„არ მიყვარს ინტერვიუების მიცემა, თუმცა როცა საქმე ჩემ გურიას, განსაკუთრებით ლანჩხუთს, უფრო განსაკუთრებით ლესას და კიდევ უფრო განსაკუთრებით კი ჭინათს ეხება, ეს ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ ჩემი მიდგომა განსაკუთრებულია. ამიტომ „გურია თუდეის“ უარს ვერ ვეტყვი…“
ალბათ, არ არსებობს ლანჩხუთელი, რომელმაც მის შესახებ არ იცოდეს. წლების განმავლობაში ამ ნიჭიერი გურულის მიერ შექმნილი შოუები ტელევიზიების მთავარი სავიზიტო ბარათი გახლდათ. სერიალ „შუა ქალაქის“ პოპულარობა კი გრძელდება, რომლის შემქნელიც სწორედ ჩვენი დღევანდელი ნომრის სტუმარია.
ცნობილი შოუმენი დათო გოგიჩაიშვილი ინტერვიუებს არ იძლევა ხოლმე, მაგრამ „გურია თუდეის“ მკითხველისთვის გამონაკლისი დაუშვა და ბავშვობის დრონდელი ამბებიც დიდი სიმაოვნებით გაიხსენა. იმაზეც შევთანხმდით, როცა სოფელში ჩამოვა, მწვადი, ჩვენებური „ადესა“ და სუფრა იქნება, რა თქმა უნდა, სოსო გოგიჩაიშვილთან ერთად, რომელიც ჭინათის კოლორიტი და დათოს უახლოესია.
მაშ ასე, „გურია თუდეის“ ექსკლუზიური ინტერვიუ დავით გოგიჩაიშვილთან:
_ არ მიყვარს ხოლმე ინტერვიუების მიცემა, თუმცა როცა საქმე ჩემ გურიას, განსაკუთრებით ლანჩხუთს, უფრო განსაკუთრებით ლესას და კიდევ უფრო განსაკუთრებით კი ჭინათს ეხება, ეს ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ ჩემი მიდგომა განსაკუთრებულია. ამიტომაც „გურია თუდეის~ უარს ვერ ვეტყვი.
_ დავიწყოთ ბავშვობით, როგორც გურულები იტყვიან, „ეშმაკი“ ბაღანა იყავით?
_ ეშმაკიც, ცელქიც, „უჟმურიც“ და მეტიც, რთულად აღსაზრდელიც. ყველა ბავშვი განსხვავებულია, ყველა ბავშვი უცნაურია, თუმცა ჩვენ, მშობლებს, გვახასიათებს ხოლმე ამ განსხვავებულობების დათრგუნვა და სტანდარტიზება. მე შემიძლია ვთქვა, რომ გამიმართლა და ჩემი ეს „განსხვავებულობა“ და ჰიპერაქტიურობა ცხოვრებაში გამოსადეგ თვისებებში ითარგმნა და ამაში დიდი დამსახურება მიუძღვით ჩემ მშობლებს და რა თქმა უნდა, ჩემი და ჩემი ძმის გამზრდელ ბებიას.
მე ვიყავი ჯიუტი, აკვიატებებით აღსავსე, რთულად საურთიერთო ბავშვი. რამეს თუ ავიჩემებდი, ყველა გზას მოვნახავდი მიზნის ასასრულებლად. ცნობილია, რომ „საჭირო ოთახში“ ვიკეტებოდი ხოლმე (სტრატეგიული ადგილი მომიფიქრებია) და სანამ ველოსიპედს არ მიყიდდნენ, არ გამოვდიოდი. არც ტკბილი ლაპარაკი ჭრიდა და არც მკაცრი.
_ როგორ გაიხსენებთ ზაფხულის არდადეგებს მშობლიურ სოფელში?
