დილის მზის სხივები თანდათან კვეთენ თავახდილი შავი როიალის კონტურებს… რა აკავშირებდა მერი დავითაშვილს ლანჩხუთთან _ 20 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუ სახელოვან კომპოზიტორთან

|

Loading

ფოტოკოლაჟი | მარცხნიდან: თამარ ურუშაძე, გივი დოლიძე და მერი დავითაშვილი

2005 წელი. თბილისი. ქალაქი გვიან იღძივებს. მთაწმინდის ძველი უბანი. გრიბოედოვის აღმართი, მყუდრო სკვერი და იქვე ძველებური სახლი ლამაზი სადარბაზო შესასვლელითა და მოპირკეთებული ქვის კიბეებით. ფართო ოთახებიანი ბინა. ოვალურ კედლებიან ოთახში, რომელსაც გარს არტყია დიდი აივანი, დილის მზის სხივები თანდათან კვეთენ თავახდილი შავი როიალის კონტურებს.

ამ სახლის უფროსი დიასახდლისი კომპოზიტორი მერი დავითაშვილი დიდი სიხარულით მიღებს კარს, მერე მისაღებ ოთახში მიმიძღვება, მრგვალ მაგიდასთან სკამს მთავაზობს და მოგონებების წიაღში გადავყავარ. ქალბატონი მერი საუბარს დედამთილით იწყებს, რომელსაც მოწიწებით იგონებს.

თამარ (ჩიტო) დოლიძე ლანჩხუთელი მღვდლის, ნესტორ ურუშაძის პირველი შვილი იყო. სილამაზით დედას არ ჩამოუვარდებოდა. ახალგაზრდობაში ორთავეს ჰქონდა მიღებული სილამაზის პრიზი. ბუნებით ძალიან ფაქიზი, დახვეწილი გემოვნების, წესრიგიანი ქალი იყო, სტუმრების, მეგობრების მოყვარული. თავადაც ძალიან უყვარდა სხვებთან სტუმრობა, განსაკუთრებით ერისთავებთან და ყიფშიძეებთან, ლამაზი საჩუქრებით. საერთოდ, ავკარგიანი მანდილოსანი იყო. ამ და სხვა თვისებებით ის ძალიან ჰგავდა თავის მამიდას, დავარ ურუშაძეს. მისი მეუღლე გიორგი დოლიძე პროფესიით ფინანსისტი იყო. მან პეტერბურგში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტი. ის უახლოეს მეგობართან, შალვა ნუცუბიძესთან ერთად ცხოვრობდა ერთ ოთახში. გიორგი ძალიან ლამაზი მამაკაცი იყო. ცოლ-ქმარი საოცარი წყვილი, პატიოსანი, სამართლიანი ადამიანები იყვნენ და ასევე ზრდიდნენ ერთადერთ ვაჟიშვილს – გივის. 1947 წლის 21 თებერვალს გივიმ თავის სახლში შემომიყვანა.

ქალბატონ მერის ბედნიერი ღიმილი ეფინება სახეზე. მერე დგება, თავისი ოთახიდან სათუთად მოვლილი ძველი ფოტალბომი გამოაქვს, სიყვარულით ფურცლავს და მაცნობს ფოტოზე წარმოდგენილ პირთა ვინაობებს.

1946 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საკომპოზიციო ფაკულტეტი (ბალანჩივაძის კლასი). იმავე წელს შევიდა კომპოზიტორთა კავშირის რიგებში. 1954-68 წლებში ხელმძღვანელობდა კომპოზიტორთა კავშირის საბავშვო მუსიკის კვირეულებს.

ჩემი და გივის ურთიერთობა დამყარდა ურთიერთგაგებასა და ერთმანეთის პიროვნული თავისუფლების პატივისცემაზე. ეს რომ არა, შესაძლოა ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა საერთოდ არც კი შემდგარიყო.

დიდია მერი დავითაშვილის შემოქმედებითი გზა (აქვს 500-ზე მეტი ნაწარმოები). მის შემოქმედებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპერები „ქაჯანა~ და „ნაცარქექია~. ორივე ოპერა დაიდგა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სცენაზე. ოპერისათვის „ნაცარქექია” კომპოზიტორს მიენიჭა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

ინსტრუმენტულ მუსიკისადმი მერი დავითაშვილის ინტერესი და სიყვარული ადრიდანვე გამომჟღავნდა. ეს, პირველ რიგში, მისი საფორტეპიანო კონცერტია. დიდი წარმატება მოუტანა კომპოზიტორს „პოემამ“ ვიოლინოსა და ორკესტრისათვის.

გივი ბავშვობაშიც ძალიან კეთილი ყოფილა. ერთ წელს, ახლოვდებოდა მისი დაბადების დღე, რომელსაც ბავშვი მოუთმენლად ელოდა. და აი, მშობლებმა შესთავაზეს ამ დღისათვის გადადებული თანხა ერთ-ერთი მასზე გაჭირვებული ამხანაგისათვის მიეტანა.

