„ფოტო უოტფორდშია გადაღებული, თამაშზე დამპატიჟა და საგულშემატკივროდ ჩამოვედი. ძალიან კარგი შეხვედრა გამოდგა, გიორგიმ შეუცვლელად და მაღალ დონეზე ითამაშა. სამწუხაროდ, მისი გუნდი დამარცხდა. მე და ჩაკვე ასაკობრივ ნაკრებებში თანაგუნდელები ვიყავით, ვმეგობრობთ. ძალიან მაგარი ადამიანია, მას გამორჩეულად ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ“ _ გვითხრა დიმიტრი ვირუბოვმა, როცა „გურიას“ ექს-კაპიტანს მას შემდეგ შევეხმიანეთ, რაც სოციალურ ქსელში ქართველ ვარსკვლავთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები, უნგრეთის ნაკრებთან მატჩის წინ, 2015 წ. | წინა რიგში, მარცხნიდან მეორე _ დიმიტრი ვირუბოვი, უკანა რიგში, მარცხნიდან მეოთხე _ გიორგი ჩაკვეტაძე
ლანჩხუთის კლუბის ერთ-ერთმა ლიდერმა კარიერა, სამწუხაროდ, ძალიან ადრე _ 25 წლის ასაკში დაასრულა და ამჟამად ინგლისში იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ „გურიას“ ექს-კაპიტანი დიმიტრი ვირუბოვი და საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე, წლების წინ, ასაკობრივ ნაკრებებში თანაგუნდელები იყვნენ. დაახლოებით 5 წელი ითამაშეს დიმომ და ჩაკვემ ერთად, მათ შორის, 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე.





