ლანჩხუთელი მწერალი დავით ასკურავა იუბილარია! 50-ზე მეტი წიგნის ავტორი 90 წლის წინ დაიბადა. წერს რომანებს, ლექსებს, მოთხრობებს. ჟურნალ „ნიანგში“~” ათწლეულების მანძილზე აქვეყნებდა ფელეტონებს, რომელიც შიშის ზარს სცემდა თვით ედუარდ შევარდნაძესაც კი…
გთავაზობთ ნაწყვეტს მისი მოგონებებიდან, რომელზეც გადაცემაში _ „საქართველოს დაბადება“ ისაუბრა:
_ დაახლოებით, 1964 წელია, იანვარი თუ თებერვალი… ერთ დღეს მოვდივარ, ლანჩხუთიდან, სახლიდან [თბილისში] და ჩვენთან ბილეთი იყიდებოდა მესამე ვაგონზე, ანუ ლანჩხუთელები ვიჯექით მესამე ვაგონში. ცოტას წვიმს, პატარა ბარგი მაქვს ხელში და სადგურში გავრბივარ, რომ მესამე ვაგონს მივუსწრო, საკმაოდ წინ არის… ვიღაცამ ზემოდან დამიძახა, ნუ გარბიხარ, დათო, აგერ გაგიღებ კარს და შიგნიდან გადაი მესამეში მერეო. შევხედე, ნოდარია, დუმბაძე, რომელსაც 4-5 თვეა, ვიცნობ.
ახალდაწყებული მაქვს მუშაობა „ახალგაზრდა კომუნისტში“. ნოდარმა მითხრა, წამოდი ჩვენთან შემოდი, სამტრედიაში გადადი, ახლა ვაგონ-ვაგონ ხომ არ ივლიო.
შევატყვე, ძალიან მთვრალია. გავყევი. გამაცნო [ედუარდ] შევარდნაძე, მაშინ კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი იყო. [ედუარდს] ვიცნობდი იქიდან, რომ ევგრაფის ძმაი იყო მაგი. ნოდარი მთვრალი კი იყო, მარა მაშინვე შეატყო, რომ რაღაც არ მოვეწონე შევარდნაძეს, ვერ დარჩა ჩემი შეყვანით კმაყოფილი.
ნოდარიმ უთხრა: ასე ნუ უყურებ, დავითი ანთიმოზ ივერიელზე რომანს წერსო. მეორე წელი იყო, რაც დაწყებული მქონდა, 7 წელი ვწერე. შენო, იგი კაცი არ ხარო, რომ წერო _ გზა ეკლესიაში უნდა მიდიოდესო? კი, მარა დამიწუნეს და ამომიგდეს-მეთქი. ხოდა, მე ამუაგდეო და შენისანა კაცი გაზეთში საერთოდ არ უნდა გვყავდესო!
ეს რომ მითხრა, სხვანაირად დამიარა. ე.ი. ამომიგდო ფელეტონი იმიტომ, რომ დავწერე _ სამების ტაძარში გზა რატომ არ შედის-მეთქი. „ახკომის“ რედაქტორი იყო გოგი გელაშვილი, უთქმელი კაცი, მხოლოდ ის ქონდა ნათქვამი _ ფელეტონი დაგვიწუნესო…

„ჩემი წიგნი შევარდნაძემ 18 წელი თაროზე შემოადებინა…“
მატარებელში ასევე არის მამაო, რომელმაც შევარდნაძე დაიცვა _ შენ თუ წმინდაზე წერ, რა გინდოდა რუმინეთში რომ გეიქეცი, აქ რამდენი წმინდანი გვყავსო. ავუხსენი, აქაურებს პატრონი ჰყავს, მე კიდევ [ანთიმოზ ივერიელზე] ვწერ-მეთქი. მღვდელი „მაწვება“ და შევარდნაძემ უთხრა _ მაგას რას ელაპარაკები, აქეთ გზა უნდა სამებაში და იქით პატრონს დავიწყებული მღვდელი უნდა გააცოცხლოსო. მერე მე მომიბრუნდა, ვერ ეღირსები მაგ წიგნსო. ისე აგისრულდეთ ყველაფერი _ 18 წელი ჰქონდა თაროზე შემოგდებული გამომცემლობას ეს წიგნი.