გადაწყვეტილება გივის უნდა მიეღო და მან მეგობრებთან დროსტარებას გაჭირვებული ამხანაგისათვის ხელის გამართვა ამჯობინა.

ასეთი ფაქტები მას მთელი ცხოვრების მანძილზე უხვად ჰქონდა. მაგალითად, პრორექტორობის პერიოდში ბევრ გაჭირვებულ სტუდენტს დაეხმარა  პირადი სახსრებით ისე, რომ მათ ამის შესახებ არც კი იცოდნენ.

დიდი ქართველი კომპოზიტორი 90 წლის ასაკში

მერი დავითაშვილმა შემოქმედების სხვადასხვა პერიოდში შექმნა  ვოკალური მუსიკა. ამ ჟანრში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ანა კალანდაძის ტექსტებზე შექმნილმა ვოკალურმა ციკლმა: „ლირიული მინიატურები“, „ვარდფურცლობის დარია“ და „ყაყაჩოსა სიწითლითა“.

მისთვის ახლობელი გახდა ანა კალანდაძის ისეთი ნაწარმოებები, რომლებშიც კრთის ქალური კდემა და სინაზე. ასეთებია: „თუთა“, „არაბი ხარ?“, დავშრტები შენდა“, „თქვი, ჭიამაიავ“, „ჟუჟუნა წვიმა“ და სხვ.

გივი ღარიბი სტუდენტების ჩაცმულობაზე ზრუნავდა, როცა ზამთარში მათ შესაფერისი ტანსაცმელი არ გააჩნდათ. ერთხელ, ზამთარში, სახალხო ტრანსპორტით მგზავრობისას, მან ქუჩაში თავისი სტუდენტი შეამჩნია, რომელსაც თბილად არ ეცვა. ტრანსპორტიდან ჩავიდა, მას მამაშვილურად დაელაპარაკა, მერე მანქანა გამოიძახა და თითქოსდა შემთხვევით, თან ჩაისვა, სახლში მიიყვანა, დააპურა. ინსტიტუტში მისვლის შემდეგ კი პროფკავშირის თავმჯდომარეს უსაყვედურა ხელმოკლე სტუდენტებისადმი უყურადღებობის გამო.

თუკი სადმე ახალგაზრდები ჩხუბობდნენ, უცებ მათთან გაჩნდებოდა, დანის ტრიალსაც არ უშინდებოდა და თავის შეძახილით გონზე მოჰყავდა გაყოყოჩებული ახალგაზრდები.

კომპოზიტორი 150-ზე მეტი საბავშვო სიმღერის ავტორია. მისი საბავშვო სიმღერების ციკლები და კრებულებია: „დილა მშვიდობისა“, „სათამაშოების სიმღერები“, ცხრათვალა მზე“, „რჩეული“, „ბიჭო, ვინა ხარ, მალხაზო“ და სხვ.

გივის მინისტრის მოადგილეობის პერიოდში დიდი ბრძოლა ჰქონდა გამოცხადებული პროტექციონიზმისა და კორუფციის წინააღმდეგ. ასეთი გზით მიღებულ სწავლა-განათლებას შეუძლია დიდი ზიანის მოტანა. ეს მან სატელევიზიო გამოსვლაში დიდი გულისტკივილით აღნიშნა.

ნაყოფიერია მერი დავითაშვილის მოღვაწეობა თეატრში. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები ქუთაისის დრამატულ და მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში („ბაბთიანი გოგონა“, „ჯარისკაცის ქვრივი“, „უსახელო ვარსკვლავი“).

გივის გულთან ახლოს მიჰქონდა ზოგიერთ რაიონში სეპარატისტული გამოვლინების მცდელობა. იყო შემთხვევა, როცა ცხინვალის პედაგოგიურ ინსტიტუტში ქართული სექტორი დახურეს. გივი მაშინვე იქ გაჩნდა და საკითხი დადებითად გადაწყვიტა.

გივის პიროვნული, ადამიანური თვისებების გამო, ხშირად აგზავნიდნენ სადაო საკითხების მოსაგვარებლად. ბოლო ძალზე მძიმე საქმეზე გაგზავნეს სოხუმში. საქმე რექტორის განთავისუფლებას ეხებოდა. გივის ძალზე უჭირდა ადამიანის წყენა. მაგრამ საქმე ამას მოითხოვდა. სამაგიეროდ, იქიდან თითქმის დაავადებული დაბრუნდა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

1956 წელს კომპოზიტორი იწყებს მოღვაწეობას კინომუსიკაში. მხატვრულ ფილმებს „მანანა“, „პაპა გიგია“, „დაგვიანებული სასიძო“, მოჰყვა მისი მულტიპლიკაციური და თოჯინური ფილმები: „ჩხიკვთა ქორწილი“, „მტრობა“, „წუნა და წრუწუნა“, „ნახევარწიწილა“, „რწყილი და ჭიანჭველა“ და სხვ.

