დღეს ლანჩხუთის პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ კიკვაძე იუბილარია. მართალია „თლა მრგვალი“ იუბილე გაისად აქვს, მაგრამ ამ რაჭველმა კაცმა ისეთი სისწრაფით გააქროლა თავისი კარიერა, არა უშავს, თუ ერთი წლით ჩვენც „ვიჩქარებთ“ და თითქმის 25 წლის წინ ჩაწერილი ინტერვიუთი მივულოცავთ, რომელიც მაშინ გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნდა და თქვენმა მონა-მორჩილმა ჰონორართან ერთად მსუყე პრემიაც დაიმსახურა, რასაც მერე სულ „მაძახებდა“. ისედაც, სულ ამბობდა, ჩემზე წერით დიდი ფული იშოვეო… მუდამ გაზეთების „წინა გვერდებზე“ უწევდა ყოფნა, იყო ბევრი კრიტიკა და არანაკლები სკანდალებიც, რასაც რაჭველი პოლიცმაისტერი გურული სიფიცხით ხვდებოდა, მაგრამ საქმე „დაჭერამდე არ მისულა“…
…
ამ სტრიქონების ავტორი იღბლადაა გადარჩენილი. პატარა საქმე ხომ არ არის, პოლიციის შეფი რამდენჯერმე მოვატყუე, „ჩვენება შევუცვალე“. არა, პოლიციაში საქმე ღმერთმა მაშოროს, უბრალოდ, თენგიზ კიკვაძე რამდენჯერაც შევითანხმე ინტერვიუზე, იმდენი გადაუდებელი საქმე გამომიჩნდა. ბოლოჯერ შეხვედრისას მიზეზი ავუხსენი, დაკავებული ვიყავი-მეთქი. სანამ მართლა დაგაკავებდე, გიჯობს ინტერვიუ გააკეთო _ „დამემუქრა“ პოლიციის შეფი და ისიც მითხრა, თუ ჩვენთან მოსვლა გეშინია, მე თვითონ გეწვევი რედაქციაშიო. არა, პოლიციის გარემოში მირჩევნია, ვინ იცის, იქნებ რომელიმე წერილისთვის დამაპატიმროთ და შეჩვეული ვიქნები-მეთქი. დავიბარე, თუ შემაგვიანდებოდა, პოლიციაში გადმოეკითხათ და რაიონის პირველ სამართალდამცავს მისსავე კაბინეტში ვეწვიე. მდივანს თხოვა, არავინ შეგვაწუხოსო, იმას მოსულთათვის უთქვამს, ვიღაც მოქალაქე ჰყავს დაკითხვაზეო. ვაი, საწყალიო, გამომიტირეს უცნობებმა, რადგან გამოსვლა დავაგვიანე.
პოლიციის უფროსს „ისეთი დაკითხვა“ მოვუწყვე, შემოგზავნილი ხომ არ ხარო, რამდენიმეჯერ მკითხა. როგორც რესპოდენტი, თითქმის იდეალურია. მოკლედ და გასაგებად პასუხობს სწორედ იმ კითხვას, რომელსაც დაუსვამ და ზოგიერთებივით არ მოედება ღობე-ყორეს. ხალხში გავრცელებული შეხედულების მიხედვით ცივი და მედიდური თენგიზ კიკვაძე, ზოგიერთი სახელმწიფო ფუნქციონირებისაგან განსხვავებით, ჟურნალისტებთან უბრალოა. როდესაც ინტერვიუს თხოვ, თავს არასდროს იფასებს და მაშინაც კი, როცა ძალიან დაღლილი ან მოუცლელია, ორ სიტყვას არ დაგამდლის და მერე რა, რომ ინტერვიუსათვის მისი გამოჭერა ძალიან ძნელია, ხომ იცით როგორია ჩინოსანთა „ხვედრი“ _ გაუთავებელი „თათბირები, შეხვედრები, ბანკეტები“…
_ ბატონო თენგიზ, უპირველსად გარანტია უნდა მომცეთ, რომ, რაც უნდა შეკითხვა დაგისვათ, არ დამაპატიმრებთ…
_ (იცინის) თანახმა ვარ, მკითხეთ.
