ლანჩხუთი ამ ტრაგედიას ვერასდროს დაივიწყებს _ 15 წლის ნიკო გვარჯალაძის გარდაცვალება ყველა ლანჩხუთელის ტკივილია. მზებიჭის დედა „გურია თუდეის“ დახმარებას თხოვს. ფიქრობს, რომ სამართლის ძიება უჭირს, მაგრამ უკან დახევას არ აპირებს.
„წავიკითხე თქვენი სტატიები ჩემს შვილზე და მადლობა მინდა გითხრათ, გვერდით დგომისთვის, ჩვენი ტკივილის გაზიარებისთვის. სამწუხაროდ, ძალიან გაგრძელდა სიმართლის და სამართალის პოვნა, აქამდე ადვოკატი მაჩერებდა, საქმეს ხელი არ შეშლოდა, მაგრამ უკვე დადგა დრო, ხმამაღლა ვილაპარაკო და ვიბრძოლო ჩემი ნიკოს სიმართლისთვის. გიგზავნით ვიდეოს, რომელიც ჩემი შვილის საფლავზე ჩავწერე და გთხოვთ, თქვენს გვერდზე გამომიქვეყნოთ“ _ გვითხრა ნინო ორაგველიძემ სატელეფონო საუბარში და მის მიერ ჩაწერილი ვიდეო გამოგვიგზავნა.
ნინო ორაგველიძე, ნიკოს დედა:
_ უბედური 14 მარტის შემდეგ, წყალი მქონდა პირში ჩაგუბებული და მხოლოდ მე ვიცი, რა სიმწრის ფასად მიჯდებოდა ეს სიჩუმე. მხოლოდ იმის გამო, რომ ჩემი საქმე არ გამეფუჭებინა. დღეს დადგა ის დრო და დღე, როცა მე მინდა საჯარო გავხადო ეს ყველაფერი და ყველამ გაიგოს. მე გახლდით ემიგრანტი, 5 წელი არ ვიყავი ჩემს სახლში დანაბრუნები და როგორც ყველა დედა, დღეებს ვითვლიდი, როდის გამითენდებოდა ის დღე, როცა ჩემს შვილებს ჩავეხუტებოდი და ჩემს ოჯახს დავუბრუნდებოდი.

„ვერ მოგისწარი, შვილო, ვერ ჩაგიხუტე გულში… ვერ დაგიამე დარდი, რაც უჩემობით დაგრჩა… მე მაპატიე, შვილო, მხოლოდ ფოტოთი გეხუტები ახლა. მადლობა „ანნას ნახატებს“ იმისთვის, რომ მომცა საშუალება, ჩემს მონატრებულ შვილს ფოტოდან მაინც ჩავხუტებოდი…“
_ 14 მარტს, დილით დამირეკა დეიდაჩემმა და მითხრა, ჩემთან მოდიოდა. დასვენების დღე მქონდა. გამიკვირდა, ჩემგან ცოტა მოშორებით ცხოვრობს და შევშინდი. როცა ჩამოვიდა და ჩემსკენ თავდახრილი მოდიოდა, მივხვდი, რომ რაღაც კარგ არ ხდებოდა ჩემს თავს. დეიდაშვილმა მხარზე ხელი დამადო და მითხრა, გამაგრდი _ დედა გარდაიცვალაო. მეთქი, როგორ, საათნახევრის წინ ველაპარაკე, ჩემს შვილებზე ნერვიულობდა, წაქცეულია და ფეხი უტყენიაო.
_ ორი დღე დედა მატირეს. იმ დღესვე წამოვედით. გზაში ვფიქრობდი, ამ სიმწარეს 5 წლის მონატრებული შვილების ჩახუტება გადამატანინებს-მეთქი. ჭიშკართან რომ მოვედი, უამრავი ადამიანი იყო, სასწრაფო დახმარების მანქანაც იდგა. დავინახე, ჩემი უფროსი შვილი _ გიორგი როგორ მორბოდა ჩემსკენ. თვალებს ვაცეცებდი და ნიკოს ვეძებდი. დავიწყე ტირილი, დედა-თქო. უცებ მომვარდნენ და მითხრეს, რომ გარდაცვლილი დედაჩემი კი არა, ჩემი ნიკოლოზი იყო, შვილი, რომელიც 5 წელი არ მყავდა ნანახი.
_ ამ ყველაფრის მერე არ ვიცი, როგორ ვარ ცოცხალი, როგორ ვუძლებ ამ ყველაფერს. როცა მითხრეს, თუ როგორ მოხდა ეს უბედურება, თურმე ჩემი შვილი წავიდა სათამაშოდ თავის ძმასთან ერთად. ჩვენს სოფელში ერთ-ერთ ადამიანსაც ვერ ვუწოდებ მას, ჰყავს სამი ადამიანებზე მოაგრესე, დაგეშებული, ბოროტულად აღზრდილი ძაღლი. თორემ ძაღლი ადამიანის მეგობარია, გააჩნია, როგორ გაზრდი. ამ სამ ძაღლს მანამდე დაკბენილი ჰყოლია 6 თუ 7 ადამიანი. ბევრი საჩივარიც იყო პოლიციაში დაწერილი, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ადვოკატია, ეს ყველაფერი ჩაფარცხა.
_ ჩემმა შვილმა ეს ძაღლი რომ დაინახა, პატარაობიდანვე შიში ჰქონდა, იფიქრა, თავს ვუშველიო და მომავალ მანქანას თვითონ შეასკდა. ის ადამიანი დაშვებული სიჩქარით მოდიოდა, რაც ექსპერტიზამაც დაადგინა. ამ ადამიანმა ჩემი შვილი არ მიატოვა, იმ წუთასვე სასწრაფოში დარეკა და შველას ითხოვდა. მაგრამ იმ ძაღლების პატრონი, რომელიც თურმე მანქანით მიდიოდა და დაინახა თავისი ძაღლები უკან მისდევდა, უკან არ მიაბრუნა, თან იცოდა, როგორი აგრესიული ძაღლები იყო. როცა დაინახა, რომ ეს უბედურება მოხდა, ძაღლები ჩასვა მანქანაში და გაიქცა.
_ რომ არა ეს ძაღლები, ჩემს შვილს არც ის მანქანა დაეტაკებოდა და ის მანქანაც რომ არა, ჩემი შვილი ისედაც გარდაცვლილი იქნებოდა, რადგან იმხელა ძაღლი რომ დასცემოდა, მარტო მაგის შიში მოკლავდა. თან ამ ძაღლს თავისი წინა მეზობელი ჰყავს დაკბენილი, რომელსაც საჩივარი აქვს შეტანილი“ _ ამბობს შვილმკვდარი დედა ვიდეოში, რომელიც „გურია თუდეის“ ფეისბუქ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
„სული მეწვის შენი მონატრებით, ნიკო, ნუთუ მხოლოდ ამ ქვას უნდა ვეხუტო მთელი ცხოვრება და ვეღარასდროს ჩაგიხუტო, დედი, იქამდე, სანამ არ ამომძვრება ეს ნატანჯი სული“ _ წერს ნინო ორაგველიძე სოციალურ ქსელში.
მართალია, შვილმკვდარი დედა არ აკონკრეტებს, მაგრამ თუ მის მიერ ნახსენები პირი სურვილს გამოთქვამს, „გურია თუდეი“ პოზიციის დაფიქსირების საშუალებას მისცემს.





