გურულების სტუმრობაო… 1:0, 1:1 და… 2:1 _ „გურიამ“ „დინამო-2“-ს მოუგო და გამარჯვება ლეგენდის ხსოვნას მიუძღვნა

|

Loading

„დინამო-2“ 1:2 „გურია“

ლანჩხუთელებმა ზედიზედ მეორე თამაში ჩაატარეს თბილისურ კლუბთან და თუ საწყის ორ შეხვედრაში დედაქალაქელებთან („ლოკომოტივთან“ 4:1 და „მერანთან“ 7:0) ორივე მოიგეს, ამჯერად „იბერია 1999-2“-თან 1:2 წაგების შემდეგ, „დინამო-2“-ს იგივე ანგარიშით მოუგეს.

ორივეში ანგარიში გურულებმა გახსნეს _ ამჯერად კახა კახაბრიშვილის დაშავების გამო, შეცვლაზე ნაადრევად შესულმა ვანო შარვაძემ ინდივიდუალური ოსტატობა და ის აჩვენა, რომ გასული სეზონის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე უფრო მეტ სათამაშო დროს იმსახურებს.

მეორე ტაიმში, „დინამო-2“-მა გაათანაბრა, როცა მათ ფორვარდს სტუმრებმა ხელი ვერ შეუშალეს და ლამის მიაცილეს ლევან ისიანთან, რომელმაც გუნდის გადარჩენა ვეღარ შეძლო, 1:1.

სამაგიეროდ, გურულთა მეკარემ იქამდე, პირველი ტაიმის ბოლოს გადაგვარჩინა, როცა ის 11-მეტრიანი მოიგერია, რომელიც მისსავე შეცდომას და მსაჯის სადავო გადაწყვეტილებას მოჰყვა.

საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდების ფარმ-კლუბებთან შეხვედრებმა გამოაჩინა, რომ „გურიას“ გამოცდილ მოთამაშეებს ახალგაზრდებთან უჭირთ, განსაკუთრებით ბოლო წუთებში.

ამის გამო, თითქოს იგივე სცენარის რისკები იყო, მაგრამ მშველელად ნიკა ნოზაძე მოგვევლინა _ „გურიას“ 6-იანმა მეტოქის მეკარეს აუღებელი დაურტყა, 2:1.

დარჩენილ 20 წუთში, სტუმრები რამდენჯერმე გადარჩნენ და ისიც გამოჩნდა, რომ ბოლო 2 შეხვედრაში გუნდს შუაში ტრავმირებული ლევან ჟორდანია აშკარად დააკლდა.

სამაგიეროდ, დაბრუნდა გასული სეზონის გმირი _ თემურ შარაშენიძე და უახლოეს მომავალში ველოდებით ვანო წილოსანს. ორივეს „გურიას“ შემტევი პოტენციალის გაძლიერება შეუძლია. დიდი ძალაა გუნდისთვის ლუკა ჩაგანავა, რომელიც ტრავმის შემდეგ, ასევე მალე დაბრუნდება.

მოკლედ, „გურიამ“ მნიშვნელოვანი თამაში მოიგო, როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური თვალსაზრისით _ გაცემული ავანსების შემდეგ, ლანჩხუთლებმა ხომ ბევრი ქულა დაკარგეს.

„გურია“ ოთხეულში დაბრუნდა და მესამე ადგილთან ქულა აშორებს

წესით, „დინამოსა“ და „იბერია 1999“-ის ფარმ-კლუბების დარად, სხვებს პრობლემების შექმნა „გურიასთავის“ გაუჭირდება და ლანჩხუთელები ზედა ლიგაში დაწინაურების ფავორიტებად რჩებიან, მაგრამ ამისთვის დიდი ბრძოლა იქნება საჭირო და იოლად რომ არაფერი მოვა, „ბეთლემთან“ და „გარდაბანთან“ თამაშებმაც გამოაჩინა.

მორიგ შეხვედრას „გურია“ უკვე ლანჩხუთში ჩაატარარებს _ 29 აპრილს, ზესტაფონის „მარგვეთს“ უმასპინძლებს.

იმავე დღეს ბეგი სიხარულიძის სახელობის ჭაბუკთა ტურნირის ფინალი გაიმართება. „გურიამ“ „დინამო-2“-თან მოგება სწორედ ლეგენდის ხსოვნას მიუძღვნა…

24.04.2026 | თბილისი, „ვიტალი დარასელია“ | „დინამო-2“ 1:2 „გურია“

0:1 შარვაძე (30′), 1:1 ადუაშვილი (60′), 1:2 ნოზაძე (71′)

„გურია“:ისიანი, კაკუბავა, მელიავა, იაშვილი, ნოზაძე, კახაბრიშვილი (15′ შარვაძე), მაისაშვილი, სიჭინავა (77 შარაშენიძე), ჩოთალიშვილი(77′ კაპანაძე),არველაძე(55′ კოკაია), ქოქოსაძე (77 ტაბატაძე)