„შენს დაბადებას დიდი ხმაური მოჰყვა: გამრთელდა ჩატეხილი ხიდი, რომელთან მიახლოებას ვერავინ ბედავდა… გვერდით იყავი და მენატრებოდი“ _ ია ხალვაშის ემოციური მილოცვა შვილს

|

Loading

წინა პლანზე: ეთერ და ზურაბ მენაღარიშვილები

ლანჩხუთელი სამოქალაქო აქტივისტი, პოპულარული ფეისბუქ-ჯგუფ „ღადარის“ დამაარსებელი ია ხალვაში შვილს, ზურაბ მენაღარიშვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს:

„შენს დაბადებას დიდი ხმაური მოჰყვა…

გამრთელდა ჩატეხილი ხიდი, რომელთან მიახლოვებას ვერავინ ბედავდა…

კვლავ აინთო შუქი არჩილ და ეთერ მენაღარიშვილების ოჯახში და გაუჩნდათ საზრუნავი და სიცოცხლის ნაპერწკალი…

ამ დროს ჩემი სული დამძიმებული იყო და გული სავსე იყო შენი უპირობო სიყვარულით. იავნანის მაგივრად შვილების დატირებაში გაზრდილო და დავაჟკაცებულო…

არც ერთ წამს არ ვნანობ…საუცხოო და სამაგალითო ადამიანები გზრდიდნენ და შენაც სამაგალითო გამგრძელებელი ხარ მათი ოჯახის.

მორიდებული, კეთილი, ალალი, მოსიყვარულე… რამდენი რამე შემიძლია შენზე ვთქვა, ვიცი არ გიყვარს შენზე საუბარი, მაგრამ უნდა მოვასწრო… ამდენი ხნის დუმილის შემდეგ დაგროვილი გრძნობები გაგიზიარო…

დაბადების დღეს გილოცავ, დედა… ბედნიერ წელთა სიმრავლე მოგმადლოს უფალმა, გაიხარე შენს ლამაზ ოჯახთან და ყველა კეთილისმსურველებთან ერთად.

უფალი მომცემს შესაძლებლობას, გავიხარო შენი კეთილდღეობით, რადგან წლებს, რომელიც ერთად და ცალ-ცალკე გავიარეთ, დიდი მადლი ჰქვია“ _ წერს სოციალურ ქსელშია ია ხალვაში.

ვისთვისაც ზემოხსენებული წერილის შინარსი გაუგებარია, უფრო მეტს დედის შარშანდელი მილოცვიდან გაიგებთ:

„ჩვენი დედა-შვილობა განსხვავებულია, სხვანაირია…

შენ გაუთვიცნობიერებლად, მე გათვიცნობიერულად, გამიზნულად შევეგუე იმ აზრს, რომ 27 წელი ჩემს გვერდით იყავი და მენატრებოდი… მადლის, სიამაყის და მონატრების ცრემლები ერთმანეთს ენაცვლებოდა.

მადლის იმიტომ, რომ შევძელით ოჯახის გამოცოცხლება, რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალი წართმეული ქონდა… სიამაყით იმიტომ, რომ შენი რუდუნებით, მოთმინებით, ჰუმანურობით შეგნებით მოეკიდე ამ ყველაფერს. იავნანის ნაცვლად გასუსული უსმენდი გამწარებული ქალის გოდებასა და ტირილს. ყველაფერს აკეთებდი მისი ამაგი დაგეფასებინა, რასაც დღემდე ვაჟკაცურად უძღვები, შენი ლამაზი ოჯახის კეთილდღეობით.

და მონატრების იმიტომ, რომ მენატრებოდი… გვერდით იყავი და მენატრებოდი…

იმედია, ამ ყველაფერს უფალი დაგვინახავს და მოგვცემს საშუალებას ვიხაროთ ერთმანეთის კეთილდღეობით. მიყვარხარ და მეამაყები…

ბევრი მაქვს შენთვის გასაკეთებელი და შევძლებ უფლის წყალობით, ჩემო პატარა და დიდო ადამიანო“

„გურია თუდეი“ ულოცავს ქალბატონ იას შვილის იუბილეს და წარმატებებს უსურვებს.

ასევე შეგიძლიათ წაიკითხოთ ქალბატონ იას წლების წინანდელი წერილი _ „ცაში დაფერფლილი ბედნიერება“.

რას ჩივი?