ლანჩხუთელი ქრისტი მოისწრაფეშვილის ისტორია ჩვენი მკითხველისთვის უცხო არაა _ ამ გმირმა დედამ ყველაფერი გააკეთა თავისი პატარა შვილის სიცოცხლისთვის. იგი მეუღლესთან და 4 შვილთან ერთად საფრანგეთში ცხოვრობს, ტყუპი გოგონა ოჯახს უცხოეთში შეეძინა.
როგორც თავად წერს, იგი ტყუპებს ზუსტად 20 წლის წინათაც ელოდა, 2005 წლის აგვისტოში, მაგრამ მას უთხრეს, რომ ახალშობილები დაიღუპნენ. მაშინ ექიმების ნათქვამში ეჭვი არ შეუტანია, რადგან ტყუპები 7-თვიანები დაიბადნენ და სამშობიაროში დამაჯერებლად აუხსნეს.
თუმცა დღეს უკვე თითქმის დარწმუნებულია,რომ მისი ტყუპი არ დაღუპულა და ექიმებმა მწარედ მოატყუეს:
„2005 წელს ტყუპებზე ვიყავი ორსულად, 7 თვის იყვნენ, როცა დამეწყო ნაადრევი მშობიარობა, გადამიყვანეს მცხეთის სამშობიაროში, სადაც განყოფილების უფროსმა თინა სვანაძემ თუ სვანიძემ მამშობიარა. მშობიარობის შემდეგ მითხრა, რომ ორივე ნაყოფი იყო დაღუპული და ჯობდა, თუ არ ვნახავდი. ისეთი სტრესის ქვეშ ვიყავი, არ გამიწევია წინააღმდეგობა. ახლა ვიხსენებ დეტალებს და უკვე 90 პროცენტით მჯერა, რომ ჩემი შვილები ცოცხლები არიან. სქესი ნამდვილად ვიცი, რომ ორივე ვაჟიიყო. ახლა გამომეხმაურა ერთი ბავშვი, რომელიც სხვა ქვეყანაში არის გაშვილებული. ჩემ შვილებს აქვთ ნიშანი ფეხზე და ყურის ქვეშ, ზუსტად იგივე აქვს ამ ბიჭსაც. ასევე აქვს იგივე დაავადება, რაც ერთ ჩემ შვილს და რისთვისაც საფრანგეთში ვართ“ _ ამბობს ქრისტი ჩვენთან საუბარში.

ფოტოკოლაჟი | მშობლები – ქრისტი მოისწრაფეშვილი, მამუკა ნიბლაძე და ტყუპი დები – ბარბარე და მარიამი
მან აღნიშნულის შესახებ დაწერა შესაბამის ჯგუფებშიც. „ახლა დავამატებ ჩემი შვილების, ჩემი და ჩემი მეუღლის სურათებს. იქნებ სანამ ტესტის პასუხები მოვა, მანამდე ვიზუალურად ვინმემ შეიცნოს თავი. დავამატებ, რომ მყავს ორი ბიჭი და ტყუპი გოგოები. მაინტერესებს, კონკრეტულად საფრანგეთიდან როგორ დავიწყო ბავშვების მოძებნა, მაქვს თუ არა უფლება, აქ გავიკეთო ტესტი?“ _ წერს ლანჩხუთელი ემიგრანტი ჯგუფში „ვეძებ“.
მას შემდეგ, რაც საქართველოში გახმაურდა ჩვილების გაშვილების დანაშაულებრივი სქემის არსებობის შესახებ, ეჭვი ქრისტისაც გაუჩნდა. იგი ამბობს, რომ 3 წლია, არ ასვენებს დარდი და ფიქრობს, რომ 20 წლის წინ, იგი და მისი ტყუპები სამშობიაროში ასევე გახდნენ სამედიცინო დანაშაულის მსხვერპლი.
„სამი წელია მაქვს ეჭვი, რომ ჩემი პირველი ტყუპი, რომელიც მცხეთის სამშობიარო სახლში გავაჩინე, იყვნენ ცოცხლები, ველოდებოდი, რომ საქართველოში ჩავიდოდი და გამოვითხოვდი საბუთებს და გავიკეთებდი ტესტს. მაგრამ ახლა გამოვიწერე ტესტი და აქედან გავიკეთო უნდა, რადგან შემეხმიანა ბიჭი, რომელიც არის თურქეთში გაშვილებული. იმ წელს და თვეში დაბადებული, იცის, რომ ჰყავს ტყუპისცალი. ეს გაიგო მაშინ, როცა სრულწლოვანი გახდა და მივიდა პასპორტის ასაღებად. ვიზუალური და სხეულზე ნიშნებით არის დამთხვევები. ამიტომ გადავწყვიტე სასწრაფოდ ტესტის გაკეთება“ _ ამბობს ქრისტი მოისწრაფეშვილი.
