[ექსკლუზივი] კვერენჩხილაძე, კვირკველია, ხუხუნაიშვილი… ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის ათეული ცნობილია, სადაც მხოლოდ ერთი ახალი სახეა

|

Loading

ფოტოკოლაჟი | რევაზ კვერენჩხილაძე, თენგიზ ხუხუნაიშვილი, ვერიკო კვირკველია

ლანჩხუთში „ქართული ოცნების“ პარტიული სიის დასახელება ძალიან გაჯანჯლდა და ამის მიზეზად შესაძლო შეუთანხმებლობა სახელდება, თუ ვინ რა პოზიციაზე უნდა იყოს.

აქამდე სიის პირველ ნომრად კულუარებში სამი კანდიდატურა სახელდებოდა _ საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, რომელიც ნიგვზიანის მაჟორიტარად იყრის კენჭს, მისი მოადგილე ვერიკო კვირკველია და ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბის პრეზიდენტი თენგიზ ხუხუნაიშვილი.

თუმცა როგორც ექსკლუზიურად გვაცნობეს, სიის პირველი ნომერი ექიმი რევაზ კვერენჩხილაძე იქნება, რომელიც დღეს მოქმედ საკრებულოში ჩოჩხათის მაჟორიტარია.

„გურია თუდეი“ ბოლო ინფორმაციით, 4 ოქტომბრის არჩევნებში, „ქართულ ოცნებას“ პარტიული სიის 11 წევრი ასეთი თანმიმდევრობით ეყოლება:

1. რევაზ კვერენჩხილაძე; 2. ვერიკო კვირკველია; 3. თენგიზ ხუხუნაიშვილი; 4. გიორგი ხელაძე; 5. კარლო წილოსანი; 6. ლოლიტა ურუშაძე; 7. ნინო მშვიდობაძე; 8. დარეჯან ბურჭულაძე; 9. გოგი მორჩილაძე; 10. სპარტაკ კვაჭაძე; 11. ვლადიმერ ნანაძე.

როგორც გვითხრეს, ამ სიაში შესაძლებელია მხოლოდ ადგილების გადაადგილება. სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ სწორედ 11 წევრის გაყვანას იმედოვნებს, თუმცა გვითხრეს, რომ სია, შესაძლოა, 3 ათეულზე მეტი წევრისგან შედგეს და არ არის გამორიცხული, სიმბოლურად, პარტიის ნომრის შესაბამისი 41-კაციანიც კი იყოს.

ცნობისთვის: 2017 წელს გამართულ ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნების შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ლანჩხუთის საკრებულოში ყველა მაჟორიტარი და 12 პარტიული სიით შეიყვანა. თუმცა წინა არჩევნები სხვა სისტემით ჩატარდა. ამასთან, 4 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს.