ვანოს მეასე, სხვა ვანოს მეშვიდე და შანიძის შანსი _ „გურიამ“ ბოლო წამებზე მოიგო და „გელაშას“ ხსოვნას მიუძღვნა

|

Loading

„გურია“ კონკურენტთან მოგებას ზეიმობს

დღეს მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა მეოთხე ლიგაში და ორივე გურულმა კლუბმა მოიგო, თანაც ორივემ – უშუალო კონკურენტთან.

ლანჩხუთელებს „ივერიასთან“ რევანშიც ჰქონდათ ასაღები _ პირველ წრეში ერთადერთი მარცხი „გურიამ“ ხომ ხაშურში იწვნია. პლუს კონკურენტების ჯახი ე.წ. 6-ქულიანთა კატეგორიას მიეკუთვნება…

მატჩის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელის, ზურა გელაშვილის ხსოვნას [წაიკითხეთ: გელაშას ძალიან უყვარდა ლანჩხუთი… „გურიას“ ყოფილი ფეხბურთელი ავტოავარიაში დაიღუპა https://shorturl.at/Zdprw]

ფოტო არქივიდან | „გურია“ გოლს ზეიმობს, შუაში ზურა გელაშვილი (#13), მარცხნიდან პირველი – ვანო წილოსანი

გურულებმა პირველი ტაიმის ბოლოსკენ მოახერხეს ანგარიშის გახსნა _ ვანო შარვაძემ ზედიზედ მესამე შეხვედრაში და სეზონში თავისი მე-7 44-ე წუთზე გაიტანა და ფაქტობრივად, სტუმრებს გოლი გასახდელში დააწია.

უარესი „ივერიას“ თამაშის მიწურულს დამართეს მასპინძლებმა _ დამატებული მე-5 წუთიც იწურებოდა და ის იყო, მსაჯს საფინალოდ უნდა ჩაესტვინა, როცა გურულებმა გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანეს.

მანამდე ხაშურელებმა 77-ე წუთზე გათანაბრება შეძლეს და ალბათ, ქულაზეც ყაბულს იქნებოდნენ…

თუმცა ასე არ ფიქრობდა ვაჟა შანიძე, რომელმაც ვანო წილოსანის ბოძებული შანსი გამოიყენა და თავის გუნდს 3 ქულა მოუტანა.

ერთი საინტერესო ფაქტიც: „წილომ“, რომელიც 10 გატანილი გოლით ამ სეზონში კლუბის ბომბარდირია, „გურიას“ რიგებში მეასე თამაში ჩაატარა.

თავისი შეხვედრა მოიგო „იბერია-2010“-მა და სატურნირო ცხრილში ისევ „ორხელისუფლებიანობაა“, ასევე მოიგო „სქურმაც“, რომელიც ლიდერებს ფეხდაფეხ მისდევს.

სამეულს „ალეთი“ და „ივერია“ ფეხდაფეხ მისდევენ

წაიფორხილა „ალგეთმა“, რომელიც შემდეგ ტურში, 3 სექტემბერს, ოზურგეთში ჩადის და „მერცხალი“ მისი დამარცხებით „გურიას“ საქმესაც გააკეთებს. თავის მხრივ, ლანჩხუთელები იმავე დღეს გავარდნის ზონაში მყოფ „ზესტაფონს“ კლუბის თბილისის ბაზაზე ესტუმრებიან.

„მერცხალმა“ კი მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა აბაშაში _ ადგილობრივი და კონკურენტი „ზანა“ 2:1 დაამარცხა. ნიკოლოზ მარშანიშვილმა და დავით ბოლქვაძემ გუნდს ორბურთიანი ფორმა მოუტანეს, მეგრელებმა კი ბოლო წუთებზე მხოლოდ ერთის გაქვითვა მოახერხეს.

28.08.2025 | ლანჩხუთი, „ევგრაფ შევარდნაძე“ | გურია 2:1 ივერია

1:0 შარვაძე (44), 1:1 კაპანაძე (77), 2:1 შანიძე (90+5)

გურია: შაფათავა, ვარდიაშვილი, ჯღამაია (57. სულაძე), ხაჭაპურიძე, შანიძე, გოგიჩაიშვილი, შარვაძე, შალიკაშვილი (46. წილოსანი), ლომაძე, ბახია (85. ზაქარაშვილი), შარაშენიძე

28.08.2025 | აბაშა. „მევლუდ მიმინოშვილი“ | ზანა 1:2 მერცხალი

0:1 გაფრინდაშვილი (23), 0:2 ბოლქვაძე (72), 1:2 შენგელია (84)

მერცხალი: რამიშვილი, სურგულაძე, კოტრიკაძე, ჭანუყვაძე (90+4. ჯაფარიძე), მაშანიშვილი (73. ცერცვაძე), ბოლქვაძე, გოგელია (73. მუჯირი), ანთიძე, კაშია (90+7. პაიჭაძე), ჩხაიძე, მაჭავარიანი