მაია ჩხაიძე: „ელდარ შენგელაია იყო არა მხოლოდ გენიალური რეჟისორი, არამედ – დიდი ადამიანიც! მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ რეჟისორი იყოს ვარსკვლავის აღმომჩენიც და ჭირისუფალიც“

|

Loading

ფოტოკოლაჟი | მაია ჩხაიძე, ვასილ ჩხაიძე, ელდარ შენგელაია

ლანჩხუთის თეატრისა და კინოს მუზეუმი ლეგენდარული ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ იგი იყო არა მხოლოდ გამოჩენილი ხელოვანი, არამედ დიდი ადამიანიც.

მსოფლიოში არ არსებობს, ალბათ, პრეცედენტი, რომ რეჟისორი ყოფილიყოს არა მარტო ვარსკვლავის აღმომჩენი, არამედ მისი პატრონი და ჭირისუფალიც, რაც მის არა მარტო გენიალურობაზე, არამედ დიდ ადამიანობაზეც მეტყველებს _ ამბობს მუზეუმის ხელმძღვანელი მაია ჩხაიძე.

„დღეს, ლეგენდარული კინორეჟისორი დიდუბის პანთეონში, დედ-მამის, მუნჯი კინოს ვარსკვლავის, ნატო ვაჩნაძისა და ნიკოლოზ შენგელაიას გვერდით დაკრძალეს. აქვე განისვენებს მის მიერ აღმოჩენილი ქართული კინოს უკვდავი პერსონაჟების – ,,პიპინია ერისთავისა” და ,,ქრისტეფორე მგალობლიშვილის” როლების შემსრულებლის, ვასილ ჩხაიძის ნეშტიც და ეს სწორედ ბატონი ელდარის დამსახურებაა. როგორც ცნობილია, თავდაპირველად,1986 წელს, ვასილ ჩხაიძე მუხათგვერდის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამ ფაქტით უკმაყოფილო რეჟისორმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რათა  პატივი მიეგო საყვარელი მსახიობისათვის, 2013 წელს დიდუბის მოღვაწეთა პანთეონში გადმოესვენებინა და დედ-მამის გვერდით დაეკრძალა“ _ აღნიშნულია მუზეუმის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.

1967 წელს, ელდარ შენგელაია და რეზო გაბრიაძე ,,არაჩვეულებრივი გამოფენისათვის” ეძებდნენ ამაღლებული, შემოქმედებითი სულის, მსახიობური გამოცდილების მქონე ადამიანს. ასეთ პიროვნებას მათ აცანაში მიაგნეს. ეს იყო ვასილ ჩხაიძე. მან ისე მშვენივრად განასახიერა ეს როლი, რომ ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში ის და გადამდგარი პოლკოვნიკი პიპინია ერისთავი გაიგივდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში რეჟისორი ჰყვებოდა: „პიპინიას როლზე თბილისში ვერავინ ვიპოვე. ჩვენი გადამღები ჯგუფი ფოთში იყო. იქ მსახიობ აკაკი დობორჯგინიძეს წავაკითხე სცენარი და ვკითხე, – ვინმეს ხომ არ იცნობდა, ვინც პიპინიას როლს შეასრულებდა. აკაკი ის კაცია, რომელსაც “არაჩვეულებრივ გამოფენაში” ძაღლი მოჰყავს. მან მითხრა, რომ გურიაში, სოფელ აცანაში იყო ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა, გამოგვდგომოდა… გურიაში ჩასულებს საოცარი სახლი დაგვხვდა, – ზღაპრებში რომაა, ისეთი. გამოვიდა კაცი, რომელიც ისეთივე ჩაცმული იყო, როგორიც შემდეგ ფილმშია. ფაქტობრივად, მის ჩაცმულობაში ბევრი არაფერი შეგვიცვლია“.

სრულად წაიკითხეთ სტატიაში: „ქართული კინოს კაშკაშა ვარსკვლავი ვასილ ჩხაიძე _ ევროპულ კულტურას ნაზიარები ჯიშიანი არისტოკრატი აცანიდან“ https://shorturl.at/G1zNj

გურია თუდეი“ მწუხარებას გამოთქვამს ლეგენდარული კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო და თანაუგრძნობს ოჯახს, ახლობლებს, სრულიად საქართველოს.