კალანდა, 14 იანვარი გურიასა და სამეგრელოში ახალი წლის დღესაწაულია, რომელიც მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან და ნიშნავს თვის პირველ დღეს, ხოლო სვანეთსა და ლეჩხუმში _ ახალი წლის წინა დღეს.
ჩვენთან, გურიაში მეტ-ნაკლები ინტერპრეტაციით დღემდეა შემონახული კალანდასთან დაკავშირებული რიტუალი და წეს-ჩვეულებები. ფაქტი კი ერთია _ რაც დრო გადის, გურული კალანდის რიტუალის მიმართ ინტერესი იზრდება, განსაკუთრებით ტურისტების მხრიდან, როგორც ტურისტული პროდუქტის.
მინდა მოგილოცოთ კალანდა და ჩემი ოჯახის ტრადიციებზე დაყრდნობით (მეშვიდე თაობამ მოანთო ტაბერნეს 200 წლოვან სამზადისში კერიაზე ცეცხლი), ბავშვობის მოგონებებისა და მონათხრობების მიხედვით მოგიყვეთ ამ დღის რიტუალთან დაკავშირებით:
გურიაში ყველა ოჯახში და ჩვენს ოჯახშიც კალანდის დღესასწაულის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება ჯერ კიდევ შემოდგომიდან იწყებოდა, როცა ოჯახის უფროსი ღვინოს ცალკე ჭურში ან ჩეთვერში გადაიღებდა, ხეჭეჭურა მსხალს, დემირა ვაშლს, შემჭკნარი ყურძნის მტევნებს ხმელ გვიმრაში ფენა-ფენა შეახვევდა და გოდრით ხულის სხვენზე შემოდებდა…
საკალანდო ღორს და ქათმებს გასასუქებლად ცალკე მოჩიხავდა ყოველ ჭამაზე სუქა-სუქაო ეფერებოდა…

XX საუკუნის 40-იან წლები, კალანდის რიტუალი გურულ ოჯახში | ფოტო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან
კალანდას წინ უსწრებდა ცხემლისჭრა საღამო, როცა ოჯახის უფროსი ტყიდან მაინდამაინც ცხემლის შეშას მოიტანდა და სამზადისში ცეცხლს დააგუზგუზებდა. ამ რიტუალს თავისებური დატვირთვა და დადებითი ენერგეტიკა შემოჰქონდა ოჯახში, რომელშიც თანდათან ერთვებოდნენ არა მარტო ოჯახის წევრები, არამედ სტუმრები, მეზობლები, დიდები, პატარები. იყო თოფის სროლა და ,,აგუნას“ გადაძახილი:
აგუნა, აგუნა, გამეიარე,
ბახვი, ასკანა გადმეიარე,
ჩვენს მამულში ყურძენიო,
მტრის მამულში ფურცელიო.
ჩვენს მამულში გოდრითაო,
მტრის მამულში გიდლითაო…
კალანდის მთავარი ატრიბუტებია ჩიჩილაკი და გასალოცი გობი.
ჯვრით, სუროთი და კურკანტელით შემკობილი ჩიჩილაკი, ნედლი თხილის, წაბლის ან ლეღვის ახალმოჭრილი ტოტებისგან ითლება და სიბოლურად წმინდა ბასილის წვერს ადარებენ. გურიაში მიაჩნდათ, რომ ასე შემკობილი ჩიჩილაკი მუდმივ სიცოცხლის უნარს, მზისკენ სწრაფვას და ნაყოფიერებას უბედებდა ოჯახს.
გასალოც ხის გობზე, რომლის ირგვლივ ანთებულ სანთლებს ამაგრებდნენ, წინასწარ ალაგებდნენ ნახევარმთვარის ფორმის კეცზე გამომცხვარ კვერცხიან ღვეძლებს (გურულ ღვიძელს), მოხარშულ ღორის თავს და საჯიქიოს ნაწილს, მრგვალად მოხარშულ ქათამს, დოქით ღვინოს, დედოხაჭაპურს, ფიალით ღომის ან ხორბლის მარცვლებს, ხურდა ფულით და შიგ ჩადებული კვერცხით, შემწვარ შაშვებს, თხილს და ნიგოზს, ხეჭეჭურა მსხალს და ზამთრის ვაშლებს, ჩირებს, ჯანჯუხებს და მორთულ ჩიჩილაკს.
ტრადიციის მიხედვით, კალანდა დილა ოჯახში კერიაზე ცეცხლის დანთებით იწყება, ხოლო ოჯახის უფროსი ღმერთის მიმართ მადლიერების ნიშნად და ოჯახის დასალოცად გასალოცი გობით მარნისკენ მიემართება.
კალანდის რიტუალი ფეხადობას ანუ მეკვლეობის ტრადიციასაც გულისხმობს, რომელსაც გურულების რწმენით ოჯახში ხვავი და ბარაქა შემოაქვს. ამიტომ კალანდას ვინც პირველი ჩამოვა ეზოში, მასპინძელმა გასალოცი გობი უნდა დაახვედროს.
ფეხადი ორი იყო კალანდას გურულის ოჯახში, ერთი -ოჯახის უფროსი და მეორე მეკვლე სტუმრებთან ერთად გადაძახილით _ ,,ჩვენს ეზოში ყურძენიო, სხვის ეზოში ფურცელიო“.
მეკვლე კარზე სამჯერ დააკაკუნებდა შემდეგი სიტყვებით: ,,კარი გამიღე!“
სახლიდან სამჯერვე უპასუხებენ: ,,რა მოგაქვს?“
მეკვლე ჩამოუთვლიდა _ ,,მშვიდობა, ღმერთის წყალობა, ხვავი, ბარაქა, სიტკბოება, სიყვარული…“
შემდეგ კარს გაუღებენ და სადღესასწაულო სუფრასთან იწყებოდა მილოცვები…
კესო მახარაძე, „ტაბერნე აცანაში“





