სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა _ ლანჩხუთში 4 სკოლის განახლება 18 მილიონამდე დაჯდა

|

Loading

ფოტოკოლაჟი | შუხუთის რეაბილიტირებული საჯარო სკოლა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში 450 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა სრულად განახლდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

სკოლაში მოეწყო თანამედროვე საკლასო ოთახები, სამასწავლებლო, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია, ასევე გარე მოედანი, ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სივრცეები.

შუხუთში ჩატარებული სამუშაოების ჯამური ღირებულება 4 226 718 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ 2020 წელს სკოლას ასევე სახურავი გამოუცვალეს, რაც 99 922 ლარი დაჯდა.

ლანჩხუთის ოთხ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2023 წელს დაიწყო. სოფელ ხაჯალიაში 200 და სოფელ ღრმაღელეში 250 მოსწავლეზე გათვლილი სკოლები 2024 წელს გაიხსნა (მათი განახლების ჯამური ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია), ხოლო ქალაქ ლანჩხუთის #1 საჯარო სკოლაში, რომელიც 800 მოსწავლეზეა გათვლილი, 8 მილიონით დაფინანსებული რეაბილიტაციის შემდეგ, სასწავლო პროცესი გასული წელს განახლდა.