15 წლის გიორგი თირქიას, რომელიც გუშინ ტრაგიკულად დაიღუპა, მშობლიური ჩიბათის სკოლა ემშვიდობება:
„გულს გვიწყვეტს და სიტყვები გვღალატობს, რადგან აღარ არის ჩვენს გვერდით ჩვენი საყვარელი მოსწავლე გიორგი თირქია.
გიორგი იყო სითბოსა და სიკეთის მატარებელი. მისი თავაზიანობა, მშვიდი ბუნება და ყურადღება ყველასთვის, ვინც მასთან ურთიერთობდა, დაუვიწყარი გახდება. იგი იყო მოსწავლე, რომელიც სხვას უსმენდა, უგებდა და ყოველთვის სიკეთეს ანაწილებდა.
ჩვენს გულებში გიორგი დარჩება როგორც სიმშვიდის, წესიერების და სიყვარულის მაგალითი.
ვუსამძიმრებთ გიორგის ოჯახს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას იცნობდა და უყვარდა.
გიორგი ყოველთვის ჩვენს გვერდით იქნება – მოგონებებსა და გულებში“ _ ვკითხულობთ ჩიბათის საჯარო სკოლის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერილში.
ეკა წილოსანი, გიორგის მასწავლებელი:
„ჯერ ლანჩხუთის პირველ, შემდეგ ჩიბათის საჯარო სკოლაში მოსწავლე და მასწავლებელი გვერქვა. შენგან მოდიოდა მუდამ ღიმილი და ნათელი გამომეტყველება. რა მოვასწარით, გიორგი? ვერც ვერაფერი – აგვისტოს ვითომდა მზიან დღეს წასულხარ… თურმე, სამუდამოდ! მე კი ის მეცხრე კლასის ხელოვნების სახელმძღვანელო მეხსომება მუდამ, საწავლო წლის ბოლოს, ყველაზე პირველმა, რომ გამომიწოდე: „მე მაქვს, ეკა მასწ“… გიორგი მეათე კლასში გადადიოდა!“
სამძიმარს აქვეყნებს ლანჩხუთის სპორტული ცენტრიც: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვათ პერსპექტიული სპორტსმენის, ჭიდაობის სექციის აღსაზრდელის, გიორგი თირქიას ტრაგიკულად გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს, ყველა ახლობელს“.
15 წლის გიორგი თირქია გუშინ მდინარე სუფსაზე საბანაოდ მეგობართან ერთად იმყოფებოდა. მდინარის დინებამ იგი გაიტაცა და მაშველებმა რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაცვლილი იპოვეს.