_ სულ თავიდან დავიწყოთ. ცელქი ბავშვი იქნებოდით, ამას წყალი არ გაუვა.
_ კი, ასე იყო, სულ რაღაცას ვამტვრევდი, მოუსვენარი ვიყავი.
_ კიკვაძე გვარი რაჭიდან უნდა იყოს…
_ ხო, რაჭაში სოფელი მაქვს.
_ იქ დაიბადეთ?
_ არა, ლანჩხუთში, რედაქციის შენობა რომაა, იქ იყო სამშობიარო… 1956 წლის 25 იანვარს მოვევლინე ლანჩხუთს (იცინის).
_ გეტყობათ, გაზეთები ამიტომაც „გიყვართ“, ისე, პრეზიდენტი შევარდნაძეც 25 იანვარს დაიბადა. ბავშვობას დავუბრუნდეთ, კარგად სწავლობდით?
_ არც ფრიადზე და არც ცუდად.
_ ხომ არ „ძველბიჭობდით“?
_ (იცინის) ლენინის ქუჩაზე ბინაში ვცხოვრობდი, ფაქტობრივად, ბავშვობა ქუჩაში გავატარე და რა თქმა უნდა, ხშირი იყო ჩხუბი. თავს არავის ვაჩაგვრინებდი. საღამოს კინოსეანსებზე დავდიოდით, მილიცია კი გვიშლიდა, მაგრამ…
_ მილიციაში ხომ არ აღმოჩენილხართ?
_ არა, ასეთი არ ყოფილა. ისე, ხშირად საქმის გარჩევებშიც ვმონაწილეობდი (იცინის).
_ გალახულხართ?
_ ძალიან ხშირად.
_ მაინც რისთვის, გოგოსთვის?
_ მაგისთვისაც და უფრო პატარა რომ ვიყავი, „კურსობანას“ ვთამაშობდით, არ ვთმობდი, დამნაშავეც რომ ვიყავი და „მიწევდა“.
_ ჭიჭყინა და ჯიუტი იყავით, გეტყობათ?
_ ნამდვილად ასე იყო, ახლაც ვარ ჯიუტი და ძალიან პრინციპული.
_ დაამთავრეთ სკოლა და მერე?..
_ პირველ წელს ქართულში ჩავიჭერი, 2-იანი მივიღე. შემდეგ მუშაობა დავიწყე ფოსტაში…
_ რად?
_ დამტარებლად!
_ რაო?!
_ მოპედი მომცეს და ტელეგრამებს ვატარებდი… რატომ არ გჯერა, ასე იყო.
_ მერე?
_ ორგანიზაციაში ტელეგრამა უნდა მიმეტანა, ვაგონები იყო დასაცლელი. ტელეგრამა დავხიე, მოპედით ვიგრიალე, თურმე ვაგონების მოცდენისთვის ის საწარმო დააჯარიმეს. დამნაშავე მოძებნეს და… გამომაგდეს.
_ „იღბალი“ არ გქონიათ, თორემ ახლა გაზეთების დატარების პატივი გექნებოდათ.
_ კიდევ რა გინდათ?! (ხარხარებს)
_ მერე სად ამოჰყავით თავი?
_ გაზის კანტორაში. 04-ზე დავიწყე მუშაობა. ერთ დღეს ვმუშაობდი, ორ დღეს ვემზადებოდი.
_ ამჯერად მაინც ჩააბარებდით…
_ კი და მშობლებს არ სჯეროდათ. დაუსწრებელზე ჩავაბარე, ეკონომიურზე.
_ ამასთან უნდა გემუშავათ, კომუნისტების დროს ხომ ასე იყო?
_ ქუთაისის ღვინის ქარხანაში მოვეწყვე მუშად. 18 წლის ვიყავი მაშინ, დავიწყე დალევა, გავლოთდი, ძალიან მიყვარდა ჩაციებული „შუშხუნა“. შემდეგ ბუღალტრად გადავედი. მალე ჯარში წასვლაც მომიწია.
_ მშობლებმა ვერ დაგტოვეს?
_ ეცადნენ, მაგრამ ვერ მოახერხეს.
_ და სად „იცავდით“ დიდ საბჭოეთს?
_ მამაჩემმა მითხრა, ლენინგრადი ჩაგიწყვეო და კაცი მაჩვენა, ფული ამას გადავუხადე და მიგხედავსო. ისეთ ადგილზე მოვხვდი, მცენარე ვერ ხარობს, ის კაციც დამეკარგა. სახლში გამოვგზავნე წერილი: „მამა და დედა, როგორ ხართ, მე არა მიშავს. ისე, მამა შენ თუ ასეთი ჩაწყობა იცი, ყოჩაღ! და თუ გაინტერესებთ, სად ვარ, აქვე მისამართი დავწერე“.
_ გაგიჭირდათ?
_ 6 თვე დღე იყო, 6 თვე ღამე. ისევ ჩემით „ვიჩალიჩე“ და საწყობში მოვხვდი, აღარ გამჭირვებია. საჭმელიც მქონდა, ჩასაცმელიც და ყველაფერი.
_ ქალებიც?
_ … (იცინის)
_ დაამთავრეთ სამხედრო სამსახური და დაბრუნდით ლანჩხუთში, ხომ ასეა?
_ კი. დამზადებაში დავიწყე მუშაობა, ჯერ ყუთებს ვბეჭდავდი, შემდეგ ბუღალტერიაში მოანგარიშედ და ცოტა ხანში, ბუღალეტერ-პრეტენზიონისტად მოვეწყვე.
_ პოლიციის ჯერი არ დადგა?
_ თბილისში ვიყავი, სახინკლეში ვილხენდი, საიდანღაც ჩვენი რამიზ ჩხაიძე გაჩნდა, მითხრა, ბიჭო, რა გინდა დამზადებაში, „ობეხეში“ შედიო. ათ დღეში დაბრუნდა კაცი თბილისიდან და „ობეხეში“ რომ დავხვდი, გადაირია, ასეთი სწრაფი რაჭველი არ შემხედრიაო.
_ არ მითხრათ, ასე მოვხვდი „ობეხეშიო“, გეტყობათ, ადრეც გქონდათ მისწრაფება აქეთკენ?
_ დედაჩემის გამზრდელი ბიძა აქ მილიციის უფროსის მოადგილედ 18 წელი იყო. მთავარი მიზეზი, იცით, რა იყო _ დამზადებაში შემოწმება რომ მოდიოდა, სულ მეშინოდა, იმ დროს მთლად სუფთად ვერ იმუშავებდი. ჰოდა, გავიფიქრე, აწი სხვას ეშინოდეს ჩემი-მეთქი. გოდერძი ქურიძე სკოლაში ისტორიას მასწავლიდა, მაშინ უკვე პოლიციის უფროსი იყო და ვთხოვე, იქნებ ადგილი გამოენახა. უპარტიობა მიშლიდა ხელს, დამზადების სამსახურიდან პარტიის წევრად გახდომა ლამის სასწაული იყო და მოხდა ეს სასწაული, კანდიდატად ამირჩიეს.
_ ჩააწყვეთ?
_ …(პაუზა) არა კაცო, ჩემზე უკეთესს ვის მიიღებდნენ (ხარხარებს).
_ როდის დატოვეთ „წითლები“?
_ 1990 წელს და მას შემდეგ არც ერთ პარტიასთან არ ვარ.
_ „ობეხეში“ რას აკეთებდით?
_ ვიკვლევდით სამეურნეო დანაშაულებს, გაფლანგვას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ა.შ.
_ საინტერესო საქმე იყო?