აქვე უნდა გითხრათ, რომ შევარდნაძე არ იყო ნოდარ დუმბაძის მეგობარი. უბრალოდ, იყენებდა ამის კალამს. ერთხელ მითხრა ნოდარმა: დაწერე ისეთი, რომ ეს შევარდნაძე მიხვდეს, რომ არაა ჩემი მეგობარი და დამანებოს თავიო. დავწერე და მიუტანეს შევარდნაძეს და მანაც _ ნახეთ, რა წერენ ჩემზე, მაგი გათახსირებული ბიჭია და ყველაფერს დაწერსო.
მე ცოლმა მთხოვა, ქალების ამბავი ხომ იცი, გაანებე თავი, ბავშვებს მოგვიკლავენ, ამას გვიზამენო, იმას დაგვიშავებენო. მეც ცოტა… ამაზე რომ წევიდა კაცი, არაფრის გულისთვის, 18 წელი შემოდობილი აქ წიგნი, ყველაფერზე წავა იგი.
მჟავანაძე რატო მოწონდა ხალხს? ცემენტი ბევრი იყო მოსაპარავი… ძალიან არც იქაჩებოდა… ამან რომ გააკეთა… აგი აფირისტი რო მოვიდა, შევარდნაძე… ღვინის ხალხი გააწამა, საქართველოში მეღვინეობაზე რომ ხალხს დეიჭერ… ძალიან ეშმაკი კაცი იყო, მაგან იცოდა, რას აკეთებდა. თან ხალხს აჯერებდა, რომ მე ვისაც ვიჭერ, იმიტომ ვიჭერ, რომ შენი მტერია. სინამდვილეში მაგი იჭერდა თავისი სახელისთვის, საბჭოთა კავშირის ბიუროს წევრი რომ გამხდარიყო.
ერთხელ შევხვდი, კარგად შევუკურთხე და ვუთხარი, დამიჭირე _ [იმ] ერთი დარტყმის გამო, 3 წელზე მეტს ხომ არ მომისჯიან-მეთქი. არაო, არ დაგიჭერო, მასე უნდა გაწვალოო.
მაშინ [მატარებელში შეხვედრისას] მე მას ხელი დავარტყი. ხაშურში რკინიგზის მილიცია დამხვდა, ჩამომიყვანეს ძირს და დამიჭირეს. მეორე დღეს ჩემი განყოფილების გამგემ ჩამომაკითხა, გივი ჭელიძე იყო „ახალგაზრდა კომუნისტში“. რაღაცა დამაწერინეს და გამომიშვეს. გივის ვუთხარი _ შენც კარგად იყავი და შენი რედაქციაც, მაგრამ მე თქვენთან მომსვლელი არ ვარ და არც მივსულვარ „ახკომის“ რედაქციაში…
***
„ბატონო დავით, გულწრფელად გილოცავთ საიუბილეო თარიღს, გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას. ასაკი მხოლოდ ციფრებია, მჯერა, რომ უფალი კვლავაც მოგცემთ შესაძლებლობას, გააგრძელოთ საინტერესო შემოქმედებითი საქმიანობა. ფასდაუდებელია თქვენი ამაგი შემოქმედებითი საზოგადოება ,,სამებას” და შემოქმედთა მუზეუმისთვის. ვიმედოვნებ, რომ კვლავაც მექნება შესაძლებლობა მოგესიყვარულოთ, გაგიმასპინძლდეთ და ღირსეული მეგობრობა გაგიწიოთ“ _ ასე ულოცავს იუბილარს ლანჩხუთის შემოქმედთა მუზეუმისა და „სამებას“ ხელმძღვანელი დარეჯან ბიწაძე.
ლანჩხუთელ მწერალს ულოცავს ვალოდია წულაძის სახელობის თეატრისა და კინოს მუზეუმი: „საიუბილეო თარიღს ვულოცავთ შესანიშნავ მწერალს, პოეტს, ,,ვალოდია წულაძე – შტრიხები პორტრეტისათვის“ წიგნის ავტორს _ დავით ასკურავას. ვუსურვებთ ჯანის სიმრთელეს, ულევ სიხარულსა და შემოქმედებით წარმატებებს“.
„გურია თუდეი“ უერთდება მილოცვებს და დავით ასკურავას ჯანმრთელობას უსურვებს.


