ლანჩხუთის საპატიო მოქალაქე, ქართული კინოსა და თეატრის ერთ-ერთი შესანიშნავი წარმომადგენელი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე ვალოდია წულაძე ფეხბურთის დიდი გულშემატკივარი იყო. მის კალამს ეკუთვნის ცნობილი ლექსი „ბურთმა ჩაყლაპა გლობუსი“, რომელიც 1966 წლითაა დათარიღებული.
საზოგადოებისათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ მას ახლო მეგობრობა აკავშირებდა ევგრაფ შევარდნაძესთან. ვინ თუ არა, ბატონი ვალოდია სიღრმისეულად აფასებდა ბატონი ევგრაფის ღვაწლს ლანჩხუთის „გურიას“ დიდ წარმატებებში.
მუზეუმის ფონდში დაცულ მასალათა შორის დიდ ყურადღებას იპყრობს ლექსი: „ლანჩხუთის „გურია“ პირველ ლიგაში“, რომელიც ბატონ ვალოდიას 1979 წელს, გივი მენაღარაშვილის თხოვნით (იქვე სახელდახელოდ) დაუწერია:
„დღეს ჩვენი გუნდი გურია,
პირველი ლიგის მკვიდრია,
პატარა ლანჩხუთისათვის
ეს გამარჯვება დიდია.
ეს არის ჩვენი (ევგრაფის) აქტივის
ოცი წლის ნაამაგარი,
(გულდაგულ გამოჭედილი
ნაწრთობ ფოლადზე მაგარი).
ეს ჩვენ ვართ მთელი ლანჩხუთი,
განა თერთმეტი ბიჭია,
ეს ჩვენი მუხლის ძალაა,
ლანჩხუთის შნო და ნიჭია.
ლანჩხუთმა მისცა დიდ ფეხბურთს,
მწვრთნელი ანდრო ჟორდანია,
ილო დათუნაშვილი,
ჩვენი ლეო ჟორდანია.
უმაღლესის ურუშაძე,
ებრალიძე ზორბეგი,
და თავაძე თადარიგში,
ახლაც იმისთვის ვირჯებით,
რომ თბილისის ჩვენ „დინამოს“,
მივცეთ კადრი პირველ რიგში,
მივცეთ შევსება და ძალა,
ვფიქრობთ, კარგ საქმეს ვაკეთებთ,
ბუნებამ თუ დაგვაცალა.
ჩვენი გუნდის დედაბოძი,
ამ ზაფხულში ავად გახდა
და „გურიაც“ ამ მიზეზით,
გაფუჭდა და სულ მთლად წახდა.
მოედანზე ჩამობნელდა,
აგვერია გზა და ხიდი,
მაშინ იგრძნო ლანჩხუთლებმა,
გაჭირვება დიდზე დიდი.
და ფეხბურთის სილამაზეს
დაეკარგა შნო და ფასი,
ცოდვილ მიქელ-გაბრიელთან,
გვქონდა დიდი სჯა-ბაასი.
და ევგრაფის ნაცვლად ჩვენგან,
მივუთვალეთ კაცი ასი
და უფალმაც გააუქმა
უკანონო განაჩენი,
ავადმყოფი გამოკეთდა,
გუნდი დარჩა მოსარჩენი.
ამის შემდეგ რაც ვიღონეთ,
ყველამ ვიცით დანარჩენი,
პირველ ლიგაში შებრძანდა,
საყვარელი გუნდი ჩვენი.
ზოგიერთი ჯენტლმენისთვის
იყო თურმე ეს საწყენი.
სირცხვილი მას, ვინც შეჯიბრში
ვაჟკაცობა დაგვიწუნა,
თუმცა ბურთის სიყვარულმა,
ბევრჯერ წელში გადაგვღუნა.
მაგრამ ბურთმა დალოცვილმა
სიხარულიც კი გვარგუნა,
ჩვენს ძალებში დაგვარწმუნა,
კაცი გაღმა გადიოდა
და ფეხბურთმა დაგვიბრუნა.
მიწას კაცი ალამაზებს,
არა კაცსა გულზე მიწა,
სიცოცხლე და სიყვარული
ქიშპობამ ვერ დაამიწა.
აბა, ვინმე შეგვედაოს,
თუ კი სადმე ვიშილთახეთ,
ოც წელიწადს კაკაბაძე,
ჩვენ აქ რისთვის შევინახეთ?
როგორ ფიქრობთ, ბესკოვია?
უკეთესი ვერვინ ვნახეთ?
ვუვლიდით და კაცად ვზრდიდით,
უმიზეზოდ არ გავლახეთ.
ვასწავლიდით, მწვრთნელად ვზარდეთ,
უმიზნოდ არ ვავაგლახეთ.
მოკლე შარვლით მოვიდა და
უცოლშვილოდ დაგვიბერდა,
კიდევ დიდხანს შევინახავთ,
უფრო თუ არ გამოშტერდა.
ბურთი გვიყვარს, სინიდისი
ოქრო-ვერცხლში ვერ გავცვალეთ,
ვინც წახდენა მოგვინდომა,
ამოსუნთქვა არ ვაცალეთ.