_ საინტერესოც და უაღრესად რთულიც.
_ თქვენ შემდეგ სამხარეო პოლიციაში გადახვედით, თუ არ ვცდებით…

მარცხნიდან: რეზო ორაგველიძე, თენგიზ კიკვაძე, დავით შარაბიძე
_ 1995 წელს „ობეხე“ დაიშალა და ეკონომიკური დანაშაულის და კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი რეგიონული სამსახური შეიქმნა. ჯერ უფროსი ინსპექტორი გახლდით, შემდეგ მოადგილე და ბოლოს _ უფროსი.
_ სულ მალე ლანჩხუთის პოლიციის უფროსიც ხდებით…
_ მაშინ ეს პოსტი თავისუფალი იყო და ვიქტორ გობრონიძემ შემომთავაზა ლანჩხუთში წამოსვლა.
_ ამბობენ, წინააღმდეგი იყავით…
_ კატეგორიული, ლანჩხუთში არ გამიშვათ და თუ გინდათ, აქ მოადგილედ გადამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ ჩემმა უარმა არ გაჭრა.
_ ცუდმა პერიოდმა მოგიწიათ…
_ ჰო, მაგრამ თავი არ შეგვირცხვენია, ლანჩხუთი დღეს ერთ-ერთი საუკეთესოა კრიმინოგენური მდგომარეობის მხრივ.
_ თქვენს დიდ პლუსად თვლიან, რომ პოლიციელის დაღუპვის მინიმალურ შანსაც არ უშვებთ…
_ ასე მირჩევნია, დამნაშავეს სხვა დროსაც კი დავიჭერ. ისეთი პოლიციელები გვყავს დაღუპული, თითქმის ყველა მათგანი რომ დაამშვენებდა პოლიციის შეფის სავარძელს. მაქსიმალურად ვცდილობ, მსხვერპლი ავიცილო.
_ ამბობენ, დამნაშავეებთან მოლაპარაკებებზე თქვენ მიდიხართ, მძევლად არასდროს აუყვანიხართ?
_ არა, ამის „ბედნიერება“ ჯერ არ მქონია. ისე კი, ასეთი შემთხვევები ჩვენთან იშვიათადაა.
_ ქათმები რომ მოგპარეს, როგორ იყო?
_ ჰმ (იცინის). დედაჩემი სახლში ატირებული დამხვდა 5 ქათამი მოგვპარესო. ოღონდ განცხადება არ დამიწერო და ქურდს ვნახავ-მეთქი, შევპირდი…
_ მერე ნახეთ ქურდი?
_ არა, მშიერი იყო ეტყობა, საწყალი (იცინის). რამდენიმე დღეში ვიღაცის სახლი გაქურდეს. დედაჩემი მეუბნება _ შენ ჩვენი ქათმები ვერ ნახე და მაგ ქურდების მნახველი ხარო?! (იცინის)
_ თქვენთან დაკავებულებს მართლა სცემენ?
_ არ დაიჯეროთ! იმას ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი იდეალურად გვაქვს აწყობილი-მეთქი.
_ თქვენც არ ცემთ?
_ არა, რას ამბობ, გამორიცხულია.
_ დაგიჯეროთ?
_ თქვენი ნებაა. ისე, სიმართლეს გეუბნებით.
_ ყოფილა შემთხვევა, დამნაშავე შეგცოდებიათ?
_ კი და გამიშვია კიდეც. მურაბის ქურდობისთვის როგორ დამეჭირა?!
_ ნემსის და აქლემის ქურდი ხომ ორივე ქურდია…
_ კი, მაგრამ მურაბას რომ კაცი მოიპარავს, ის მშიერია და…
_ გახსნის მაჩვენებელი როგორია?
_ 84%
_ უფ, მაღალი შედეგია…
_ არა, მაღალი არ არის, მაგრამ…
_ ამერიკაში 37-40%-იაო და…
_ ამერიკაში კი, მაგრამ ჩვენ მეტს გვთხოვენ (იცინის).
