ყანიდან… ნაკრებში! რატომ ჩაუტანა რამაზ ურუშაძემ მიშა მესხს 11 ბოცა ადესა? „მოდი, დაიჯერე და სიზმარი ნუ გეგონება – მე, ლანჩხუთელმა ბიჭმა უნდა დავიცვა სსრკ-ის ნაკრების კარი, როცა გუნდის ძირითადი მეკარე ლევ იაშინია“

|

Loading

რამაზ ურუშაძის ფოტოების კოლაჟი

მან კარიერა მშობლიურ ლანჩხუთში დაიწყო, კარის დაცვა შემთხვევით მოუხდა და შემდეგ ისე კარგად გამოუვიდა ეს საქმე, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ლეგენდად დარჩა. 2011 წლის ნოემბერში „გურიის“ საიუბილეო ღონისძიებას ვერ დაესწრო და ამაზე, თურმე, გული წყდებოდა. ბოლო წლებამდე, სანამ ავად გახდებოდა, რამაზ ურუშაძე თითქმის ყველა ზეიმს ესწრებოდა და წლების წინ, „გურიის“ ვეტერანთა კარიც დაიცვა.

„ჩემი შემცვლელი იყო რამაზ ურუშაძე. მახსოვს, ქუთაისის „ტორპედოს“ ჰყავდა დაბალი ტანის მეკარე მერაბიშვილი. ისე მოხდა, რომ დუბლიორი არ ჰყავდათ. არადა, 5 თამაში გასვლა უწევდათ უზბეკეთსა და ყაზახეთში. როცა მეკარის ძებნა დაიწყეს, უთქვამთ, რომ ლანჩხუთს ჰყავს ძლიერი მეკარე და წამოვიყვანოთო. ანდრო ჟორდანიამ მერაბ ჟორდანიას მამა, ლეო ჟორდანია გამოუშვა ჩემს წასაყვანად. ჩვენ 4 თამაში გვქონდა სოხუმთან, ცხინვალთან და თბილისის 2 გუნდთან. ევგრაფიმ თქვა, ლერის გაშვება როგორ შეიძლება, დავიღუპებითო. ლეომ მოიფიქრა, რამაზ ურუშაძეს წავიყვან, მაღალია და მოეწონებათო. ვშაყირობდით ხოლმე, რამაზიე იმხელაა, სანამ დაწვება, ბურთი გასულია კარებშიო. მარა ახლა, რამაზის პოვნა არ გინდა? თურმე, ყანაშია წასული, სათოხნად. ჩააკითხეს და წაიყვანეს ქუთაისში. პირველივე თამაშზე თერთმეტმეტრიანი აიღო. შემდეგ უფრო წაუვიდა თამაშები და ნაკრებში მიიწვიეს. პატარა საქმე ხომ არ იყო _ იაშინის მერე, მეორე მეკარე გახლდათ იმხელა საბჭოთა კავშირში“, _ იხსენებდა „გურიის“ ასევე ყოფილი მეკარე ლერი ლომაძე.

ლანჩხუთელი ლეგენდას ცნობილმა ჟურნალისტმა, იუზა კაციტაძემ საინტერესო ნარკვევი მიუძღვნა:

„ 17 აგვისტოს 86 წელი შეუსრულდებოდა ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს ქართველ მეკარეს – რამაზ ურუშაძეს.

ურუშაძე 1939 წელს ლანჩხუთში დაიბადა და იქვე, საკმაოდ გვიან, 16 წლისამ დაიწყო ფეხბურთის თამაში. გამოდიოდა საქართველოს პირველობის მე-3 ჯგუფში მოასპარეზე ლანჩხუთის „განთიადში“, შემდეგ „გურიის“ წინამორბედ „კოლმეურნეში“.

1958 წლის მეორე ნახევარში საკავშირო „ბ“ კლასის ბინადარ ქუთაისის „ლოკომოტივში“ მიიწვიეს, რომელსაც ანდრო ჟორდანია თავკაცობდა. ახალბედა მეკარემ სადებიუტო შეხვედრებში შესანიშნავი თამაში აჩვენა და გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრი გახდა. 1959 წელს თბილისის „დინამოს“ მწვრთნელად დანიშნულმა ჟორდანიამ თან გაიყოლია ურუშაძე. წელიწადნახევარში მან „დინამოს“ დუბლშემადგენლობაში 8 მატჩი ჩაატარა.

