„შე კაცო, 17 წლის ღლაპს 11 კაცში გაყენებდი და 300-კაციან ქორწილში ჩემთვის ადგილი როგორ ვერ გამონახეო…“ _ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის „აგიჟებდა“ ლანჩხუთელ გულშემატკივარს

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ოთარ კორღალიძე 1980-1990-2000-იან წლებში და შალვა კაკაბაძე (2002 წ.)

რამდენიმე წლის წინ, როცა ლანჩხუთში, „გურიასა“ და კიევის „დინამოს“ ვეტერანების შეხვედრა გაიმართა, ოთარ კორღალიძის მოპატიჟება დაავიწყდათ. ძალიან აღშფოთდა და გასაგებიც იყო _ იმდენად „შინაურად“ გრძნობს თავს, ვერც წარმოედგინა, რომ ფეხბურთელი, რომელიც 17-18 წლის ასაკშიც აჯადოებდა ადგილობრივ გულშემატკივარს და 36 წლისაც ანცვიფრებდა მაღალი საშემსრულებლო ოსტატობითა თუ უპირობო ლიდერობით, იუველირული საგოლე პასებითა თუ ულამაზესი გოლებით, ოდესმე ამ ქალაქში „გამორჩებოდათ“…

თანაც ლანჩხუთელთა სიძეცაა და ამასთან, გარდა იმისა, რომ „გურიას“ ყველა დროის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშეა, განსაკუთრებული პლუსიც აქვს _ იგი ძალიან უყვართ ლანჩხუთში… ალბათ, ამაში მთავარი ის ხიბლი და ქარიზმა, ის უბრალოება და სიყვარულია, რითაც ფეხბურთელი ყოველთვის „აგიჟებდა“ გურულ გულშემატკივარს…

დღეს იგი 66 წლის გახდა, რასაც სწორედ ფეხბურთის ლანჩხუთელი ქომაგების სახელით ვულოცავთ!

17 წლის იყო, „გურიას“ ლეგენდარულმა მწვრთნელმა, სელექციონერმა და „ყველაფერმა“, შალვა კაკაბაძემ „გურიაში“ რომ უხმო. იქამდე ქართული ფეხბურთის ბუმბერაზმა, ნოდარ ახალგაცმა თბილისის „დინამოს“ დუბლებში მიიწვია. ლანჩხუთში კოღალიძემ სამი წელი ითამაშა: ერთხელ შოთა შავგულიძის თასს, ხოლო მეორედ სსრკ-ის მეორე ლიგის ვერცხლის მედალს დაეუფლა, 1979 წელს კი იმ გუნდის წევრი იყო, რომელმაც პირველი სენსაცია მოახდინა და სსრკ-ის პირველ ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა.

იმდენად პერსპექტიული იყო, ლანჩხუთში ვინ გააჩერებდა: ჯერ „დინამომ“ დაიბრუნა, კარიერის საუკეთესო წლები კი საქართველოს კიდევ ერთ გრანდში _ ქუთაისის „ტორპედოში“ გაატარა, რომლის რიგებშიც სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში 100-ზე მეტ შეხვედრაში მონაწილეობდა…

1989 წელს „გურიაში“ დაბრუნდა და გუნდს სსრკ-ის უმაღლეს ლიგაში მეორედ გადასვლაში დაეხმარა. მერე იყო ეროვნული ჩემპიონატი _ ზედიზედ ორი ვერცხლი და პირველი ეროვნული თასი…

ორჯერ გახდა ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი: 1991 წელს 14 გოლი გაიტანა, ხოლო 1991-92 წლების სეზონში _ 40! მისი რეკორდი მხოლოდ ზვიად ენდელაძემ გაიმეორა („მარგვეთის“ რიგებში, 1995-96 წწ.), ხოლო იქამდე მერამ მეგრელაძემ გააუმჯობესა (41 გოლი „სამგურალის“ შემადგენლობაში, 1992-93 წწ). სხვათა შორის, ენდელაძესაც და მეგრელაძესაც ასევე „გურიაში“ უთამაშიათ.

კიდევ ორჯერ დაბრუნდა ლანჩხუთში _ 1993 და 1996 წლებში. თავის კარიერაში გატანილი 168 გოლიდან ყველაზე მეტი _ 93 „გურიასთვის“ შეაგდო (177 შეხვედრაში) _ საშუალოდ ყოველ ორ შეხვედრაში 1 გოლზე მეტი გაჰქონდა…

არ დაგვავიწყდეს _ ოთარ კორღალიძე საქართველოს ეროვნული ნაკრების სადებიუტო შეხვედრის მონაწილეცაა…

1990 წლის 27 მაისი, საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი შეხვედრა | ოთარ კორღალიძე _ მარცხნიდან მეოთხე

„გურიას“ ლეგენდა, რამდენიმე წელია, მეგობრებთან ერთად დაარსებულ საფეხბურთო სკოლა „ჩემპიონშისთვის“ იღწვის. წლების მანძილზე იმუშავა მწვრთნელად, მათ შორის _ თბილისის „დინამოში“. მისი შვილი _ ლევანიც მამის კვალს გაჰყვა. სხვათა შორის, კარიერა მანაც „გურიაში“ დაიწყო, საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებსა და ეროვნულ გუნდშიც ითამაშა. მწვრთნელი კიდევ უფრო წარმატებულია: ის ურჩევნია მამულსაო _ უმცროსი კორღალიძე საქართველოში ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად ითვლება.

ერთი საინტერესო ფაქტიც: 1996 წელს, ქუთაისში, „ტორპედოსა“ და „გურიას“ შეხვედრაში მოედანზე მამა-შვილმა, ოთარ და ლევან კორღალიძეებმა ასევე მამა-შვილის, მერაბ და გია მეგრელაძეების წინააღმდეგ ითამაშეს…

ესეც რომ არ გავისხენოთ, არ გამოვა. ამ ისტორიას „გურიას“ ლეგენდა თავადაც ხშირად ჰყვება: როცა დაოჯახდა, ქორწილში შალვა კაკაბაძის დაპატიჟება გამორჩა. ყოფილმა მწვრთნელმა რომ უსაყვედურა, „თავი იმართლა“ _ გაერთიანებული ქორწილი გვქონდა, ორივე მხარეს სულ 300 სტუმარი გვყავდა, ახლობელ-მეგობრები, ნათესავები და მაპატიეო. კაკაბაძეს უთქვამს _ შე კაცო, 17 წლის ღლაპს 11 კაცში გაყენებდი და 300 კაცში ჩემთვის ადგილი როგორ ვერ გამონახეო…

… ახლა ოთარ კორღალიძე „გურიას“ იმ დირექტორატში მოიაზრება, რომელსაც მერაბ ჟორდანია უთავკაცებს და გულშემატკივრებს დიდ იმედს აძლევს, რომ კლუბი ძველ დიდებას დაიბრუნებს.

მამუკა ქანთარია

რას ჩივი?