ხუთით ნოლი, ექვსით ნოლი,
შვიდით ნოლიც არ ვაკმარეთ,
რა ვქნა, ძამა, თუ ფეხბურთი
პილპილივით არის ცხარე?!
ზოგჯერ დიდი ლხინი მოაქვს
და ზოგჯერ კი სიმწუხარე.
დღეს, ჩვენ პირველ ლიგაში ვართ,
არ გვცალია საჯამბაზოდ,
მომავალი სეზონისთვის
კარგად უნდა მოვემზადოთ.
ჩვენი „გურიას“ კარები
მაგრად უნდა გადავრაზოთ,
უმაღლესში რომ გადავალთ,
აქ, მობრძანდით სადარბაზოდ.

[ქვეყნდება პირველად] მარცხნიდან: „გურიას“ სტადიონის დირექტორი სოსო (ბუტა) ჟორდანია, მსახიობი და რეჟისორი ვალოდია წულაძე, „ატეკის“ დირექტორი ევგრაფ შევარდნაძე, „გურიას“ მთავარი მწვრთნელი შალვა კაკაბაძე, …; ქვემოთ: მშენებელი ინჟინიერი ომარ ვადაჭკორია, ბატონ ევგრაფის მძღოლი შოთა წულაძე
საინტერესოა, მეტიც, განსაცვიფრებელია, ვალოდია წულაძის პროფესიული ხედვა,დამოკიდებულება, როგორც ზოგადად, ქართული ფეხბურთის , ასევე მაყურებლის, მსაჯისა და ფეხბურთელების მიმართ.
1957 წლის 30 აგვისტოს, გაზეთ „სოციალისტურ შრომაში“ ვალოდია წულაძე წერდა:
„საკმარისია ადამიანი ოდნავ გაერკვეს ფეხბურთის თამაშის საიდუმლოებაში და იგი სიკვდილამდე შეპყრობილია ამ სპორტის სიყვარულით. მე მახსოვს ფეხბურთის ფეხის ადგმის პირველი დღეები საქართველოში და იმ დროის საუკეთესო ფეხბურთელები: სპორტის დამსახურებული ოსტატი ანდრო ჟორდანია, პაპკოვი (მგელაძე), სოკრად ბაღდოევი, გუნია და სხვები.
მახსოვს თბილისში ლენინის სახელობის მოედანი, სადაც შეჯიბრებებს ათასამდე კაცი ესწრებოდა. მას შემდეგ არც თუ ისე დიდი დრო გავიდა და ჩვენს ქვეანაში განსაკუთრებულმა ყურადღებამ მოიცვა სპორტის ეს სახე – ფეხბურთი. მე უსაზღვროდ მიყვარს ფეხბურთი. ერთ დროს კიდეც ვთამაშობდი და გული მწყდება, რომ მაშინ ამისათვის თავს არავინ იტკიებდა. ის დრო წავიდა,მაგრამ ახლა ფეხბურთის მოედანზე გაჩაღებული ბრძოლის ყოველი 90 წუთი ჩემთვის დიდი სიამოვნებაა.
სასიამოვნოა ისიც, რომ დღეს მაყურებელთა დიდი უმრავლესობა კარგად ერკვევა თამაშის წესსა და ტაქტიკაში. ჩვენ გვაღელვებს, როცა ზოგიერთი მაყურებლისაგან გაიგონებთ ხულიგნურ წამოძახილებს, რაც მსაჯს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს. გვაღელვებს ისიც,როცა მსაჯი არაობიექტურია და თამაშს თავის სილამაზეს უკარგავს. არანაკლებ ცუდია, როცა ესა თუ ის ფეხბურთელი ჩვენს თვალწინ საინტერესო თამაშის ნაცვლად, თავისი უღირსი საქციელით (ყვირილი, უხამსი სიტყვები, უხეშობა და სხვა) ყოველგვარ საზღვარს სცილდება. მე მგონია, ჩვენ გადაჭარბებით გვიყვარს ფეხბურთი და რაღა თქმა უნდა, ფეხბურთელიც. ალბათ, ეს არის მიზეზი, რომ ზოგიერთი სპორტსმენი კარგავს ზომიერებას. პატივით არ ეპყრობა ჩვენს მისადმი სიყვარულს და მოედანზე თუ ცხოვრებაში არ იქცევა ადამიანურად.
არ უნდა დავივიწყოთ, ჩვენ ყველაფერი როდი მოგვწონს! არ უარვყოფთ, რომ ისინი ნიჭიერები არიან, ბურთებიც გააქვთ მოწინააღმდეგეთა კარში და ამისათვის მაყურებელთა ერთსულოვანი ტაშით ჯილდოვდებიან, მაგრამ ფეხბურთელს უნდა ახსოვდეს, რომ მისი არაკოლექტიური თამაში, ანდა სულ უმნიშვნელო შეცდომაც კი, რომელიც საბოლოოდ გუნდის წარუმატებლობის მიზეზი ხდება, მაყურებლის გულისწყრომას იწვევს“
მაია ჩხაიძე, ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმის მენეჯერი