_ ზაფხულის არდადაგების მღელვარება უკვე მატარებლიდან იწყებოდა, როცა თბილისიდან ლანჩხუთისკენ მოვემგზავრებოდი ხოლმე, თითქოს მთელი წელი ველოდი, როდის წავიდოდი სოფელში. ბავშვობა ჩემ სოფელში ბევრ რამესთანაა ასოცირებული:
მეგობრებთან ერთად ფეხბურთის თამაშთან ჩემ ეზოში;
სპექტაკლების დადგმასთან _ მე, თეონა და გაგა გოგიჩაიშვილები (ომარი გოგიჩაიშვილის შვილები) ერთად ვიზრდებოდით და ვდგამდით იუმორისტულ სპექტაკლებს, ან სერიოზულ სპექტაკლებს, რომლებიც ასევე იუმორისტული გამოგვდიოდა. ეს ყველაფერი ხდებოდა მათი სახლის „პლაშადკაზე“, რომელიც ეკუთვნოდა ყველასთვის საყვარელ ვასო და ანგელინა გოგიჩაიშვილებს, აუდიტორიაში კი იყვნენ ჩვენი ჭინათელი მეზობლები; „ანშლაგების“ და პოპულარობის მოხვეჭის შემდეგ ბილეთების გაყიდვაც „მოვიფიქრეთ“ და შემოსავლით ლანჩხუთში ვიპარებოდით და ნაყინებს ვჭამდით;

სოფელი ჭინათი, „დავით გოგიჩაიშვილის ქ.23“
ლანჩხუთის სტადიონზე ფეხბურთებზე სიარულთან (როცა „გურია“ უმაღლეს ლიგაში გადავიდა). ჩემი უფროსი მეგობრები და ნათესავები – სოსო, ნანა და მაია გოგიჩაიშვილები (ჩემი საყვარელი აჩიკო ბიძიას და ლილი დეიდას შვილები) ხვიჩა და გოჩა ბერიძეები (ჩემი ნათლიის, ომარი ბერიძის შვილები. გოჩა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა ახალგაზრდა ასაკში და ყველას გული დაგვწყვიტა) დამატარებდნენ ხოლმე სტადიონზე. დღესაც მახსოვს ის მღელვარება და ვნებათაღელვა. რამდენჯერმე უტრანსპორტობის გამო ლანჩხუთიდან ფეხითაც წამოვსულვართ ლესაში თამაშის მერე (დღესაც, ისევ ლანჩხუთი თუ გვასახელებდა საქართველოს და ჩვენმა გოგოებმა რო ასეთი სიხარული გვაჩუქეს, როგორ მინდოდა, რომ იმ დახვედრაზე მეც ვყოფილიყავი ლანჩხუთში და მეც დამეკრა ტაში მათთვის და მათი მწვრთნელისთვის, რადგან ჩემთვის, როგორც ლესელისთვის სულ სხვანაირად სასიხარულო და ამაღელვებელია ყოველი ლანჩხუთელის წარმატება);
ზემო ჭინათში ჩანჩქერზე სიარულთან;
ღელეში თევზაობასთან (მიუხედავად იმისა, რომ დიდი ვერაფერი მოთევზავე ვიყავი, ჩემი ძმაკაცი გია ჰამლეტის ძე გოგიჩაიშვილი იყო ძაან მაგარი) ჩვენი ღელის ღორჯო, ალბათ, ყველაზე გემრიელი თევზია მსოფლიოში;
ღელეში ბანაობასთან (ერთხელ მე და გაგამ ღორები გამოვყარეთ ღელიდან და იქ ვიბანავეთ და ტილები აგვეკიდა);
აქ კიდევ იმდენი რამე შემიძლია ჩამოვთვალო, რომ „გურია თუდეის“ ამ გამოშვების ფურცლები არ გვეყოფა.
_ მაშინ არ იყო ტელეფონი, კომპიუტერი, რითი ერთობოდით ბავშვები სოფელში?