_ ისეთ პოლკოვნიკს რა ვუთხრა…
_ რომ გითხრათ, გენერლობაზე არ მიფიქრიაო, არ დამიჯერებთ (იცინის).
_ ჰო, მართლა კახა თარგამაძის მეჯვარე ხართ?
_ ტყულია ეს.
_ ბოლო ინფორმაციით, ფოთში გადადიხართ სამუშაოდ…
_ ეჰ, ჭორებს თუ დავუჯერე, ახლა დაჭერილი თუ არა, მოხსნილი მაინც უნდა ვიყო (იცინის)…
_ მინისტრის მოადგილის ადგილზე მართლა მოიაზრებოდით?
_ (გულიანად იცინის).
_ „მაგთის“ ლანჩხუთის ოფისი თქვენია?
_ გამაგიჟებს ეს ხალხი, ჩემი როგორ იქნება?! უბრალოდ, ჩემი მეგობრები მუშაობენ ამ კომპანიაში და მეუღლისთვის სამსახური ვთხოვე. ხელფასი აქვს 260 ლარამდე.
_ მერე არ გრცხვენიათ, მეუღლეს სამჯერ მეტი ხელფასი რომ აქვს?
_ რას ვიზამ? ასეთი ბედი მქონია, ცოლმა მარჩინოს (ხარხარებს).

„სასეირნოდ წავიყვანე ჩემი მომავალი მეუღლე და თავი რაჭაში ამოვყავით“
_ როგორ მოიტაცეთ მეუღლე, ეს მოგვიყევით.
_ ეს საიდანღა იცით?! კარგით, მოგიყვებით. თეთრი „ჟიგული“ მყავდა, სასეირნოდ წავიყვანე ჩემი მომავალი მეუღლე და თავი რაჭაში ამოვყავით. გაიშალა პურმარილი, მოვილხინეთ და ღამის 11 საათზე მეუბნება, ახლა წავიდეთ, თორემ დამაგვიანდებაო. მურმან კეჭახმაძე გვახლავს, ის ეუბნება, დანაყრდი და ახლა მიდიხარო. მეორე დღეს მამა მანახვეთო, მოითხოვა. მამაჩემი რომ მოვიდა, ვაჩვენე მეუღლეს და ვუთხარი, აი მამაშენიც მოვიდა-მეთქი. არა, ჩემი მამა მინდაო. მამაჩემმა უთხრა _ შვილო, შენი მამა ვარ და მამაშენმა მოკითხვა შემოგითვალაო.
_ ქალიშვილის გათხოვება განიცადეთ…
_ არ ველოდი და იმიტომ გავბრაზდი ჩემს შვილზე, თორემ სიძეს რას ვერჩოდი. ჯერ ისწავლე და გათხოვებას ყოველთვის მოესწრები-მეთქი, მაგრამ სიყვარულით ყოფილა დამწვარი და… ვიფიქრე _ შვილს საყვედურს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი _ როცა მის თვალებში ჩავიხედე, დავინახე, რომ ახლა კიდევ უფრო მეტად სჭირდებოდა ჩემი გვერდში ყოფნა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი თვითონ არის ბედნიერი.
_ სიძე მამას ხომ არ გეძახით?

„ვიფიქრე _ შვილს საყვედურს ვეტყვი-მეთქი, მაგრამ ვერ შევძელი“
_ არა, შევთანხმდით, თენგიზს დამიძახებს, ან ვასილიჩს. დათო ისეთი კარგი ბიჭია, მასთან ვმეგობრობ. ისე, მალე ბაბუა გავხდები და ძალიან მიხარია… ერთი „ტეხავს“, ბებია რომ მეყოლება ცოლად, თორემ…
_ მძახალთან დამოყვრებამდე კარგი ურთიერთობა არ გქონდათ, მგონი…
_ ხო, ახლა ყველაფერი მათქმევინეთ (იცინის). გულწრფელად გეუბნებით, ჩემი მძახლები დიდებული ადამიანები არიან.