1960 წლის ზაფხულში ურუშაძე ქუთაისში დაბრუნდა და 1964 წლის ჩათვლით „ტორპედოს“ ღირსებას იცავდა, ჯერ საკავშირო „ბ“ კლასში და მერე „ა“ კლასში (იგივე უმაღლეს ლიგაში). სწორედ „ტორპედოში“ თამაშის დროს ის გამოიძახეს საბჭოთა კავშირის ეროვნულ და ოლიმპიურ ნაკრებ გუნდებში.

1963 წლის 13 ოქტომბერს ტორპედოელ მეკარეს უაღრესად საპასუხისმგებლო მატჩში ანდეს კარი. ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში საბჭოთა ნაკრები იტალიას ხვდებოდა. შეიძლება ითქვას, ნაკრების მწვრთნელები დიდ რისკზე წავიდნენ, როდესაც ძირითადში ლეგენდარული ლევ იაშინის ნაცვლად ურუშაძე დაასახელეს, თუმცა რისკი გამართლებული აღმოჩნდა. ურუშაძე შესანიშნავად გაისარჯა და კარი „მშრალად“ შეინარჩუნა. ნაკრებმა კი ის თამაში 2:0 მოიგო.

1963 წელს ურუშაძე საბჭოთა კავშირის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში შეიყვანეს.

1964 წლის 31 მაისს და 7 ივნისს ურუშაძე იცავდა ოლიმპიური ნაკრების კარს გდრ-ს გუნდთან ოფიციალურ შეხვედრებში.

1964 წელს ესპანეთში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე ურუშაძე იაშინის შემცვლელი იყო. სხვა მოთამაშეებთან ერთად მასაც ერგო კონტინენტის პირველობის „ვერცხლი“.

შუაში ბურთით ხელში – რამაზ ურუშაძე

გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, ურუშაძემ ითამაშა ნაკრების საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრებში ურუგვაის, ჰოლანდიური „ფეენორდის“ და სლოვაკური ტრენჩინის „ედნოტას“ წინააღმდეგ.

ურუშაძის კარიერა „ტორპედოში“ 1964 წელს დასრულდა. მან 91-ჯერ დაიცვა ქუთაისელთა კარი ჩემპიონატის მატჩებში. 1965 წლიდან ის თბილისის „დინამოშია“, სადაც 1971 წლის ჩათვლით ითამაშა. მის ანგარიშზე ჩემპიონატის 161 და 17 სათასო მატჩია. აქედან 121 თამაშში ურუშაძეს ბურთი არ გაუშვია. „დინამოს“ რიგებში 3-ჯერ გახდა სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1967, 1969, 1971), ერთხელ საბჭოთა კავშირის თასის ფინალისტი (1970).

რამაზ ურუშაძე 2012 წლის 8 მარტს გარდაიცვალა.

ლეგენდად ქცეული გოლკიპერის ხელთათმანები და მაისური ქუთაისის სპორტის მუზეუმში ინახება.

რამაზ ურუშაძის მოგონებიდან:

1963 წელია და სსრკ-ის ნაკრებში გამომიძახეს იტალიის ნაკრებს ვხვდებით მოსკოვში „ლუჟნიკის~ სტადიონზე. თამაშის წინა საღამოს მიშა მესხი და სლავა მეტრეველი მეუბნებიან:

– რამაზ, ხვალ შენ დაიცავ სსრკ ნაკრების კარს.

მოდი და დაიჯერე! მოდი და სიზმარი ნუ გეგონება! – მე, ლანჩხუთელმა ბიჭმა უნდა დავიცვა სსრკ ნაკრების კარი. თანაც როდის? როდესაც გუნდის ძირითადი მეკარე მსოფლიოს კარის დარაჯების ეტალონი, ლევ იაშინია.

– თქვენ რა იცით? – თითქოს გამოვედი სიზმრიდან. – არა, არა და არა! არ მჯერა.

– მაშინ ასე – ამბობს მიშა მესხი – თუ ხვალ შენ ითამაშებ, ერთ ბოცა „ადესას“ იკისრებ. თუ არა, ჩვენ შამპანურში „გაბანავებთ“.

თამაშის დღეს, 12 საათზე ბესკოვმა კარში მართლაც მე დამასახელა. ის თამაში 2:0 მოვიგეთ. ცუდად არ მითამაშია. გასახდელში ლევ იაშინმა ხელი ჩამომართვა და „მალადეც რამაზ, მალადეც   რამაზ პავლოვიჩ!“ – მითხრა. ეს სიტყვები მთელ ჩემს კარიერას გადასწონიდა. რჩებოდა პირობა… „ადესა“, რომელიც გურიაში „იშოვება“, ოღონდ ერთი ბოცა კი არა… 11 ბოცა ჩავუტანე მიშა მესხს (ის ხომ 11 ნომერი იყო).