„დაწექით!“ – რატომ დაათმობინეს „გურიას“ ხარკოვის „მეტალისტთან“? ჩაწყობილი მატჩი, რომელსაც მასობრივი არეულობა მოჰყვა: 1987 წლის 17 ოქტომბერს ლანჩხუთი დიდ ტრაგედიას გადაურჩა

|

Loading

ფოტოილუსტრაცია | „გურიას“ სტადიონი, მატჩის პროგრამა, სამხედროები, ქილები, ქვები, ბენზიმზიდი

ძვირფასო გულშემატკივრებო… ძვირფასო გულშემატკივრებო… მხოლოდ ამ ფრაზის თქმას ახერხებს სტადიონის დიქტორი, მოწოდების დანარჩენი ნაწილი კი, გულშემატკივრების ხმაურში იკარგება…

1987 წლის 17 ოქტომბერი ის დღეა, როცა ლანჩხუთი დიდ ტრაგედიას გადაურჩა _ მას შემდეგ, რაც მსაჯმა ისედაც სკანდალური მატჩი ნაადრევად დაასრულა, იქიდან დაწყებული რამდენიმე საათის განმავლობაში შეტაკება მიმდინარეობდა „გურიას“ გულშემატკივრებსა და ე.წ. „მერვე პოლკის“ უწვერულვაშო სამხედროებს შორის…

ორივე გუნდის ფეხბურთელებმა გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში შეაღწიეს, როცა ქომაგებმა დამცავი ღობე გადალახეს… საღამოს 9 საათიდან ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე ვითარება უმართავი გახდა.

მოედანსა და ტაბლოს შორის არსებულ სივრცეში მაყურებელთა დიდმა რაოდენობამ მოიყარა თავი. ჰაერში ფრიალებდა მილიციის ქუდები… ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ხალხთან დაპირისპირებაზე უარი თქვეს… უმეტესობამ ფორმა გაიხადა და გადაბრუნებული მკლავზე გადაიდო, აღშფოთებული ქომაგების რისხვა რომ არ დაემსახურებინა…

ქომაგები ეძებდნენ ქართულ ფეხბურთში ცნობილ პირს, რომელიც მაშინ არსებული ცნობებით, ლანჩხუთს თბილისის „დინამოს“ ინტერესების გასატარებლად სტუმრობდა. როგორც აღმოჩნდა, იგი სტადიონიდან საფინალო სასტვენამდე გააპარეს…

ლანჩხუთელი ქომაგების პირისპირ აღმოჩნდნენ 18-20 წლის უმეტესად რუსი სამხედროები, რომლებიც თამაშამდე სტადიონისკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე ბარიერს ქმნიდნენ, შეხვედრის დროს კი, მოედნის ირგვლივ განლაგდებოდნენ და ფორმალურად წესრიგს იცავდნენ.

როგორც ამბობდნენ, ისინი მშობლების მზრუნველობის გარეშე იზრდებოდნენ და მათგან სისასტიკე უცხო არ იყო, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ლანჩხუთში უხეშობით არ გამოირჩეოდნენ და ამ დღემდე, მხოლოდ ერთი ფუნქცია ჰქონდათ: უბილეთო გულშემატკივრებს თავაზიანად აბრუნებდნენ უკან…

… ჯერ კიდევ წინა დღეებში გავრცელდა ცნობა, რომ „გურიას“ უბრძოლველად უნდა წაეგო ხარკოვის „მეტალისტთან“, რომელიც შემდეგ, თავის მხრიც, თბილისის „დინამოს“ „დაუწვებოდა“. მოგვიანებით „გურიას“ ლეგენდა ვიქტორ ხლუსი იტყვის: „ჩვენ მივიღეთ ბრძანება _ დაწექით!“

ამ დროს ლანჩხუთი ფეხბურთით ცოცხლობს და ამ „გარიგების“ წინააღმდეგია ყველა _ დიასახლისით დაწყებული რაიკომის მდივნით დამთავრებული…

ემზარ ბერიძეს ფეხბურთი სულ რომ არ ჰყვარებოდა, მის დროს გადავიდა „გურია“ უმაღლეს ლიგაში და ახლა იმდენად არის აზარტში შესული, რომ ცეკას ულტიმატუმს უგზავნის. შესაძლოა, ედუარდ შვევარდნაძის იმედად, რომელიც იმ დროს სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრია და მისი ძმის, ბავშვობიდან ინვალიდი ევგრაფ შევარდნაძის ნალოლიავებ-ნაამაგარი „გურიას“ ტრიუმფში დიდი წვლილიც აქვს.

