში გამოიჩინა გმირობა, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ჩაბმული ქალი ბენდერელებმა ჯერ აწამეს, შემდეგ ცეცხლში დაწვეს.

ამავე დროს წარმოდგენილი იქნა ლანჩხუთის გაზეთში აკაკი ჩხაიძის, გაზეთ „სახალხო განათლებაში“ _ მარგო კიკაბიძის, „ზარია ვოსტოკაში” _ ნ. ქინქლაძის მიერ გამოქვეყნებული წერილები. არსებული მასალების ღრმა ანალიზი საშუალებას არ იძლეოდა გმირობის კონკრეტული შინაარსის დასადგენად. საჭირო იყო დამატებითი ღონისძიებების გატარება. ჭეშმარიტების საყურადღებო საბუთად ჩავთვალეთ ჯგუფური ფოტოსურათი, რომლის უკანა მხარეზე ქალთა გვარები და სახელები თვით მანია ჩხაიძის ხელით იყო მიწერილი. ამიტომ ჩვენს მიერ სხვადასხვა დროს გაზეთ „თბილისში” და „სოფლის ცხოვრებაში” იქნა მოთავსებული წერილები.

​ვარაუდი გამართლდა. გამოქვეყნებულ წერილს გამოეხმაურნენ თვით მანია ჩხაიძის თანაპოლკელი, ათეულის ყოფილი მეთაური კლარა ჩაჩხიანი, მისი თანამებრძოლები: ბაბუცა არჯევანიძე, ჟუჟუნა ინანიშვილი, მე-18 არმიის ვეტერანი, მცირემიწელი შ. ზაქარიაძე.

​ომის ვეტერან მანია ჩხაიძის ტრაგიკული ბედის საკუთარი თვალით მხილველი ბაბუცა არჯევანიძე თელავიდან წერილობით იტყობინება:

​„ათეულმა მტერს წინააღმდეგობა უკანასკნელი სისხლის წვეთამდე გაუწია. მანია ჩხაიძე არ დაიბნა, ტელეფონით აცნობა ჩვენებს შექმნილი მდგომარეობის შესახებ. დამხმარე ნაწილის მოსვლამდე ათეულის მთელი შემადგენლობა გმირულად შეეწირა ბრძოლას. ცოცხლად დარჩენილმა მანიამ ავტომატით 4 ბენდეროვეცი გამოასალმა წუთისოფელს, ბოლოს მეტი გამოსავალი რომ ვერ მონახეს, მტერმა სახლს ცეცხლი გაუჩინა. სახლის ნანგრევებიდან მანია ჩხაიძე ძირს ჩამოვარდა, რადგან ვერაფერი ვერ ათქმევინეს, შემდეგ აწამეს და ბოლოს ცეცხლში დაწვეს. დამხმარე ნაწილები რომ მოვიდნენ, მანია უკვე დამწვარი იყო. მისი დამწვარი სხეული ვიცანით ოქროს ბეჭდით და დიდი პატივით დავასაფლავეთ“.

​ათეულის მეთაური ქართველი ქალი კლარა ჩაჩხიანი წერდა:

​„მზვერავთა ათეულმა, რომელშიც მანია ჩხაიძე ტელეფონისტად იყო, შეამჩნია, რომ ბენდეროვეცების ჯგუფი სამეთვალყურეო პუნქტს უახლოვდებოდა. მებრძოლები არ დაიბნენ, მოემზადნენ ბრძოლის მისაღებად და თავდამსხმელებს ავტომატების ცეცხლით შეხვდნენ, მანიამ ალღო აუღო შექმნილ ვითარებას და სასწრაფოდ გადასცა ტელეფონით, რომ ალყაშემორტყმული არიან და საჭიროა მაშველი რაზმის გამოგზავნა.

​ვითარება გართულდა, გაიმართა უთანასწორო ბრძოლა. უკანასკნელ ვაზნამდე და უკანასკნელი სისხლის წვეთამდე იბრძოდა მზვერავთა ათეული, ოთხი ვაჟი და ერთი ქალი, მაგრამ მტერმა სიმრავლემ სძლია ეს 5 გმირი. ვიდრე მაშველი რაზმი ადგილზე მივიდა, ამ მამაცი მებრძოლების საშინლად ნაწამები, დასახიჩრებული გვამები მიწაზე ეყარა, მანიას თვალების ადგილზე სისხლიანი ორმოები უჩანდა, გაშიშვლებული ქალიშვილი თავისივე ნაწნავებით ხეზე ჩამოეკიდათ“.

​ჟუჟუნა ინანიშვილიც მის მიერ გამოგზავნილ წერილობით ცნობაში მთლიანად ადასტურებს მანიას მიერ ჩადენილი გმირობის ამბავს, მისი წამებისა და ცეცხლში დაწვის ფაქტს.

​ამრიგად, მანია ჩხაიძემ გამოიჩინა მტერთან ბრძოლაში ქართველი ქალისათვის დამახასიათებელი მტკიცე ხასიათი, უკანასკნელ სისხლის წვეთამდე მტერს გაუწია წინააღმდეგობა, არ გასცა მისი ნაწილის საიდუმლოება, რისთვისაც იგი ჯერ აწამეს, ხოლო შემდეგ ცეცხლზე დასწვეს.

​ამიტომაცაა, რომ დასავლეთ უკრაინელ ხალხს უყვარს და პატივს სცემენ მათი განთავისუფლებისათვის დაფერფლილი ქართველი ქალიშვილის ხსოვნას. ამიტომაცაა, რომ ქ. ბორისლავში ყველაზე უფრო დიდი და ლამაზი ქუჩა ატარებს მანია ჩხაიძის სახელს. ამიტომაცაა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა სათუთად უვლის და ცოცხალი ყვავილებით ამკობს მის საფლავს.

​მანია ჩხაიძის საფლავი და მისი სახელობის ქუჩა ბორისლავში საუკუნეების მანძილზე იარსებებს ქართველსა და უკრაინელ ხალხს შორის ინტერნაციონალური სიყვარულის გამომხატველ სიმბოლოდ.

​შალვა ფრანგიშვილი

გაზეთი „კომუნისტური შრომა“, 1980 წლის 9 მაისი