_ როგორ არ იყო ტელეფონი? მე მქონდა სახლში და ნომერი იყო 1-42; სოსოს ვურეკავდი ხოლმე, მათი ნომერი იყო 2-37. წინა კითხვაში ჩამოთვლილი ყველაფერი იყო ჩვენი გართობაც და სერიოზული ცხოვრებაც. ამ ყველაფერს ემატებოდა ისიც, რომ ბიძაჩემი (ტარიელ აფხაზავა, რომელსაც ასევე დიდი წვლილი აქვს ჩემ ცხოვრებაში, ასევე აღარაა ჩვენთან ერთად და მისი მოგონებებით ვცოცხლობ დღესაც) წამიყვანდა ხოლმე ზღვაზე, მანქანის ტარებას მასწავლიდა და ველოსიპედებითაც მანებივრებდა. ასევე, წამიყვანდა ხოლმე ნიგვზიანში, ანუ „ჯუმათში“ _ დედულეთში, სადაც ასევე ძალიან მიყვარდა დროის გატარება ჩიტო ბებიასთან და ამროსი ბაბუასთან.
_ თქვენმა ძმამ, ავთომ გვითხრა, რომ ბებიას _ გალიჩქა კვაჭაძის გაზრდილი ვარო, როგორ გაიხსენებთ ბებია-ბაბუებთან ურთიერთობას?
_ გალიჩქა ბებია იყო ჩემი და ჩემი ძმის გამზრდელი ბებია. ყველა ბებია განსაკუთრებულია, თუმცა ბებიაჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ გმირი ქალი იყო. მე მამაჩემის მხრიდან ბაბუა, სამწუხაროდ, არ მახსოვს, მეტიც, არც მამაჩემს ახსოვს, რადგან მეორე მსოფლიო ომში როცა წავიდა, იქიდან აღარ დაბრუნებულა. მამაჩემი იყო ერთი თვის ამ დროს.
ბებია მაშინ იყო 17 წლის. შესაბამისად, ოჯახის მთელი მზრუნველობა მას დააწვა კისერზე. მას უნდა ეზრუნა მამაჩემზე და ჩემ დიდ ბაბუაზე, ვისი სახელიც მე მქვია _ დათიკოზე, რომელიც ამ დროს ღრმად მოხუცებული იყო.
ერთ ასეთ ეპიზოდს გაუსვა ხაზი ბებიაჩემის გასვენებაში ქელეხზე ჩემმა საამაყო ნათესავმა, კოტე კუნჭულიამ და ამ სიტყვებზე არ დაგიმალავთ და ცრემლი წამსკდა: გალიჩქა ბებია, როგორც იმ დროს თითქმის ყველა, ჩაის პლანტაციაში ატარებდა დღის დიდ ნაწილს. იმ გაჭირვების დროს, როცა ოჯახებს საჭმელი ენატრებოდათ, თურმე დათიკო ბაბუა დილით ეტყოდა ბებიაჩემს, რო მოი ჭამე ჩაში რო მიდიხარ, მოგშივდებაო და ბებია ეტყოდა, _ არა, არ მინდა, შენ ჭამე, მე ქალებთან ერთად შევჭამ ჩაშიო. და შემდეგ, „ჩაში“, როცა ქალები დაპატიჟებდნენ, _ მოი, გალიჩქა, ვჭამოთო, ბებია ეტყოდა, არა, იყოს, დილას ვჭამე უკვე სახლშიო…
ერთხელ მამაჩემი იყო ჩასული ლესაში ჩვენი ნათესავის გასვენებაში და ბებიამ ასეთი სიტყვებით გამოაცილა: კაი ქენი, რომ ჩამოი, მარა იცოდე, ყოველთვის სხვაი კი არ მოკტებაო… ძალიან მენატრება…
_ ავთო მსოფლიო მეცნიერებას შეეჭიდა და რამდენიმე ქვეყნის აკადემიკოსია. თქვენ უფრო სხვა კუთხით წახვედით. ვინ იქონია პროფესიის შერჩევაში გავლენა?