_ პურ-მარილი გეყვარებათ, გეტყობათ.
_ ძალიან, მიყვარს ეს ქეიფი და რა ვქნა… (იცინის) პურ-მარილის გიჟი ვარ…
_ არაყს არ სვამსო, მართალია?
_ კი, ასეა. ერთი ეგ მითხარით, ვინ „ჩამიშვა“ და ჩემზე ამდენი ინფორმაცია ვინ მოგაწოდათ, დღის სინათლეს არ ვაღირსებ (ხარხარებს).
_ საჭმელებზე რას იტყვით?
_ მიყვარს კეცზე შემწვარი წიწილა, ასევე კეცზე გამომცხვარი ხაჭაპური, გოჭის ხორცი…
_ გეყოფათ. ღვინოს რამდენს სვამთ?
_ 2 ლიტრს.
_ მეტს ვერა, აბა, კარგი თამადა არისო?!
_ თუ შევხედავ, რომ 2 ლიტრში ჩავეტევი კი, თორემ თამადად არ ვდგები. მოკლედ, მე და 2 ლიტრი ღვინო მეგობრები ვართ.
_ ცუდი სიმთვრალე ხომ არ გაქვთ, იარაღს ხომ არ „აწვალებთ“?
_ არა, არა…
_ ცეკვა-სიმღერასთან როგორ ხართ?
_ მშვენივრად! კითხვები შეცვალე, სანამ დაგიჭირე… (იცინის)
_ კარგი. გაზეთებს რატომ არ კითხულობდით?
_ სულ ჩემზე წერდით და ვიფიქრე, არ ვიყიდი-თქო, მაგრამ მირეკავენ, ნახე, შენზე რა წერიაო და იძულებული გავხდი, ისევ მე წამეკითხა.
_ ბოლოს, თქვენი ქონებრივი დეკლარაციაც შევავსოთ.
_ დასამალი რა მაქვს _ სულ 209 ათასი ლარის მოძრავ-უძრავი ქონება.
_ მშვენიერი ქონება დაგიგროვებიათ, დავაკონკრეტოთ.
_ 100-ათასიანი სახლი ლანჩხუთში.
_ ნამეტანი ძვირად შეგიფასებიათ…
_ ვიცი, მაგრამ მე ასე მიღირს. კიდევ 50 ათასლარიანი სახლი რაჭაში. 20 ათასლარიანი მანქანა.
_ ეგ უკვე მეტისმეტია, არ არის მთლად მასეთი თქვენი ავტომობილი.
_ ვიცი, ბატონო, მაგრამ მე ასე მიღირს. კიდევ, მიწის ნაკვეთი გრიგოლეთში. აი, სულ ეს არის. აქედან მამაჩემის სახელზეა ლანჩხუთის და რაჭის სახლები. მოკლედ, მე მრჩება მანქანა, გრიგოლეთის ნაკვეთი და… ცოლ-შვილი (იცინის).
_ თქვენი გამკვირვებია, ბატონო თენგიზ, ყველა რაღაცას მალავს, თქვენ კი, ფასებს უმატებთ?!
_ დასამალი არაფერი მაქვს, იმასაც ამბობენ, თბილისში ბინა აქვსო. თუ ისეთი მინახოთ, დეკლარაციაში შეტანილი რომ არ მაქვს, ჟურნალისტებს გჩუქნით, მეტი რა გინდათ…
კიდევ საკმაოდ ვისაუბრეთ, მაგრამ ისეთი რაღაცებიც მითხრა პოლიციის შეფმა, გაზეთში ვერ დავწერ. გაგიმხელთ, რომ სულ სიცილ-ხარხარში ჩაიარა ჩემმა ორსაათიანმა „პატიმრობამ“, თუმცა ვინ ვინ დაკითხა, ეგ უკვე შენ განსაზღვრე, ჩემო ძვირფასო მკითხველო…
მამუკა ქანთარია