გივის განსაკუთრებით უყვარდა ერთადერთი ვაჟი – მამუკა. თუმცა ამავე დროს, მისდამი იყო მკაცრი და მომთხოვნი. ბიჭი ბავშვობიდანვე იჩენდა დიდ მიდრეკილებას ლიტერატურის მიმართ, წერდა მოთხრობებს. მამუკასათვის დიდი ავტორიტეტი იყო მამა. შემდეგში თავის შემოქმედებაში იგი შეეცადა ძალზე სათუთად შეხებოდა მამის უსაყვარლეს სახეს. გივის ერთი ნატვრა ჰქონდა, შვილი ჩქარა დაეოჯახებინა. ძალიან გაიხარა, როცა შვილიშვილი – ნინოც გაჩნდა. წლის და სამი თვის იყო პატარა, როცა ფეხი აიდგა და სწორედ იმ დროს გაქრა მისი უსაყვარლესი ბაბუა…

ბევრს დააკლდა გივი – ეს უნიკალური პიროვნება, რომელიც სავსე იყო სიკეთით და სიყვარულით. ოჯახთან ერთად დააკლდა თავის მეგობრებს. თვითონ ხომ თავგანწირული იყო მათთვის. ამ მრგვალ მაგიდასთან სხვებთან ერთად იკრიბებოდნენ ჩვენი ოჯახის დიდი მეგობრები: რევაზ თაბუკაშვილი, მედეა ჯაფარიძე.

გივი ძალიან უყვარდათ. გლოვის დღეებში მეზობელი, პირველ სართულზე მცხოვრები ძირძველი თბილისელი მომსვლელებს ცხვრის ხორცითა და ღვინით უმასპინძლდებოდა. მისგან ხომ დიდი სიკეთე ახსოვდა.

1968-90 წლებში მერი დავითაშვილი იყო კომპოზიტორთა კავშირის გამგეობის მდივანი. 1994 წლიდან კონსერვატორიის პროფესორია. ამავე წელს მას მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ხოლო 1997 წელს – ღირსების ორდენი.

 შუადღე დადგა. მზის მცხუნვარებამ ზენიტს მიაღწია. ფართომინებიანი ოთახი კიდევ უფრო განათდა. მზის სხივებმა თითქოს შავ როიალს მეტი ბზინვარება შემატა. ოთახში შვილიშვილმა, გივიკომ შემოიხედა. ჩვენი საუბრით დაინტერესდა, მერე კი მასწავლებელთან მაგვიანდებაო და სწრაფად დაგვტოვა.

ქალბატონი მერი ახლობლების სიკეთეზე საუბრობს, საკუთარი კი ავიწყდება. რამდენიმე წელია ლოგინად ჩავარდნილ ძმას, რომელიც თავის სახლში გადმოიყვანა, ერთგულად უვლის. მისმა მეუღლემაც სიმსივნით დაავადებული მარტოხელა მასწავლებელი სახლში მიიყვანა და დიდხანს უვლიდა.

ასეთ კეთილ ოჯახში, წინააღმდეგობებთან ერთად ღვთის მადლიც ბევრია.

საოცარია და, ქალბატონი მერი საუბარს კვლავ დედამთილის მოგონებით ამთავრებს:

ჩიტო ოჯახზე მზრუნველი ქალი იყო. 1960 წელს, როცა უკურნებელი სენით შეპყრობილი ლოგინად ჩავარდა, გამოცდილმა უფროსმა დიასახლისმა საკუთარი გემოვნებით აშენებული და გაწყობილი ბინა ჩამაბარა და მთხოვა, ყველაფერს სათუთად გავფრთხილებოდი. ისიც კი დამიბარა, ეზოში ხეებს მოუარეო.

დღეს, როცა წლები გავიდა, ქალბატონი მერი უკვე თვითონ არის სახლის უფროსი დიასახლისი, რომლის თითოეულ სიტყვას კანონის ძალა აქვს.

81 წლის მერი დავითაშვილი კვლავ მხნედ გამოიყურება. თავისუფალი დრო იშვიათად აქვს. კვლავ აგრძელებს შემოქმედებით, საზოგადოებრივ და პედაგოგიურ მოღვაწეობას.

მარინე ბარამიძე

ამ ინტერვიუდან რამდენიმე წელში, 2014 წლის 17 თებერვალს, 90 წლის იუბილემდე დღეებით ადრე, ქალბატონი მერი გარდაიცვალა. 2024 წლის 13 მარტს, მას 100 წელი შეუსრულდებოდა…