გურიაში დიდთოვლობამ სერიოზული პრობლემები შექმნა. შექმნილ ვითარებას აქტიურად აშუქებს „რადიო თავისუფლება“. გამოცემა ამჯერად მოტოსპორტსმენ გიორგი გახელაძეზე წერს, რომელიც მეგობრებთან ერთად, სპეციალური აღჭურვილობითა და ოთხი თოვლმავლით, თბილისიდან გურიაში 25 თებერვალს, ღამით ჩავიდა.
გიორგი ყვება, რომ ხუთი საათი დასჭირდათ იმისთვის, რომ სოფელ ნინოშვილიდან მონასტერში ჩარჩენილი ბერი გამოეყვანათ და ამავე სოფელში, კიდევ ერთი ოჯახისთვის საკვები და მედიკამენტები მიეწოდებინათ.
ამბობს, რომ გზის ნაწილი მაღალი გამავლობის მანქანით გაიარეს, დაახლოებით ხუთი კილომეტრის გავლა კი მხოლოდ თოვლმავლებით შეძლეს.
„ღამის 12-ზე გავეშურეთ პირველი მისიისკენ. საკმაოდ რთული პირობები იყო, გადაუღებლად თოვდა, იყო ცუდი ხილვადობა. მამა დავითი, ბერი იყო გამოსაყვანი დავით აღმაშენებლის სახელობის მონასტრიდან. ცუდ მდგომარეობაში გახლდათ, ფიზიკურად ვეღარ გადიოდა ეზოდან. იმხელა თოვლი იყო, რომ კარსაც ვეღარ აღებდა. ფეხითაც კი ვერ წამოვიდოდა. ხუთი დღე ელოდა ტრაქტორს, ჰპირდებოდნენ, ამოვაო ტრაქტორიო, მაგრამ უშედეგოდ. თოვლმავალზე მოვისვით უკან და ასე წამოვიყვანეთ. იქიდან წავედით ოჯახში, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ. მივუტანეთ წამლები, პროდუქტი, პირველადი მოხმარების ნივთები“ _ უთხრა გახელაძემ გამოცემას.
სრულად სტატია წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/TOK7l