ტიტუ, აი ბაღანაი, რაფერი ჭკვიანი გვეგონაო, ჩამევიდა და დარბის ზეით-ქვეითო… სად ატარებდა კონცერტებს, ვინ მიუშვირა იარაღი და რა შემთხვევაში წავა ხელისუფლების წინააღმდეგ ალექსანდრე სარიშვილი [არქივი]

|

Loading

ფოტოკოლაჟი | ალექსანდრე სარიშვილი 2017 წელს ჩოჩხათის მაჟორიტარის და 2024 წელს _ მერის რანგში

როგორც თავად ამბობს, მისი მთელი ცხოვრება უსამართლობისა და ადამიანთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაა. დაუდგრომელმა გურულმა აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგაც გაილაშქრა და ნაციონალებსაც ებრძოდა. იყო ზეწოლაც, შანტაშიც, გადაბირების მცდელობაც, მაგრამ პრინციპებისთვის არასდროს მიღალატია. მაშინ მის მშობლიურ ჩოჩხათში ამბობდნენ თურმე, აი ბაღანაი თლათ გააბდლდაო, მაგრამ თავად სწამდა, რომ პროტესტი ბრძოლად ღირდა.

დღეს ამბობს, რომ ბედნიერია,  ქვეყანაში უსამართლობა აღარ სუფევს და აქვს ფუფუნება, მეამბოხე გურულის მთელი ენერგია, ცოდნა და გამოცდილება, მუნიციპალიტეტის განვითარებას შეალიოს. დასაოჯახებელი, „სასურველი სასიძო ამბობს, რომ ლანჩხუთისთვის ბოლომდე დაიხარჯება.

ეს 2017 წელს „გურია თუდეისთვის“ მიცემული ინტერვიუს შესავალია, ინტერვიუს კი ქვემოთ წაიკითხავთ და ნახეთ, რას ამბობდა 8 წლის წინ ალექსანდრე სარიშვილი, რომელიც მერობის კანდიდატად „ქართულმა ოცნებამ“ მესამედ დაასახელა…

_ დავიბადე ლანჩხუთის რაიონის სოფელ კოკათში (ჩოჩხათში). მამაჩემი,  ბადრი სარიშვილი, პროფესიით აგრონომია,  დინჯი, მშვიდი (რითაც მე ნამდვილად არ ვგავარ), უაღრესად თბილი და პატიოსანი ადამიანი.  დედა, მედეა ვადაჭკორია, პროფესიით ბუღალტერი გახლავთ, რომელიც მუდამ სითბოსა და სიყვარულს გვინერგავდა შვილებს. ჩემი ერთადერთი და, შორენა პედაგოგია, იგი მეუღლესთან (გიორგი კილაბერია) ერთად  ბათუმში ცხოვრობს.  მათ  5 წლის ნიაკო ჰყავთ, რომელსაც სულ ჩვენთან ყოფნა უნდა. ჩემს ოჯახში ყველაზე დიდი სიხარული ჩემი დისშვილის ჩამოსვლაა.  ერთიანი, თბილი, მეგობრული ოჯახი და დიდი სანათესაო გვყავს.  მშობლებს 5-5 დედმამიშვილი ჰყავთ და მთელი შთამომავლობა ყოველ 28 აგვისტოს  ვიკრიბებით. ეს დღე ჩვენთვის დიდი დღესასწაულია.

ალექსანდრე სარიშვილის (უკანა რიგში, მარცხნიდან პირველი) საარჩევნო კამპანია, 2017 წ.

სკოლა ჩოჩხათში დავამთავრე. მეორე წელს ბათუმში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩავაბარე და საკმაოდ აქტიური სტუდენტი ვიყავი – სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი გახლდით. 2003 წლიდან, საქართველოს მასშტაბით გაერთიანებულები ვიყავით სტუდენტური თვითმმართველობების პრეზიდენტები და ძალიან კარგ ღონისძიებებს ვახორციელებდით. არაერთი საქველმოქმედო კონცერტი გვაქვს ჩატარებული. მაგალითად, ბათუმსა და ქობულეთში  თბილისიდან ჩამოვიყვანეთ მომღერლები და კონცერტი ქობულეთელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვის დასახმარებოლად მოვაწყვეთ. აქტიურად ვატარებდით „მხიარულთა და საზრიანთა კლუბის“ კონკურსს, ბანაკებიც ამ პერიოდში დაფუძნდა. აქტიურად და ეფექტურად ვთანამშრომლობდით აჭარის ახალგაზრდულ დეპარტამენტთან.

– სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს, „აჭარის რევოლუციის“ დროს რა პოზიცია გქონდათ?

– გეტყვით, ერთ-ერთი აქტიური „რევოლუციონერი“ ვიყავი, აბაშიძის რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდი. უსამართლობას, ადამიანის ჩაგვრას ვერ ვეგუები. ბუნებით ვარ ასეთი. აქტიურად ვიყავი ჩართული აქციებშიც და რეზინის ხელკეტების სიმწარეც არაერთხელ განმიცდია. იარაღიც მოგვიშვირეს ერთხელ სტუდენტებს ეკლესიასთან და ამ ფაქტმა მაშინ საზოგადოების დიდი პროტესტიც გამოიწვია. საინტერესო სტუდენტური ცხოვრების შემდეგ, ბერძნულ კომპანია „პონტოსტარში“ სავაჭრო აგენტად დავიწყე მუშაობა, რომელიც მრავალი დასახელების პროდუქციას უშვებდა. ზოგადად, მენეჯერული თვისებები ყოველთვის მქონდა და აქაც ძალიან გამომადგა, თუმცა, ჩემი და ზემდგომის ხედვები არ დაემთხვა ერთმანეთს და  ერთწლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი განცხადებით დავტოვე სამსახური.  ამის შემდეგ ბუღალტერია შევისწავლე, კერძო ბიზნესი – თხილის პატარა მეურნეობა მაქვს.

– უსამართლობასა და ადამიანის ჩაგვრას თუ ვერ ეგუებოდით, 2005 წლიდან 2011 წლამდე „პასიურ რეჟიმში ცხოვრება არ გაგიჭირდათ?

– „პასიურ რეჟიმში“ სულაც არ ვყოფილვარ. 2005 წლიდან, როგორც კი მივხვდი, ხელისუფლებაში მოსული ადამიანები მართვის რა მეთოდებს იყენებდნენ, ავტომატურად გამიჩნდა პროტესტი. ამის შემდეგ, თბილისსა და ბათუმში დაგეგმილ ყველა მნიშვნელოვან აქციაში ვმონაწილეობდი. 2011 წელს კი, წავედი ჩემს მშობლიურ გურიაში და 9 კაცმა დავაფუძნეთ ორგანიზაცია, საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც მაშინ პარტიის სახეც (ვგულისხმობ ,,ქართულ ოცნებას“) არ ჰქონდა. სხვაგვარად არ შემეძლო, რადგან ზუსტად იგივე განცდა და შესაბამისად, ისეთივე პროტესტი მქონდა, როგორც უნივერსიტეტში აბაშიძის დროს. მახსოვს, პოზიციას რომ დავაფიქსირებდი, მაჩუმებდნენ. ეს საშინელება იყო. ისიც საშინელება იყო, რომ სოფელში ჩასულს, ადამიანები, რომლებსაც ობიექტურ ინფორმაციას მოკლებულნი იყვნენ, „ნაციონალების“ ინოვატორულ თვისებებზე მესაუბრებოდნენ. ვამბობდი, რომ ინფრაქსტრუქტურის თვალსაზრისით შეიძლება მართლაც გააკეთეს რაღაც, თუნდაც ჩემი საყვარელი ქალაქი ბათუმი, მაგრამ ეს ადამიანების ჩაგვრისა და დაშინების ხარჯზე ხდებოდა, რაც მიუღებელი იყო. ორგანიზაციის დაფუძნების შემდეგ, ისევ ზეწოლა დაიწყო. ადამიანები ჩემთან გამოჩენას ერიდებოდნენ და იცით, რას ამბობდნენ ჩემს სოფელში ჩემი გურულები? –„ტიტუ, აი ბაღანაი, რაფერი ჭკვიანი გვეგონაო,  ჩამევიდა და დარბის ზეით-ქვეითო“. მერე დაიწყო მუქარები, შანტაჟები და სხვადასხვა შემოთავაზებები, რომ გავჩერებულიყავი.  

– არასოდეს გიფიქრიათ გაჩერებულიყავით?

– არასოდეს! სასტიკად პრინციპული ვარ! ვერ გავუძლებ, ადამიანები იჩაგრებოდნენ და მე სიჩუმის ხარჯზე ჩემი ცხოვრება ავიწყო! გამორიცხულია! მეტიც, ანალოგიური ამ ხელისუფლებამაც რომ გაიმეოროს და ადამიანებზე ზეწოლა დაიწყოს, პირველი ვიქნები, ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ წავა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ასე არ იქნება.

„გურია თუდეი“, 2017 წლის 25 ოქტომბერი, #28

რას ჩივი?