_ ბებიამ გვასწავლა და მეტიც, გვაგრძნობინა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის განათლებას, შრომისმოყვარეობას, პატიოსნებას. ჩემი ძმის სახელითაც ვიტყვი, რომ თუ ჩვენ დღეს რამეს წარმოვადგენთ, ამაში ლომის წვლილი გალიჩქა ბებიას ეკუთვნის.
კონკრეტული პროფესიის შერჩევაში კი ბედნიერებით და სიამაყით შემიძლია აღვნიშნო, რომ მეც და ავთოც იმ საქმიანობით ვართ დაკავებული ორივე, რაც გულით გვიხარია და სიამოვნებას გვანიჭებს.
_ დედით და მამით გურული ხართ, რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
_ დიდ უპირატესობას!
_ ერთ-ერთი მასტერკლასის დროს თქვენ თქვით, რომ გურულების საუბარი კითხვა-პასუხი არაა, ეს არის კითხვა-კითხვა… ამ ვიდეოს ძალიან ბევრი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში. რას ნიშნავს ეს, გურულობის გამორჩეულობას თუ სხვა ფენომენთან გვაქვს საქმე?
_ არა მხოლოდ შეკითხვებით აზროვნებასთან, რაც ლიდერობისთვის აუცილებელი დამახასიათებელი თვისებაა, არამედ საერთოდ იუმორთან გურულების ახლო ყოფნა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მე მაქვს ჰიპოთეზა, რომ გურულები არ ხუმრობენ, ეს მათი ბუნებრივი კომუნიკაციის გზაა, ანუ ჩვენ, გურულები, არ ვხუმრობთ, უბრალოდ, ასე ვლაპარაკობთ, და სხვებს მიაჩნიათ ეს იუმორად.
საერთოდ კი, ყველა კუთხეს არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში ახასიათებს რაღაც უნიკალური იდენტობა. თუ სამყაროს და ადამიანების შეცნობა გაინტერესებს, ყველგან აღმოაჩენ საინტერესო გამორჩეულობას. ანუ მსოფლიოს ყველა კუთხე გამორჩეულია, თუმცა, მე, როგორც გურული, ვიტყოდი, რომ გურია კიდევ უფრო გამორჩეულია.
_ მოგვიყევით თქვენი ოჯახის შესახებ?
_ ჩემი ცოლი ეკა ასათიანია. ერთმანეთი გავიცანით ინგლისური ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. ეკა თბილისელია, მაგრამ ასათიანების გვარი, საერთოდ, წარმოშობით ლეჩხუმიდან არიან. როცა ეკამ და მე ოჯახი შევქმენით, პირველი სადაც წავედით, ეს იყო გურია. ჩემი ნათესავები ეკას მოეფერნენ, ჩაეხუტნენ და ეკამ დღის ბოლოს გურულებზე შთაბეჭდილება გამიზიარა: ძაან თბილი ხალხიაო, მაგრამ კითხვას როცა დამისვამენ, პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ, უკვე შემდეგი კითხვა აქვთ დასმულიო. ჩემ ნათესავებს ეკა ისე მოეწონათ, აგი ნამდვილად გურული იქნებაო.
ეკა ისე შეეჩვია უკვე გურიას, რომ ზაფხულში ერთი სული აქვს ხოლმე, როდის მოვახერხებთ ჩამოსვლას. განსაკუთრებით უყვარს ლილი დეიდა, აჩიკო ბიძია, ელისო ჭიჭინაძე, ჰამლეტი გოგიჩაიშვილი, ნინო ტუღუში და პრინციპში ყველა.

„ჩემ ნათესავებს ეკა ისე მოეწონათ, აგი ნამდვილად გურული იქნებაო“
ნიკოლოზი უკვე 13 წლისაა და ასევე სიამაყით და ბედნიერებით უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან უყვარს გურიაში ზაფხულში დროის გატარება. იმ ეზოში რო ნიკოლოზი დარბის, სადაც მე დავრბოდი მისი ასაკის როცა ვიყავი, ფილოსოფიური ფიქრები მომეძალება ხოლმე: ასე მგონია, ჩემ ბავშვობას ვუყურებ.
