„21 თებერვალს, პარასკევს, 18:45 წუთზე საქართველოს მოსახლეობამ მობილურ ტელეფონებზე მიიღო ტექსტური შეტყობინება: „23-24 თებერვალს შავი ზღვის სანაპირო ზოლში მოსალოდნელია ამინდის მკვეთრი გაუარესება”. 112 ადრესატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებდა“ _ „რადიო თავისუფლებამ“ ქრონოლოგიურად ჩამოწერა, როგორი იყო რეაგირება წინასწარ გამოცხადებულ დიდთოვლობაზე:
24 თებერვალს გამოჩნდა პირველი ცნობები გარესამყაროს მოწყვეტილი ათობით სოფლის შესახებ; დახმარებას ითხოვდნენ დიდთოვლობაში ჩარჩენილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი მოხუცები, ქალები და ბავშვები, რომლებთანაც მალე მობილური კავშირიც გაწყდებოდა. ამავე დღეს დადასტურდა, რომ სტიქიას მსხვერპლიც მოჰყვა. სოფელ კონჭკათში იური ჭუმბურიძე მეზობელს სახლის გადათოვლაში ეხმარებოდა, სახურავი ჩაინგრა და შუახნის კაცი ნანგრევებში მოყვა. მისი ოჯახი გარდაცვლილის დაკრძალვას ვერ ახერხებს და ადგილობრივი ხელისუფლებისგან გზის გაწმენდას ითხოვს – გარდაცვლილი სასაფლაომდე ვერ მიჰყავთ, ოჯახის ახლობლები სამძიმარზე ვერ მიდიან.
გურიაში ჩადის მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკა ტყემალაძე. ადგილობრივი ხელისუფლება ადასტურებს, რომ ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში რამდენიმე ოჯახს დიდთოვლობამ სახლები დაუზიანა – სოფლები, სადაც სახლები დაინგრა და მოქალაქეების რაოდენობა, ვისაც უსაფრთხო ადგილას დასჭირდა გადაყვანა, არ კონკრეტდება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ ათასობით ადამიანი დარჩენილია ელექტროენერგიის გარეშე, ასობით ოჯახს კი გაზმომარაგება აქვს შეფერხებული.
სახელმწიფო უწყებების თქმით, დიდთოვლობაში მოყოლილი მოსახლეობის დასახმარებლად მუშაობს 600-მდე მაშველი, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და თავდაცვის ძალები. პროცესებს მართავს საკოორდინაციო შტაბი.
25 თებერვალს დიდთოვლობაში მოყოლილების დახმარებაზე ფიქრი მოხალისეებმა დაიწყეს – დღის ბოლოსთვის უკვე არსებობდა ვებსაიტი გარესამყაროს მოწყვეტილი ოჯახების რუკაზე დატანილი მონაცემებით და რამდენიმე სოფელში რიგდებოდა პირველადი საჭიროების ნივთები და საკვები. დიდთოვლობის ერთი კვირის თავზე ამ ვებსაიტზე კვლავ ათასამდე სხვადასხვა საჭიროების მქონე ოჯახის შესახებ არის მონაცემები გაერთიანებული.
25 თებერვალს ლანჩხუთის მერის მოადგილის, თორნიკე ტიკაძის თქმით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის 40-მდე სახლის სახურავი დაზიანდა, ოთხი სოფელი მოწყვეტილია გარესამყაროს, თუმცა მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და დაწყებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები. ტიკაძის თქმით, ამ დროისთვის წყალი და გაზი ყველა სოფელს მიეწოდება ლანჩხუთში, თუმცა ელექტროენერგია არ არის ორ ადმინისტრაციულ ერთეულში – ჩოჩხათსა და ღრმაღელეში.
სრულად სტატია [სტიქია, მოხალისეები, სახელმწიფო და ხალხი – წინასწარ გამოცხადებული დიდთოვლობის ქრონიკა] წაიკითხეთ ბმულზე: https://shorturl.at/8L7Uf