„ვერც სტადიონზე შევძლებთ წესრიგის დაცვას და ვერც ამ რაიონში ვიქნები რაიკომის მდივანი, თუ ასეთი რამ უნდა გავაკეთოთ“ _ „პირველი“ თბილისის ნამუსზე შეგდებასაც ცდილობს.

ამ ამბიდან არაფერი გამოვა… ლანჩხუთი დენთის კასრზე ზის. არავის ეთმობა „გურია“…

„ვერავინ გაიგო“, ისე შევიდა თამაშის დღეს, ქვებით სავსე მანქანები სტადიონის ტერიტორიაზე. ამ ქვებს თამაშის შემდეგ გულშემატკივრები სამხედროების წინააღმდეგ გამოიყენებენ, მინის ქილებთან ერთად, რომელსაც „ცოცხალი ჯაჭვით“ იქვე მდებარე საკონსერვო ქარხნის ტერიტორიიდან „მოიპარავენ“.

სინამდვილეში, ქილების საწყობი მოშორებითაა და სტადიონის მიმდებარე ღობესთან წინასწარ მოაგროვეს…

სწორედ ქვებისა და მინის ქილების „დამსახურება“ იყო, დილით ლანჩხუთის მთავარ სამთავრობო ობიექტებთან მდგარ სამხედროებს თავი და ხელ-ფეხი გადაბინტული რომ ჰქონდათ.

ლანჩხუთის სტადიონის შესასვლელი, გასახდელი და „გურია“-„მეტალისტის“ მატჩის პროგრამა

თუმცა იქამდე იყო ბეწვის ხიდზე გავლა…

ლანჩხუთის სტადიონის მიმდებარე ნავთობბაზის ეზოს ბენზინმზიდები ტოვებენ, ისინი გრიგოლეთისკენ აიღებენ გეზს, იმედით, რომ „გურიას“ საწვთნელ ბაზას დაწვავენ. ეს იყო თავგადაკლული გულშემატკივრების უკიდურესი პროტესტი იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რაც პატარა ქალაქის გუნდის საზიანოდ თბილისში დაიგეგმა.

გრიგოლეთის ბაზაზე ფოთიდან სამხედროებმა მისვლა მოასწრეს და ასე გადარჩა ახალაშენებული კომპლექსი გადაწვას.

სამაგიეროდ, ცეცხლი მოუკიდეს ტრიუბუნებს, თუმცა მხოლოდ მცირე ლოკაციაზე და დიდად ვერ დააზიანეს…

ამ დროს ფეხბურთელები გვირაბში არიან ჩაკეტილები, რომელსაც ორივე მხრიდან სამხედროები იცავენ. ამიტომაც ვერ ახერხებს დანარჩენი ნაწილი წინასწარ მომზადებულ გულშემატკივრებთან გამკლავებას.

რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხებენ ფეხბურთელების მეორე სართულზე აყვანას. თურმე შეშინებული სტუმრები კითხულობდნენ, ხომ არ მოგვკლავენო…

მიუხედავად იმისა, რომ ორივე გასახდელის ფანჯრები ჩალეწეს, ქომაგებისგან ფეხბურთელებს საფრთხე არ ელოდათ, რადგან ყველამ იცოდა, რომ ეს ყოველივე „ზემოთ“ გადაწყდა…

მთავარი საფრთხე იყო, მსხვერპლი გარეთ, ქუჩაში არ ყოფილიყო…

ეს არ იყო არეულობა ერთ ქუჩაზე, ეს ამბოხი იყო უსამართლობაზე, რასაც საბჭოთა სისტემა მკაცრად სჯიდა…

დაახლოებით 01:30 საათზე, სამხედროებმა დამატებითი ძალები მიიღეს და გუნდები გასახდელიდან უსაფრთხოდ გაიყვანეს…

თუმცა შეტაკებები გრძელდებოდა მანამ, სანამ დღევანდელი თამარ მეფის ქუჩაზე წითელი „იკარუსი“ არ ჩამოდგა… იქიდან სამხედროებს იარაღი დაურიგეს…

დაახლოებით, 03:30 საათზე, ე.წ. „მერვე პოლკმა“ მისი გამოყენების უფლება მიიღო…

მეამბოხე სულის მქონე გურულების მიერ გამოჩენილმა გონიერებამ იმ ღამით ქალაქი დიდ ტრაგედიას გადაარჩინა…

ასევე წაიკითხეთ:

„ჩვენ მივიღეთ ბრძანება _ დაწექით! … ამის შემდეგ დაიწყო რბევა, ისეთი, როგორიც არასოდეს მინახავს ცხოვრებაში. კიდევ კარგი, იქ მიწისქვეშა გასასვლელია“