დაიმახსოვრეთ ეს გვარი! ლანჩხუთელი ფალავანი 18 წლისაც არაა და 20 და 23-წლიანებში პრიზიორია: ნიკა ცეცხლაძეს უკვე 6 მედალი აქვს…

|

Loading

ნიკამ (წითელი ფორმით) ნახევარფინალური შეხვედრა მოიგო

ლანჩხუთელმა მოჭიდავემ, ნიკა ცეცხლაძემ საქართველოს ჩემპიონატში 20-წლამდელებს შორის, 55 კგ. წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი მოიპოვა _ ფინალი 2 წლით უფროს ფალავანთან, ევროპის ჩემპიონატის პრიზიორთან დათმო, რომელიც ქვეყნის ჩემპიონია 23-წლამდელთა შორისაც.

„ნიკამეოთხედფინალსა და ნახევარფინალში გაიმარჯვა,ფინალი კი დათმო მასზე უფრო გამოცდილ ფალავანთან, ევროპის 2-გზის ბრინჯაოს მედალოსან კობა ქარუმიძესთან.  მისთვის ვიცე-ჩემპიონობაც დიდი წარმატებაა, ჯერ 18 წლისაც არ არის და ამ ასაკში კიდევ 2 წელი მოუწევს ასპარეზობა. გვჯერა, რომ მომავალ წელს ლიდერის პოზიციას დაიმკვიდრებს. თან მოქმედი ჩემპიონისთვის 20-წლამდელებს შორის ბოლო ასპარეზობაა“ _ ამბობს ლანჩხუთელი ფალავანის მწვრთნელი დავით მჟავია.

წელს, ნიკასთვის ეს უკვე მეორე მედალია: წინა შემთხვევაში, მან U23 -ში, ანუ 5 წლით უფროსებში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.

საერთო ჯამში, საქართველოს ოფიციალურ პირველობებზე, მას 6 მედალი აქვს მოპოვებული _ ვიცე-ჩემპიონი კიდევ 3 -ჯერ იყო, მათ შორის, 20-წლამდელებში შარშანაც, ხოლო 2024 წელს, 16 წლისაც არ იყო, როცა საქართველოს ჩემპიონი გახდა  U17-ში.

ლანჩხუთელი ფალავანს ევროპის და მსოფლიოს პირველობებზე თითო გამარჯვება დააკლდა, უშუალოდ ბრინჯაოს მედლისათვის შეხვედრებში  და საბოლოოდ, მეხუთე ადგილზე გავიდა, რითაც ქვეყნის ნაკრებს საპრიზო ადგილზე გამსვლელი ჩასათვლელი ქულები მისცა.

ძმები _ ნიკა და ამიკო ცეცხლაძეები

გამოცდილი სპეციალისტი დავით მჟავია, რომელიც არაერთი წარმატებული მოჭიდავის მწვრთნელია, იმედოვნებს, რომ ნიკა ცეცხლაძე ჩემპიონობას არამხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებშიც მოიპოვებს.

აქვე გეტყვით, რომ წარმატებული მოჭიდავეა ნიკას უმცროსი ძმა _ ამიკოც, რომელიც 2024 საქართველოს ჩემპიონი გახდა (U15), იმავე წელს, ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ასევე წაიკითხეთ: ძმა ძმაზე ნაკლებიო _ გოგა და ამიკო გიორგისა და ნიკას ნაკვალევზე… პატარა ლანჩხუთში, ორ ოჯახს 2-2 ჩემპიონი ჰყავს!