მამაჩემთან, ანუ თამაზი ბაბუასთან ერთად, ძაან სასაცილო სანახავია, როგორ სეირნობენ ერთად ჭინათში. ნიკოლოზმა იცის, სად არის „გოჩას წყარო“ (იცის, ვინ იყო გოჩა) „რუსლანის წყარო“ (შესაბამისად, ვინ იყო რუსლანი), მაღაზიასთან რომ ადრე სოფლის „ბირჟა“ იყო, სოფლის კლუბში რო კონცერტებს ვდგამდით ხოლმე, ლესაში სტადიონზე ფეხბურთის ჩემპიონატში რომ ვთამაშობდით, გალიჩქა ბებიას „გოგლი-მოგლი“ რომ ყველაზე მეტად მიყვარდა და ა.შ.
_ როგორც ვიცი, ხშირად ჩამოდიხართ გურიაში. აქაურ მეგობრებზე რას გვეტყვით?
_ სამწუხაროდ, დაცარიელებულია მაქაურობა. ჩემ ბავშვობაში აუ რამდენი ვიყავით… იმ მეგობრებთან ერთად, რომლებთანაც დროს ვატარებდით თითქმის ყველა წასულია _ ზოგი თბილისში, ზოგი ბათუმში, ზოგი სად და ზოგი სად და ვეღარ ახერხებენ ზაფხულობით ჩამოსვლას… წინა ზაფხულს ვნახე გია ჰამლეტის-ძე გოგიჩაიშვილი, ვისთანაც ერთად მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული და გული ვიჯერეთ ერთმანეთით; ასევე კოტე კაკოს-ძე გოგიჩაიშვილი, ჩემი ბავშვობის ძალიან ახლო მეგობარი და ამდენხნიანი განშორების შემდეგ ისე ჩავეხუტე, ძლივს გამომართვეს ხელიდან (იცინის).
_ სტუდენტებმა მოგიწყვეს სიურპრიზი და თქვენს საცხოვრებელ სახლზე სოფელ ჭინათში აბრა დაკიდეს: დავით გოგიჩაიშვილი #23. რამდენად მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის და 23-ს რაიმე მნიშვნელობა ხომ არ აქვს?
_ კი, იყო ასეთი ამბავი: ეს ადამიანების მენეჯმენტის კურსია, სადაც მენეჯერები იღებენ მონაწილეობას. ერთ-ერთმა ჯგუფმა, კერძოდ 23-ე ჯგუფის წევრებმა ასეთი რამ გადაწყვიტეს, რომ სიურპრიზი გაეკეთებინათ ჩემთვის, წასულიყვნენ გურიაში, ჩემ სოფელში, იმის გათვალისწინებით, რომ გურულ ამბებს მენეჯმენტის კურსზე ხშირად ვყვები ხოლმე და ვითომ ჩემი „ქუჩა“ გაეხსნათ. თან ვიდეოზე ჩაწერეს ჩემი ნათესავები. დაუვიწყარი ამბავი იყო, რა თქმა უნდა.
23 ჩემი საყვარელი რიცხვია (13-თან ერთად), ჯერ ერთი იმიტომ, რომ 23 რიცხვში ვარ დაბადებული, მეორე იმიტომ, რომ ე.წ. „ნამდვილი რიცხვია“ (ანუ იყოფა მხოლოდ 1-ზე და თავის თავზე) და ასევე, ეს რიგით 23-ე ჯგუფი იყო.
_ თქვენი მშობლები საკმაოდწარმატებული ადამიანები არიან. რამდენად მეგობრულები იყვნენ და მაგალითად, შატალოს გამო თუ დაუსჯიხართ?