ლანჩხუთელი ემიგრანტი ამბობს, რომ ბიჭს, რომელზეც ეჭვობს, მისი შვილია და მკურნალობა ესაჭიროება, საფრანგეთში ელოდება. ქრისტი უცნობებსაც ეხმარება გზის გაკვალვაში, მორალურად თუ სხვა კუთხით და რა გასაკვირია, „უცნობი“ შვილისთვის მაქსიმუმს გაიღებს. ისეთი ადამიანია, მისი შვილიც რომ არ აღმოჩნდეს ტექსტირების შედეგად, ბიჭს ბოლომდე უპატრონებს.
„ეს ბიჭი არის იმავე დაავადებით, რომელსაც შვიდი წელია, საფრანგეთში ჩვენ ვებრძვით. ბოლოს მივწერე ამ ბავშვს, არ აქვს ჩემთვის ნიშვნელობა, ვისი შვილია, მინდა ჩამოვიდეს აქ და ვუმკურნალო. დანარჩენი ყველაფერი ეტაპობრივად გამოჩნდება“ _ ამბობს ქრისტი.
მანვე გადმოგვიგზავნა ბიჭის, მერტის წერილი, რომელიც ძალიან ამაღელვებელია:
„დიდი ალბათობით მე დავიბადე საქართველოში და უკანონო გზით სხვა ოჯახს გადამცეს. ოფიციალურ ჩანაწერებში ყველაფერი დაფარულია. ჩემი ნამდვილი დაბადების თარიღი დიდი ალბათობით არის 2005-2007 წლები. მე ვარ ტყუპი, მაგრამ არ ვიცი, რა მოუვიდა ჩემს მეორე ტყუპს. ამბობენ, რომ დაბადებისას მქონდა ცისფერი თვალები, ღია კანი და ქერა ხვეული თმა. ჩემს ხელშია მხოლოდ ერთი ბავშვობის ფოტო ჩემი ტყუპის. ასევე ამბობენ, რომ 8 თვის ასაკში საკეისრო კვეთით დავიბადე. თუ თქვენც ეძებთ თქვენს ტყუპ შვილებს, რომლებიც 2005-2007 წლებში დაიბადნენ ქერა ან ღია ფერის თმით და გითხრეს, რომ ისინი გარდაიცვალნენ, მაგრამ ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტი არ მიგიღიათ, გთხოვთ დამიკავშირდეთ. აუცილებლად გიპასუხებთ. ქვემოთ იქნება ჩემი ტყუპის ბავშვობის სურათი და ჩემი ახლანდელი ფოტო. უფალმა იესო ქრისტემ შეაერთოს ყველა, ვინც განშორებულია“ _ წერს მერტი.

ფოტოკოლაჟი | მარცხნივ და ქვემოთ სამივე ფოტო მერტისაა, ზემოთ მარჯვნიდან: გაბრიელ და იოანე ბიბლაძეები
დედას ეჭვებს ისიც უძლიერებს, რომ მერტის გარდა იმისა, რომ იგივე ნიშნები აქვს ყურთან და ფეხზე, ძალიან ჰგავს გაბრიელსა და იოანეს. ეს საოცარი მსგავსება ფოტოებზე კარგაც ჩანს.
„ვარ გაოგნებული, გაოცებული და სტრესში. მოვა დრო და ვილაპარაკებ ყველაფერზე…“ _ ამბობს ქრისტი და ინფორმაციის გავრცელებაში დახმარებას გვთხოვს, რომ პასუხი გაეცეს მისი ოჯახის მთავარ კითხვას _ რა მოხდა 2005 წლის აგვისტოში მცხეთის სამშობიარო სახლში.
„გურია თუდეი“ დაუკავშირდა მცხეთაში იმ მისამართზე (სამხედრო ქ.#20) არსებულ სამედიცინო დაწესებულებას, რომელზეც ქრისტი მოისწრაფეშვილმა მიგვითითა. „ჩვენთან სამშობიარო განყოფილება დიდი ხანია არ არსებობს. ზუსტ დროს ვერ გეტყვით, მაგრამ სადღაც 20 წლის წინ, კლინიკაში ნამდვილად იყო სამშობიარო“ _ გვითხრეს მცხეთის სამედიცინო ცენტრში, სადაც ასევე განგვიცხადეს, რომ თინა სვანაძე (ან სვანიძე) მათთან არ მუშაობს და ასეთი პიროვნება კლინიკის წარმომადგენელმა ვერ გაიხსენა.
თუ ჩვენი რესპონდენტის მიერ ნახსენები პირები ამ სტატიას წაიკითხავენ და პოზიციის დაფიქსირებას მოისურვებენ, ჩვენ მათ აუცილებლად მოვუსმენთ.
მამუკა ქანთარია





