ლანჩხუთელი ეკა ალექსაია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს მიმართავს და აღნიშნავს, რომ „არ შეიძლება ადგილობრივი მოსახლეობა „ავერსის კლინიკაში“ [ლანჩხუთში კლინიკის ამჟამინდელი სახელწოდებაა „მედალფა“ _ რედ.] დასაქმებული პერსონალის უმეტესობის იმედზე იყოს“. იგი უკმაყოფილოა ექიმების დიდი ნაწილის არამხოლოდ პროფესიონალიზმით, არამედ მათი პაციენტებთან მოქცევითაც.
„ბატონო მიხეილ, თქვენ მრავალ დაკისრებულ მოვალეობასთან ერთად ადამიანების ჯამრთელობა და მასზე ზრუნვა გავალიათ. პირველ რიგში, კლინიკები მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი მედპერსონალით უნდა იყოს დაკომპლექტებული. ადამიანები, რომლებიც პირველადი დახმარების თუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად მიმართავენ კლინიკებს, იქ კვალიფიციური ექიმი უნდა დახვდეს. თქვენთვის მშობლიური მხარეა გურია და კერძოდ, ლანჩხუთის რაიონი, ამიტომ დიდი იმედი მაქვს, თქვენი პიროვნებიდან გამომდინარე, მეტი გულისყურით მოეკიდებით აქაურ მდგომარეობას“ _ წერს ალექსაია სოციალურ ქსელში.
მისი კრიტიკის ადრესატი ლანჩხუთის კლინიკა „მედალფას“ მედპერსონალია: „ლანჩხუთის რაიონის მოსახლეობა არ შეიძლება იყოს „ავერსის კლინიკის“ იმედად, არ შეიძლება უმეტესობა იქ დასაქმებული მედპერსონალით ჩვენი ჯამრთელობის ბედი წყდებოდეს. რა თქმა უნდა, იქ რამდენიმეს გამოვარჩევ ექიმსაც, ექთანსაც და სანიტარსაც, მაგრამ ამ რამდენიმეთი ვერ იქნება რაიონი. ექიმი, რიმელიც უპასუხისმგებლოა, არის კლინიკის მორიგე ექიმი, მოვა „სასწრაფო“ და იგივე ექიმი მოყვება მას, მიხვალ და იგივე ექიმი დაგხვდება ისევ კლინიკაში და გონზე არ არის, როგორ მოექცეს პაციენტს. თუ გაასწარი, ხომ კარგი, თუ არადა, ფატალურად დამთავრებული შედეგები […] ვერ იქნება რაიონი ამის ამარა“ _ წერს ეკა ალექსაია.
იგი ასევე მოუწოდებს მიხეილ სარჯველაძეს, რომ გადახედოს „ზოგიერთი ექიმის კვალიფიკაციას“: „გთხოვთ, გადახედეთ ჩვენთან მოქმედი „ავერსის კლინიკის“ ზოგიერთი ექიმის კვალიფიკაციას და იხსენით მოსახლეობა მათი უმსგავსო საქციელებიდან. ადამიანის სიცოცხლესა და ჯამრთელობაზეა საუბარი! ბოდიში მართლაც გულიან, საყვარელ ექიმებს, მაგრამ მიმოიხედეთ, გვერდით ვინ გიდგათ, მოაფხიზლეთ, რომ ექიმის თეთრ ხალათს რომ მოიცვამენ, მზად უნდა იყვნენ ამისთვის, მაგრამ დაბერდენ და არაფრით წინ არ წაწეულან და აწინ მაგათ რა გამოასწორებთ“.
ეკა ალექსაია მინისტრს თხოვს, ყურადღება მიაქციოს რეგიონულ საავადმყოფოს, რითაც კონკურენტული გარემო შეიქმნება ლანჩხუთში: „ჩვენს რაიონს აქვს ძირძველი რეგიონალური სავადმყოფო, ყურადღებიანი და მართლაც გულიანი პერსონალით შევსებული და იქნებ მიექცეს ყურადღება უფრო მეტად, რომ მოწესრიგდეს და პაციენტის მისაღებად მეტი ინფრასტრუქტურა შეიქმნას“ _ წერს ალექსაია.
„გურია თუდეი“ კომენტარისთვის „მედალფას“ ლანჩხუთის კლინიკას 17:18 საათზე დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მათი სამუშაო საათები დასრულდა და კომენტარს ვერ გააკეთებენ: „ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებთ, ჩვენი სამუშაო საათებიც დასრულდა და [თან] ჩვენ რა კომენტარი გავაკეთოთ, კომენტარი გააკეთოს იმან, ვინც ეს დაწერა და რატომ დაწერა. პირველად მესმის, დავინტერესდებით“ _ გვითხრა კლინიკის მენეჯერმა.
ჩვენ მას შევთავაზეთ, თუ ეკა ალექსაიას პოზიციის გაცნობის შემდეგ, პასუხის გაცემის სურვილი ექნებათ, მათ პოზიციას აუცილებლად გამოვაქვეყნებთ.