_ დედაჩემი _ ლალი აფხაზავა, პედიატრია, ამჯერად ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს განყოფილების გამგეა და მთელი ცხოვრება მედიცინას მიუძღვნა. ჩვენს ნათესაობაში და არამხოლოდ, ყველას პატრონია. თუ ვინმეს პატარა თავი წამოტკივდება, ყველას პირველი ლალი ახსენდება ხოლმე. იმდენად გულთან ახლოს იცის ხოლმე მიტანა სხვა ადამიანის სამედიცინო გასაჭირის, რომ ყველას მისი იმედი აქვს.
ერთხელ ხელი მიარტყა და მანქანით წავიყვანე ღუდუშაურის კლინიკაში გადასახვევად. იქ დაგვხვდა ვიღაც ქალი, რომელმაც უცებ იცნო, თქვენ ლალი აფხაზავა არ ხართო? თქვენ შეიძლება არც გახსოვდეთ, მაგრამ იცოდეთ, რომ ბევრი წლის წინ თქვენ მე შვილი გადამირჩინეთო – ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში ფეხით მოხვედით ჩვენი გულისთვისო, რადგან იმ დღეს დიდი თოვლი იყო და ტრანსპორტი არ დადიოდაო.

მარჯვნიდან: დავითი, მამა – თამაზი, დედა – ლალი და ძმა – ავთო
ხშირად გამიგია ასეთივე შემთხვევები დედაჩემზე – მაგალითად კაფეში ან რესტორანში მოსულა ვინმე და უთქვამს, მე დედაშენის გადარჩენილი ვარ ბავშვობაშიო, რაც, რა თქმა უნდა ძალიან სამაყოა.
მამაჩემი, თამაზ გოგიჩაიშვილი ფსიქოლოგია, პროფესორი და ბევრი წიგნის და შრომის ავტორი. თუმცა მისთვის ყველაზე საყვარელი და საამაყო გოგიჩაიშვილებზე წიგნია, სადაც თითქმის ყველა ჩვენი წინაპრის ვინაობა გამოიკვლია. გურიის სიყვარულში მამაჩემს, რა თქმა უნდა, ვერ შევედრები, რადგან მამა მანდ გაიზარდა და ჭინათის ყველა ქვა, ხე და ბუჩქი უყვარს, ადამიანებზე რომ არაფერი ვთქვათ.
ვამაყობ მამაჩემით, ერთი იმიტომ, რომ არ გამიგია ვინმეს მასზე ცუდი ეთქვას, როდესაც გაიგებენ, რომ თამაზის შვილი ვარ, ყველას სასიამოვნო ღიმილი ეფინება ხოლმე სახეზე – მისი ყოფილი სტუდენტი იქნება ეს, კოლეგა უნივერსიტეტიდან, თუ ნებისმიერი ადამიანი და მეორე იმიტომ, რომ ჩემი აზრით ძალიან გამიმართლა, რომ მამაჩემი ფსიქოლოგია, რადგან ამ ჩემი ბავშვობის აკვიატებებსა თუ რთულ ხასიათს სწორად წარმართვა ხომ უნდოდა.
შესაბამისად, ჩემი მშობლებისგან დასჯა კი არა, ერთი ხმამაღალი სიტყვაც არ მახსოვს.
_ ახალი წელი მოდის, შეხვედრილხართ თუ არა გურიაში და როგორ მიულოცავ გურულებს?
_ მანდ ახალი წლის შეხვედრა სამწუხაროდ არ მახსენდებადა, შემრცხვა ცოტა არ იყოს. გამოსასწორებელი მაქვს ეგ ამბავი. ყველა ლანჩხუთელს, საკუთარი თავის ჩათვლით ვუსურვებ ჯანმრთელობას, სიხარულს, ბედნიერებას და ბევრ ისეთ მომენტს ცხოვრებაში, როცა ვიტყვით, რომ კიდევ კარგი ლანჩხუთელები ვართ და არა სხვა რომელიმე კუთხიდან.
ლაშა სარჯველაძე





